"ინტერნეტის ტარიფები გაორმაგდება! - სააკაშვილთან დაახლოებული "ზარალა", ძმები ყარამანაშვილები და მაქაცარია ბიზნესს აერთიანებენ"

"ინტერნეტის ტარიფები გაორმაგდება! - სააკაშვილთან დაახლოებული "ზარალა", ძმები ყარამანაშვილები და მაქაცარია ბიზნესს აერთიანებენ"

"სილქნეტმა" და "კავკასუს ონლაინმა" გაერთიანება გადაწყვიტეს. ამ მოთხოვნით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართეს კომპანიებმა, რომლებიც ინტერნეტმომსახურების ბაზრის დაახლოებით 80%-ს ფლობენ. შესაბამისად, კომისიამ 3 თვეში უნდა შეისწავლოს, მათი შერწყმით ბაზრის მონოპოლიზება ხომ არ მოხდება და მერე მიიღოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ბაზრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რას გადაწყვეტს კომისია და როგორ აისახება ორი მსხვილი ფირმის შერწყმა ინტერნეტის ტარიფზე, რომელიც დაბალი დღესაც არ არის. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა მიზეზები, რის გამოც ორმა მომგებიანმა და, ფაქტობრივად, უკონკურენტო კომპანიამ რატომღაც გაერთიანება გადაწყვიტა.

"კავკასუს ონლაინში" განმარტავენ, რომ კორპორაციები მთელ მსოფლიოში ერთიანდებიან და მათაც გადაწყვიტეს, ამგვარი შესაძლებლობა მოსინჯონ. კომპანიაში აცხადებენ, რომ უმჯობესია არსებობდეს ერთი მსხვილი კომპანია დიდი რესურსებით, ვიდრე ორი საშუალო ან მცირე მოთამაშე და ამით მომხმარებელი უკეთეს მომსახურებას მიიღებს. "სილქნეტში" კი ამბობენ, რომ საქართველოს ბაზარი პატარაა, კონკურენცია კი მაღალია, რაც კომპანიების განვითარებას ზღუდავს და იმედოვნებენ, რომ გაერთიანების შემდეგ მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

საინტერესოა, რა კონკურენციაზე საუბრობენ კომპანიები, როცა ინტერნეტმომსახურების სფეროში მათ კონკურენციას, ფაქტობრივად, ვერავინ უწევთ.

წლევანდელი ივნისის მონაცემებით, "სილქნეტი" ინტერნეტს 232 542 აბონენტს აწვდის, "კავკასუსი" კი 156 458-ს. მათ გარდა, ბაზარზე მცირე სეგმენტები რჩება: "ახალი ქსელები" 43 026 აბონენტით, CGC-ი­ 25 648 აბო­ნენტით და "ახტელი" 16 414­ აბონენტით.

ამდენად, შერწყმის მიზეზად კონ­კურენციის დასახელება ნაკლებად სარწმუნოდ ჟღერს. ინტერნეტმომსახურების გარდა, "სილქნეტი" და "კავკასუსი" მაუწყებლობის ტრანზიტსაც ახორციელებენ და ამ ბაზარზეც არიან ყველაზე მსხვილ მოთამაშეთა ხუთეულში. "კავკასუსისგან" განსხვავებით, "სილქნეტს" ფიქსირებული (სადენიანი) სატელეფონო აბონენტებიც ჰყავს.

სხვათა შორის, "სილქნეტმა" ცოტა ხნის წინ "მაგთიკომისგან" შეიძინა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებები და აპარატურა, რითაც 10 ათას სააბონენტო ნომერს ემსახურება (ინდექსით 244XXXX). შემდეგ "კავკასუს ონლაინმა" და "მაგთიკომმა" მიმართეს კომუნიკაციების კომისიას, რომ "კავკასუსს" სურს, "მაგთის" გადასცეს ინტერნეტის საცალო მომსახურების სერვისი. ჩვენი ინფორმაციით, "მაგთის" იურისტები უკვე სწავლობენ "კავკასუსის" ფინანსურ ვალდებულებას, რომელიც კომპანიას "თიბისი ბანკის" მიმართ აქვს; საუბარია დაახლოებით 100-140 მილიონ დოლარზე. სხვათა შორის, "კავკასუსის" გასხვისების ერთ-ერთ მიზეზად კომპანიის ფინანსური პრობლემები სახელდებოდა, თუმცა ექსპერტებიცა და "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მეპატრონეც სრულიად განსხვავებულ მიზეზებს­ ასახელებენ.

ზურაბ კუკულაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - ფინანსურ პრობლემებზე კომპანიების საუბარი ვერ იქნება დასაბუთებული, რადგან ბოლო წლებში ინტერნეტ და ტელეკომუნიკაციების ბაზარზე ვითარება მხოლოდ მათ სასარგებლოდ იცვლება. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ბაზრის ორივე ლიდერმა კომპანიამ მომსახურებაზე ფასები გაზარდა - "კავკასუს ონლაინმა"" - 5-7 ლარით, "სილქნეტმა" კი 6-10 ლარით. მიზეზად "კავკასუსმა" საერთაშორისო ბაზარზე არსებული და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ამაში რა იგულისხმებოდა, არ განუმარტავს.­ თუ კომპანია ლარის კურსის ცვლილებაზე მიანიშნებდა, პროვაიდერები ინტერნეტს, ძირითადად, ევროში ყიდულობენ, ხოლო ლარი ევროს მიმართ ისე არ გაუფასურებულა, როგორც ამერიკული დოლარის მიმართ.

მარეგულირებლისთვის კომპანიების მიწოდებული ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, რომ 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, ხარჯები საგრძნობლად შეუმცირდათ.

"კავკასუს ონლაინს" - 9,42 მილიონი ლარიდან 3,693 მილიონამდე; "სილქნეტს" კი, მართალია, ხარჯი 2,482 მილიონი ლარიდან 4,539 მილიონამდე გაეზარდა, მაგრამ კომპანიამ შესყიდვის მოცულობა თითქმის 300%-ით გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ 1 შესყიდულ ერთეულზე "კავკასუსს" ხარჯი დაახლოებით 260%-ით შეუმცირდა, ხოლო "სილქნეტს" - 110-120%-ით.

შარშან კი "სილქნეტის" შემოსავალმა 61,66 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო "კავკასუს ონლაინისა" - 56,5 მილიონი და ამ ფონზე კომპანიებმა როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის საცალო ფასები გაზარდეს. რა ფინანსურ პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი, გაუგებარია.

საერთო საფასო პოლიტიკას ეს კომპანიები გაერთიანების გარეშეც წარმართავდნენ. მათი სატარიფო პოლიტიკა არანაირ საბაზრო ლოგიკაში არ ჯდება - ვინაიდან ინტერნეტზე საერთაშორისო ფასები შემცირებულია, ჯანსაღი კონკურენციის შემთხვევაში, ფასები საცალო ქსელშიც უნდა შემცირებულიყო. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან საკმაოდ მაღალია ინტერნეტმომსახურების ტარიფი. 100 მბ/წმ-ზე "სილქნეტისა" და "კავკასუსის" ტარიფი 100 ლარია. იგივე მოცულობა უკრაინაში დაახლოებით 15 ლარის ეკვივალენტი ღირს, ლიტვაში - 24 ლარის, ლიტვიაში - 35 ლარის, ხოლო ყაზახეთში დაახლოებით 60 ლარის ეკვივალენტი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია