რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს ცოლ-ქმრის უფლებებზე, ქონების გაყოფაზე და რის მიხედვით წესდება ალიმენტი

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს ცოლ-ქმრის უფლებებზე, ქონების გაყოფაზე და რის მიხედვით წესდება ალიმენტი

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამჯერად გვესაუბრება ისეთ საჭირბოროტო თემებზე, როგორიცაა განქორწინების იურიდიული საკითხები და ალიმენტის დაწესება.

- პროცედურულად, რის საფუძველზე ხდება განქორწინება? რა ეტაპებს მოიცავს ეს პროცესი?

- თუ ორივე მეუღლე თანახმაა განქორწინებაზე, მათ ერთობლივად, განცხადებით უნდა მიმართონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს და განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში სამოქალაქო რეესტრი იღებს გადაწყვეტილებას. ხოლო თუ მეუღლეებს შორის არსებობს პირადი ან ქონებრივი დავა, ამ შემთხვევაში მათ უნდა მიმართონ სასამართლოს და განქორწინება ხდება სასამართლო წესით. სასამართლო ვალდებულია მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად, რომლის მაქსიმალური ვადა 6 თვეა, მაგრამ თუ სასამართლო მაინც დაადგენს, რომ მათი თანაცხოვრება შეუძლებელია, იღებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ.

- თუ ერთი მხარე არ თანხმდება განქორწინებას, მაშინ როგორ წყდება საკითხი? და დაახლოებით რა ვადებში სრულდება პროცესი?

- განქორწინებისთვის ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია, რადგან მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინება. თუ ერთი მხარე განქორწინების წინააღმდეგია, მაშინ გადაწყვეტილების მიღების გზა მხოლოდ სასამართლოა. საქმეს განიხილავს მოსამართლე და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას. აქ რაზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება არის ის, რომ ქმარს უფლება არა აქვს მოითხოვოს განქორწინება მაშინ, როდესაც ცოლი ორსულადაა ან ბავშვის დაბადებიდან ერთი წელი არ გასულა. რაც შეეხება პროცესის ვადებს, ზოგადად ამისთვის 3 თვეა, თუმცა გააჩნია დავას, ასევე სასამართლოს დროის უქონლობის გამო, ქართულ სინამდვილეში, პროცესის დასრულება, როგორც წესი, იწელება ხოლმე.

- ქონების გადანაწილების თემა ყოველთვის იწვევს ინტერესს....

- მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით სასამართლო ვალდებულია, განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. იმისათვის, რომ განსაზღვროთ, თუ რა ქონება შეადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ერთი მარტივი პრინციპი უნდა დაიმახსოვროთ: მეუღლეთა თანასაკუთრება (ანუ საერთო საკუთრება) არის ის ქონება, რაც მეუღლეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს. ქორწინების პერიოდში მეუღლეებს თანასაკუთრებაზე თანაბარი უფლებები აქვთ, განქორწინების შემთხვევაში კი იგი მათ შორის თანაბრად ნაწილდება (თუმცა, სხვაგვარი შეთანხმებაც შესაძლებელია). ეს წესი ძალაშია იმის მიუხედავად, კონკრეტული ნივთი თუ სხვა რამ ქმარმა შეიძინა თუ ცოლმა, ერთ-ერთი მათგანი მუშაობს თუ ორივე და ა.შ. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი – თანასაკუთრებაში არ შედის მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით ან ჩუქების შედეგად მიღებული ქონება. ქორწინებამდე შეძენილი ქონება ქორწინების პერიოდში და მის შემდეგაც კერძო საკუთრებაა და მასზე შემძენის მეუღლეს არავითარი უფლება არ აქვს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

- განქორწინებისას რის მიხედვით წყდება შვილების საკითხი? მაგალითად ის, თუ ვისთან იცხოვრებს ბავშვი...

- მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები განქორწინებული არიან, მათ თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ. როცა მეუღლეების განქორწინების შემდეგ ვერ თანხმდებიან შვილების საცხოვრებელ ადგილზე, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში საქმეში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩაებას მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო, რომელიც ბავშვს დაუნიშნავს წარმომადგენელს, ვინც საქმის სასამართლოში განხილვის დროს დაიცავს ბავშვის ინტერესებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია