დანით დაჭრის, იარაღით ფეხების დახვრეტისა და სიკვდილის ფაქტები - კრიმინოგენული ვითარება აჭარის კურორტულ ზონაში

დანით დაჭრის, იარაღით ფეხების დახვრეტისა და სიკვდილის ფაქტები - კრიმინოგენული ვითარება აჭარის კურორტულ ზონაში

რამდენიმე დღის წინ ქობულეთის გამგეობის მიმდებარედ, სანაპიროზე გადაღებულმა ჩხუბის კადრებმა ინტერნეტმომხმარებელი შოკში ჩააგდო. ჩხუბის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა, ოთხი კაცი პოლიციამ დააპატიმრა. საინტერესოა, რამდენად ხშირად ჩხუბობენ ქობულეთში და რა შედეგებამდე მიდის დაპირისპირებები. AMBEBI.GE ქობულეთის სანაპიროზე კერძო ობიექტების მეპატრონეებს, დაცვის პოლიციის თანამშრომლებსა და ტურისტებს გაესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ქობულეთში ჩხუბი არავის უკვირს და მუშტი-კრივი თითქმის ყოველ ღამე იმართება. ქობულეთის საავადმყოფოს თანამშრომლის ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი რუსთავიდან, დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირისპირება ძირითადად, სანაპიროზე არსებული კლუბებიდან გამოსულ მამაკაცებს შორის ხდება. ქობულეთლები უკვე ნახევრადხუმრობით ამბობენ, ქობულეთში ჩხუბი რომ არ მოხდეს, ეგ უფრო გასაკვირი იქნებაო.

AMBEBI.GE ადგილობრივების კომენტარებს გთავაზობთ:

"დღეს დილით ქართველებმა დაცხეს ერთმანეთს. დრო არ მქონდა და დეტალები არ გამირკვევია. რუსები და უკრაინელები, სომხები და აზერბაიჯანელები სულ ჩხუბობენ. "მარშრუტკაში" იჩხუბეს უკრაინელებმა და რუსებმა. "სლავა უკრაინე" დაიძახა უკრაინელმა და რუსმა დააყარა გინება. იქამდე მივიდა საქმე, რომ მძღოლმა გააჩერა მანქანა და უთხრა - ჩადით მოჩხუბრებიო. ხალხიც ჩაერია და ბოლოს დაწყნარდნენ. აზერბაიჯანელებს და სომხებს სულ დაძაბული ურთიერთობა აქვთ, ხშირად უჩხუბიათ. სომხებს და ქართველებს შორისაც იყო ჩხუბი. ბოლოს 100 კაციანი დაპირისპირება იყო გამგეობასთან, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, პოლიციაც ჩაერია საქმეში და რამდენიმე კაცი დააკავა", - აცხადებს ერთ-ერთი ჯიხურის გამყიდველი.

"ძალიან ძნელია აქანე ჩხუბი რომ არ მოხდეს. მთვრალი კაცი მოდის, კლუბებია და რომ შეზარხოშდებიან, არაფერი ახსოვთ. კლუბიდან გამოსულებს შორის დაჭრის ფაქტი არ გამიგია. შესვლისას შემოწმება-ჩხრეკაა და იარაღით ვერ იქნებიან, მაგრამ აგინებენ ერთმანეთს, მერე იწყება მუშტი-კრივი. ხანდახან გოგოებიც ჩანან ჩხუბის დროს", - აცხადებს ქობულეთის პარკის მიმდებარედ არსებული ჯიხურის მფლობელი.

"ჩხუბი ახალგაზრდების გატაცებაა. ასაკი აქვთ ასეთი, გაიზრდებიან და დამშვიდდებიან. ამას წინ ყური მოვკარი, რომ სერიოზული ჩხუბი იყო, რა დროსაც ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. საავადმყოფოში გარდაიცვალაო, ასეთ სავალალო შედეგამდე არ უნდა მივიდეს, თორემ ვის არ უჩხუბია", - აღნიშნა ადგილობრივმა.

"აქ ბევრი კლუბია, ახალგაზრდები სვამენ და მერე სამეგობრო ერთმანეთში ჩხუბობს. რომ დალევენ, არაფერი აღარ ახსოვთ. ყოველ საღამოს არის პარკის საიხლოვეს მდებარე კლუბების წინ ჩხუბი, ღამე უნდა მოხვიდე 2-ის მერე და ნახავ ყველაფერს, გამიგია, რომ კლუბიდან გამოსული ახალგაზრდების ორი ჯგუფი გოგოების გამო ჩხუბობდა", - აცხადებს ერთ-ერთი ობიექტში მომუშავე.

"პარკში ყოველ დღე ჩხუბობენ. მუშტი-კრივია. დათვრებიან და არაფერი ახსოვთ, ვინ ვისი ძმაკაცია და ასე შემდეგ. ერთი კვირის წინ სროლები იყო, მეზობელს ფოიერვერკი ეგონა, მაგრამ ფანჯრიდან რომ გადმოიხედა, სამი კაცი ნახა დაჭრილი. თქვეს, ფეხებში იყვნენ დაჭრილები და პოლიციის მოსვლამდე ვიღაცებმა წაიყვანესო, - აღნიშნა ადგილობრივმა.

"ჩხუბების მეტი რა ხდება, ყველგან ჩხუბია, მაგრამ პარკს და სანაპიროს ვაკონტროლებთ და პოლიციაც დროულად მოდის. კარგი საყურებელია ცოცხალი ჩხუბი, უკვე ძალიან ბევრი მაქვს ნანახი და როცა ვხედავ კლუბიდან გამოსულებს, ზუსტად ვიცი, იჩხუბებენ თუ მშვიდობიანად დაიშლებიან", - აღნიშნა დაცვის პოლიციელმა.

ქობულეთის საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩხუბის შედეგად დაზიანებული ბიჭები ხშირად თავისი ფეხით მიდიან საავადმყოფოში და სხეულზე არსებულ დაზიანებებს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან:

"იმიზეზებენ, რომ თითქოს ფეხი წამოკრეს და დაეცნენ, ერთმა თქვა, შენობიდან ქარმა რაღაც გადმოაგდო და თავზე დამეცაო. მსგავს ისტორიებს ხშირად იგონებენ, მაგრამ ჩვენ უკვე ვხვდებით, სინამდვილეში რა მოხდა. პაციენტებს არ სურთ ისტორიაში ჩხუბის დაფიქსირება, მერე პოლიცია ერევა საქმეში და იწყება გამოძიება. თუ უკვე ცივ იარაღთან ან ცეცხლსასროლ იარაღთან გვაქვს საქმე, უკვე აზრიც არ აქვს დამალვას. ბოლო პერიოდში, ჩემი მორიგეობის დროს, შემოიყვანეს დანით გულმკერდის არეში დაჭრილი აზერბაიჯანელი ბიჭი, უფრო სწორად მარნეულელი. ერთი ქართველი ბიჭი, 29 წლის რუსთავიდან კი გარდაიცვალა. დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა ორივეს", - აცხადებს საავადმყოფოს თანამშრომელი.

გაუარესდა თუ არა აჭარაში კრიმინოგენული ვითარება და რამდენი სამართალდამცავი ზრუნავს ტურისტებისა და ადგილობრივების უსაფრთხოებაზე, ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

"აჭარის რეგიონში კრიმინოგენული სიტუაცია არ გაუარესებულა ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით. შს სამინისტრომ, როგორც ყოველთვის, აღნიშნულ რეგიონში წელსაც მიავლინა კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის 300-მდე თანამშრომელი საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. ისინი რეგიონში სეზონის დასრულებამდე დარჩებიან", - განუცხადეს AMBEBI.GE-ს უწყებაში.

ამასთან, AMBEBI.GE რეგიონში კრიმინალის სტატისტიკური მონაცემებით დაინტერესდა - რამდენი დანაშაული დაფიქსირდა აჭარის კურორტულ ზონაში მიმდინარე წელს და როგორი ვითარებაა წინა წლებთან შედარებით. ამ მონაცემების მოთხოვნით რედაქციამ უწყებას უკვე მიმართა და პასუხს რამდენიმე დღეში ველით.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია