რა ჯდება ხელოვნური განაყოფიერება საქართველოში და საზღვარგარეთ და უსაფრთხოა თუ არა ის ჯანმრთელობისთვის

რა ჯდება ხელოვნური განაყოფიერება საქართველოში და საზღვარგარეთ და უსაფრთხოა თუ არა ის ჯანმრთელობისთვის

უშვილობის პრობლემა წყვილებს მთელ მსოფლიოში აწუხებთ. 2013 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ პაციენტების 93%-ში უშვილობას ფსიქიკურ და სოციალურ დისკომფორტამდე მივყავართ. ის ამცირებს პროფესიულ აქტივობას და განქორწინებათა რიცხვს ზრდის. სამედიცინო სფეროში არსებული ინოვაციების მეშვეობით ამ პრობლემის გადაჭრაც შესაძლებელია, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. "ნიუ ლაიფ ჯორჯიას" დამფუძნებლის, მარიამ კუკუნაშვილის განცხადებით, ინვიტრო განაყოფიერება საქართველოშიც ხარისხიანად ტარდება. რა თანხებთან არის დაკავშირებული და რა პროცედურებია საჭირო ხელოვნური განაყოფიერებისთვის, ჩვენს მკითხველსაც უამბობს.

- სამწუხაროდ, უშვილობის პრობლემის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანოზაციის მონაცემებით, ქორწინებაში და რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ყოველ მეოთხე წყვილს აღენიშნება უშვილობის პრობლემა. მიზეზი სხვადასხვაა და განპირობებულია როგორც ქალის, ისე მამაკაცის ფაქტორებით. მათ შორისაა: ენდომეტრიოზი, ჰორმონული დარღვევები, აზოოსპერმია და ა.შ. ასევე არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი წყვილი მიმართვას ინვიტრო განაყოფიერებას. თითოეული კლინიკა წელიწადში 200 დან 1000-1500-მდე ინვიტრო პროცედურას ატარებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში 8 კლინიკაა ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში - 500, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ბევრ წყვილს ესაჭიროება ამ მეთოდით დახმარება.

- რა პროცედურები არის საჭირო ხელოვნური განაყოფიერებისთვის?

- ხელოვნური განაყოფიერების ჩასატარებლდ წყვილები მოგვმართავენ, ხდება გამოკვლევების ჩატარება და იგეგმება ინვიტროს თარიღი. რაიმე სხვა ოფიციალური პროცედურები საჭირო არ არის.

- როდის მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას?

- ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ წყვილები მაშინ, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდება. უცხოეთში თუ წყვილს 1 წლიანი მკურნალობის შემდეგ შედეგი არ აქვს, აგზავნიან ინვიტრო პროცედურაზე. საქართველოში კი, ოღონდ ექიმმმა პაციენტი არ დაკარგოს 10 წელი შეიძლება უმკურნალოს უშედეგოდ და წლები დააკარგინოს ფუჭ იმედებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ხარჯებზე, ხელოვნური განაყოფიერება მედიკამენტების თანხის გათვალისწინებით ჯდება 5000 ლარი, რაც საკმაოდ ძვირია ქართველებისთვის. უცხოეთში ინვიტრო განაყოფიერება 3500-5000 დოლარი ჯდება. აშშ-ში, კანადა-ში და ავსტრალიაში 15 000 დოლარი.

- რომელი უფრო ხშირია თქვენს პრაქტიკაში, ქალისა თუ კაცის უშვილობის შემთხვევები?

- უფრო ხშირია ჩვენს პრაქტიკაში ქალის უშვილობის შემთხვევები.

- ხელოვნური განაყოფიერების რა მეთოდები არსებობს?

- ხელოვნური განაყოფიერების მეთოდებია ivf in vitro fertilization da ICSI ანუ ინვიტრო იქს მეთოდით. ინვიტრო განაყოფიერების კანონიერი უფლება მხოლოდ ოჯახურ წყვილს აქვს საქართველოში. თუ ქალბატონი მარტოხელაა, მას შეუძლია სპერმის დონორის აყვანა და ინსემინაციის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში, არიან როგორც ქართველი სპერმის დონორები, ასევე უცხოური სპერმის ბანკები და ინდივიდუალურად არჩევენ სპერმის დონორს.

- სპერმის დონორს რა თანხას უხდიან ანაზღაურების სახით?

- სპერმის დონორის ანაზღაურებაა 200 ლარი, ხოლო სუროგატს 15 000 დოლარს.

- რა უპირატესობა აქვს ინვიტრო განაყოფიერების საზღვარგარეთ ჩატარებას?

- ვერ ვიტყვი, რომ უცხოეთში ჯობია ინვიტროს ჩატარება. შესანიშნავი შედეგებია საქართველოშიც, 2-3 ძალიან წარმატებული ინვიტრო კლინიკა ნამდვილად გვაქვს საქართველოში.

- რომელი ასაკია ყველაზე კარგი ინვიტრო განაყოფიერებისთვის?

- ზოგადად ცნობილია, რომ ქალის რეპროდუქციული სისტემა 35 წლის ასაკიდან რეგრესს განიცდის. შესაბამისად, თუ ქალს უნდა რომ გენეტიკური შვილის ყოლის შანსი არ დაკარგოს, უმჯობესია პრობლემების არსებობის შემთხვევაში დროულად, 35-38 წლამდე მიმართოს ინვიტროს. 40 წლიდან უკვე ძალიან დიდი ალბათობაა კვერცხუჯრედის დონორის საჭიროების. ევროპას და აშშ-ს რაც შეეხება, იქ სხვა პრობლემაა, ოჯახები 40 წლის შემდეგ იქმნება და ინვიტროს საჭიროებაც ამიტომ დგება და არა იმის გამო, რომ თავის დროზე მათ უშვილობის პრობლემა ჰქონდათ. ამიტომ უკვე ხშირადაა ისეთი შემთხვევები, როდესაც ქალები გათხოვებამდე კვერცხუჯრედებს ყინავენ, რათა დაგვიანებით ოჯახის შექმნის შემთხევაში ჰქონდეთ გენეტიკური შვილის ყოლის შანსი. მამაკაცებს რაც შეეხება, მათი გენეტიკური მასალა შვილის ყოლისთვის ვარგისიანია 60 და ზოგჯერ უფრო მეტ ასაკამდე.

- ინვიტრო პროცედურები ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს თუ არა გავლენას?

- ინვიტრო პროცედურის დროს ხდება ქალის საკვერცხეების სტიმულაცია საკმაოდ ძლიერი ჰორმონული პრეპარატებით, რომლებსაც როგორც ყველა სხვა მედიკამენტს გვერდითი მოვლენები ახასიათებს. შესაბამისად, ყოველ ცდაზე ამ პრეპარატების მიღება დაუსრულებლად არ არის გამართლებული. თუ ქალს განმეორებითი 5-7 მცდელობის მიუხედავად, წარუმატებელი შედეგები აქვს, უმჯობესია, დონორი გამოიყენოს. თუმცა ისეთი 40 წელს გადაცილებული პაციენტების შესახებაც მსმენია, რომელთაც 22 ან უფრო მეტჯერ ჩაუტარებია ინვიტრო და მხოლოდ ამის შემდეგ მიუმართავს დონორის გამოყენებისთვის. მე პირადად ეს არ მესმის, რადგან მიმაჩნია, რომ მარტო ბავშვის ყოლა არაა მთავარი - ბავშვს ჯანმრთელი დედაც უნდა და დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებაშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge