"თუ ასე გააგრძელებთ, ვერეს გაცოფებაზე არანაკლებ კატასტროფას მიიღებთ"

"თუ ასე გააგრძელებთ, ვერეს გაცოფებაზე არანაკლებ კატასტროფას მიიღებთ"

თბილისში კიდევ ერთხელ დანაშაულებრივად შეამცირეს გამწვანებული არეალი - ზალდასტანიშვილის ქუჩის 19 ნომერში 20-მდე საღი ფიჭვის ხე მოიჭრა. "ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა მკაცრად დაისჯება. ეს იქნება ჩვენი შეუვალი და უცვლელი პოზიცია", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ისევე, როგორც შარშან თამარაშვილის ქუჩაზე ხეების განზრახ დაზიანების ფაქტის დაფიქსირების შემდეგ.

ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეები ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის თანხმობით მოჭრეს. თუმცა, მერიის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ მხოლოდ ათამდე ხის მოჭრა შეიძლება. როგორც მერიაში აცხადებენ, თანხმობა მოქალაქის განცხადების საფუძველზე გაიცა და მხოლოდ გამხმარი ხეები უნდა მოეჭრათ, ისიც მერიის წარმომადგენლების თანდასწრებით. თუმცა, ეს ვანდალიზმი ოფიციალური ზედამხედველების გარეშე მოხდა და ხმელი ხეების ნაცვლად 20-მდე ჯანსაღი ხე მოჭრეს. ასე მოასუფთავეს სამშენებლო მოედანი, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის აგება აქვთ განზრახული.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი უარყოფს ბრალდებას, რომ სავარაუდოდ დეველოპერებთან არის შეკრული. გიორგობიანი აბსურდულს უწოდებს კიდევ ერთ ბრალდებას, რომ ზალდასტანიშვილის ქუჩაზე "ნაციონალ" გივი თარგამაძის ძმას მოუმზადა სამშენებლო მოედანი. "ვინც ამ ბრალდებებს მიყენებს, როგორც ჩანს, არაფერი იცის ჩემი და თარგამაძის "სიამტკბილობის" შესახებ", - ამბობს ბიძინა გიორგობიანი:

- მოქალაქე ალექსანდრე ალავიძემ გვთხოვა ავარიული ხეების მოჭრაზე თანხმობა. სამწუხაროდ, თანხმობის მიღების შემდეგ მოქალაქემ 16 ჯანმრთელი ხე მოჭრა. ახლა ჩემზე ამბობენ, რომ თურმე მე ქრთამი ავიღე და ამ კაცს ვუთხარი, გამხმარ ხეებს ჯანსაღიც მიაყოლე-მეთქი.

- ამბობენ, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე თარგამაძის ძმა აშენებს სახლსო?

- მე არქიტექტურის სამსახურში დოკუმენტები გამოვითხოვე და დავადგინე, რომ ტერიტორია, სადაც ხეები გაიჩეხა, ეკუთვნის შპს "სოლოს" და მისი დამფუძნებლები არიან ვინმე წაბრია და ალავიძე. ვინ რას აპირებს ამ ტერიტორიაზე, ეს ჩემთვის უცნობია.

- ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თქვენ მიერ გაცემული თანხმობის დოკუმენტით ბოროტად სარგებლობენ. შეგახსენებთ,­ თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერშიც თქვენი თანხმობის საფუძველზე გაჩეხეს ხეები და შესაბამისად, დეველოპერებთან თქვენი კავშირის შესახებ ეჭვები მაშინ გაჩნდა.

- დასანანია, რომ ვიდრე ხეებს გაჩეხდნენ, არავინ დაგვიკავშირდა. თურმე ამბობენ, მერიის ცხელ ხაზზე ვრეკავდით და არავინ გვპასუხობდაო. გადავამოწმეთ, ცხელ ხაზზე ზარი არ შემოსულა.

- ზალდასტანიშვილის ქუჩაზე აქვთ მშენებლობის ნებართვა?

- განცხადება შეუტანიათ არქიტექტურის სამსახურში. ერთხელ უარი მიიღეს. მეორედ ხარვეზების გამო შუალედური პასუხი მიუღიათ. ერთ-ერთი ხარვეზი სწორედ ამ ხეების არსებობა იყო და ამ ფორმით "გამოასწორეს". ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული და, ალბათ, პასუხს მიიღებენ შსს-სგან. კანონით, თუ ხეების გაჩეხით მიყენებული ზარალი აღემატება 1 000 ლარს, საქმე გადაეცემა შსს-ს.

- ისევ თამარაშვილის ქუჩას დავუბრუნდები. როგორ ფიქრობთ, შეცდომა არ დაუშვით, როდესაც დეველოპერს საკრებულოში განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვამდე მიეცით ხეების მოჭრის ნებართვა?

- მშენებლობაზე თანხმობა ჯერ კიდევ არა აქვთ. თუ საკრებულო განაშენიანების რეგულირების გეგმას არ განიხილავდა, დეველოპერებს შეეძლოთ სასამართლოს ძალით მოეპოვებინათ მშენებლობის ნებართვა არა ჩვენ მიერ შეთავაზებულ სივრცეში, სადაც მეზობელი კორპუსის მობინადრეების უფლებები არ ირღვეოდა, არამედ ცალ-ცალკე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია