მათი რეაქცია, ვინც "მაღალიციცოს" ფოკუსში მოხვდა და იუმორისტების შეფასებები ორიგინალურ იუმორისტულ ჟანრზე

მათი რეაქცია, ვინც "მაღალიციცოს" ფოკუსში მოხვდა და იუმორისტების შეფასებები ორიგინალურ იუმორისტულ ჟანრზე

"ფეისბუქზე" არაერთი იუმორისტული გვერდია შექმნილი. ბოლო დროს კი, უფრო სწორად, სამი კვირა იქნება, რაც მათ რიცხვს კიდევ ერთი - "მაღალიციცო" შეემატა. მის ავტორს, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია, იუმორის ორიგინალური სტილი აქვს. ძველ, რეტრო ფოტოებს თანამედროვე ადამიანებს, ან ფაქტებს, მოვლენებს უხამებს და მათ სხარტ წარწერებს უკეთებს. გვერდს საკმაოდ ბევრი მნახველი და გულშემატკივარი გაუჩნდა, არც მეტი, არც ნაკლები მისი გვერდი 28.274 ადამიანს აქვს მოწონებული, რაც არც ისე პატარა რიცხვია. "ფეისბუქმომხმარებლები" მისგან ყოველდღიურად ახალ-ახალ ნამუშევარს ელოდებიან, რათა მოიწონონ, იხალისონ და შემდგომ საკუთარ გვერდებზეც გააზიარო.

მე რამდენიმე იუმორისტსა და ცნობილ ადამიანს გავესაუბრე (ვინც მის "კლანჭებში" მოხვდა) და "მაღალიციცოს" გვერდის იუმორის ხარისხიც შევაფასეთ.

გოჩა თანდარაშვილი, იუმორისტი:

- "მაღალიციცოს" გვერდიდან რამდენიმე ფოტო მაქვს ნანახი. ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს, ესე იგი, უკვე კარგია... სტერეოტიპებზე ხუმრობს და ორიგინალური სტილი აქვს არჩეული.

რამდენიმე მეც მომეწონა და რამდენიმეს გამოცნობაც ვცადე, ანუ უკვე საინტერესოა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ "ფეისბუქზე" უკეთესი იუმორისტული გვერდები არ მინახავს, მაგრამ არც ეს არის ცუდი ნამდვილად.

- ცოტა ერთფეროვანიც ხომ არ არის?

- ერთი სტილია, რომელიც დიდხანს ვერ "გაქაჩავს", რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ მომწონებელი ჰყავს, ალბათ, ბოლომდე გამოწურავს. მერე იქნებ სხვა რამესაც მიაგნოს.

- შენიღბულია და არ ჩანს. ესეც ერთგვარი ფორმაა და საშუალება, რომ ხუმრობისას თავისუფალი იყოს. ვინ შეიძლება იყოს?

- მაგაზე არ მიფიქრია.

დინჯი, არჩილ ბუბუტეიშვილი, დიჯეი და "პალიტრა TV"-ს წამყვანი:

- "მაღალციცოზე" სხვებივით არ ვგიჟდები, თუმცა ორიგინალურია, მაგრამ ერთფეროვანია უკვე. თავიდან ორიგინალური მომეჩვენა, მაგრამ უკვე მომბეზრდა...

- ხალხს მოსწონს...

- კი, ცოტა ხანს იხალისებენ. ზოგს მალე ბეზრდება, ზოგს - გვიან. ეგრე "კომედი შოუზეც" ხალისობენ და "იუმორინაზეც"...

- რა არის იუმორისტისთვის საჭირო, რომ ხალხს არ მობეზრდეს?

- აზრიანი იუმორი, უფრო სატირა, ვიდრე კლოუნადა. თუმცა აზრიან იუმორს გამგები სჭირდება, კლოუნადა - უფრო მასობრივია.

- როგორ გგონია, შეცვლის სტილს?

- წარმოდგენა არ მაქვს... დროთა განმავლობაში ალბათ, კი. ან ახალს მოიფიქრებს, ეტყობა, ნიჭიერია და სატირასთან "მეგობრობს", თუმცა ახლა სანამ "ვალნაზეა", არა...

წარმატებას ვუსურვებ. იმედია, არ დაიშტამპება და თვითგამოხატვისთვის ახალ ფორმებს იპოვის.

ნიკა ქავთარაძე, იუმორისტი:

- "მაღალიციცო" მომწონს, სასაცილო ფოტოები და კომენტარები აქვს. ხალხსაც მოსწონს. აქ, სოციალურ მედიაში მთავარია იგრძნო წამი, რომ რაღაც გააკეთო. ჰოდა, მანაც (ვინც არის), ეს შეძლო. ზოგს შეიძლება ძალიან მოსწონდეს, ზოგს - არა. ფაქტია, რომ აქვს გამოხმაურება.

როცა ვინმე რაღაცას იწყებს, მერე ადამიანები ამბობენ, რომ ამას მეც ხომ გავაკეთებდი - ადვილია. თუმცა მაგარი ისაა, ვინც პირველი დაიწყებს.

რაც შეეხება ხანგძლივი იქნება თუ არა ამ გვერდის არსებობა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდხანს მიუდგება ამ პროექტის პატრონი ამას და რამდენად სერიოზულად და გულით. და თუნდაც მალე დასრულდეს - მგონი, მაინც გამოუვიდა რაღაც განსხვავებულისა და მხიარულის გაკეთება.

- მისგან შენზე ხუმრობას როგორ შეხვდები?

- საერთოდ, ხუმრობას ცუდად რატომ უნდა შევხვდე?

- ეჭვი არ გაქვს, ვინ დგას "მაღალიციცოს" სახელის მიღმა?

- საერთოდ არ მინდა, ვიცოდე, ვინ არის - ასე სჯობს. პროდუქტი მოვიხმაროთ.

ვახო ბიჭიკაშვილი, იუმორისტი:

- ახლახან დავათვალიერე მისი გვერდი, რა ვიცი, რა გითხრა, მგონი, ფოტოები უფრო საინტერესოა, ვიდრე მასზე გაკეთებული წარწერები. თუმცა ზოგიერთ ფოტოს კი ძალიან მოუხდა დასათაურება.

იუმორი არ ვიცი მე, მაგრამ ვისაც ფოტოები უყვარს, სახალისო და საინტერესო გვერდია. მაინც პოზიტიურად მივესალმები "მაღალიციცოს" შემქმნელს...

- ერთ დღეს "შენი" ფოტოც რომ დადოს?

- დადოს. მე მისი გვერდი მოვიწონე და თუ სახალისო იქნება, რა თქმა უნდა, მეც დავდებ პატივს და ჩემს პირად გვერდზეც გავაზიარებ...

ახლა იმ ადამიანებს მოვუსმინოთ, ვისაც "მაღალციცო" საკუთარ გვერდზე ენაკვიმატურად გაეხუმრა.

ჯიჯი რეჯინი, ფოტოხელოვანი:

- გადავხედე "მაღალიციცოს" გვერდს და მგონი, საწყენი არაფერია, მშვენივრად ხუმრობს, ვინც არის. ფაქტია, რომ ერთი განათლებული, მომზადებული ადამიანია, რაც დასაფასებელია. თან, თუ საკუთარ მონაცემებს ასე იყენებს, ესეც კარგია, რადგანაც ბევრისგან განსხვავებით, სახლში არ ზის და საზოგადოებას, პიროვნებებს, მოსახლეობას ინტერნეტით არ ლანძღავს... ხალხს თავისი ხუმრობით სიამოვნებას ანიჭებს. თან, არც ისე დიდ დროში, სულ რაღაც სამ კვირაში ასეთი მოწონება დაიმსახურა, ამდენი მნახველი ჰყავს, ასეთი რეიტინგი დააგროვა. როგორ შეიძლება არ ვცემდე პატივს?!

ინტელექტი და იუმორი შესანიშნავი აქვს, თუ ბიზნესმენის გონებაც აღმოაჩნდა, ამ გვერდით დიდ ფულსაც იშოვის.

- მოკლედ, არ გწყენია, რომ გაგეხუმრა?

- როგორ შეიძლება გეწყინოს მისგან რამე, ამდენ ხალხს ართობს და ასიამოვნებას. აბსოლუტურად პოზიტიური ადამიანია. 

მე ასე გამეხუმრა, - ჩემს ვითომ ფოტოს მიაწერა: "ჯიჯი რეჯინი ქალაქ პენზის ფოტოგრაფიის ფესტივალზე, "ზალატაია სმაროდინა", 1881 წელი". ბევრი ვიცინე.

დათო ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი:

- ეგ "მაღალიციცო" მეც გამეხუმრა. ვითომ ჩემი ფოტო დადო და დააწერა: "დათო ოქიტაშვილი წლისა და სამი თვის. ბორჯომი. დასახლება ფაფა". მაგრად ვიხალისე. ხომ იცი, არ ვარ გაუგებარი და ქაჯი... მისი იუმორი მომეწონა.

- ეჭვი ხომ არ გაქვს, ვინ შეიძლება იყოს?

- არ ვიცი, არა მგონია. უნდა ვიცნობდე?

- არ არის სავალდებულო, იცნობდე, უბრალოდ, მე მაქვს ეჭვი, რომ ცნობილი ადამიანია, მაგრამ თავს ნიღბავს იმისთვის, რომ უკეთ იხუმროს.

- შეიძლება, გეთანხმები.

- კიდევ ვისი ფოტო მოგეწონა?

- სხვები არ მინახავს. ჩემი ფოტო მეგობარმა ნახა და ჩამიგდო, რაზეც ბევრი ვიცინე.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ნახეთ სახალისო ფოტოკოლაჟი "მაღალიციცოსგან"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია