ავტორი:

ბაკურიანში წასვლისას ამ ხიდზე ბევრს გაუვლია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა საერთო აქვს მას "ეიფელის კოშკთან"

ბაკურიანში წასვლისას ამ ხიდზე ბევრს გაუვლია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა საერთო აქვს მას "ეიფელის კოშკთან"

ვისაც ბორჯომის ხეობაში ოდესმე დაუსვენია, ბაკურიანში, ცემსა და წაღვერში ყოფილა, მისთვის შეუძლებელია, უცხო იყოს ისეთი საყვარელი და გემრიელი ტრანსპორტი, როგორიც ბორჯომი-ბაკურიანის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, სახელად "კუკუშკაა". მეც უზომოდ მიყვარს ის და როცა კი იქით მოვხვედრილვარ, მასში ჩაჯდომა პატარა ბავშვივით მიხარია.

ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომელიც ამ ორ დასახლებულ პუნქტს შორის მოძრაობს და რომელიც 1902 წელს გაიხსნა. ამ ხაზზე წლების მანძილზე მცირე ორთქლმავალი დადიოდა, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც კი მეტსახელი "კუკუშკა" (ორთქლმავლის რუსული მეტსახელი) შემორჩა. ხაზი ახლაც ემსახურება ამა თუ იმ კურორტის (ბორჯომი, წაღვერი, ცემი, ბაკურიანის) დამსვენებლებს.

ცემთან "კუკუშკას" ხიდზე უწევს გადასვლა. აღნიშნული ხიდი კი, რკინის ლეგენდარული კონსტრუქციაა, რომელიც ალექსანდრე გუსტავ ეიფელის მიერ არის დამზადებული (ცნობილი "ეიფელის კოშკის" ავტორი).

ხიდი მიხეილ რომანოვს საფრანგეთში შეუკვეთავს მაშინ უკვე ცნობილი კონსტრუქტორ ეიფელისთვის. ადგილზე კი მისი მონტაჟი კონსტრუქტორ ბესარიონ ქებურიას განუხორციელებია. ხიდი, ისევე როგორც ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი, 1902 წელს გაიხსნა. ადგილობრივები მას "ეიფელის ხიდს" ეძახიან... ისე, თუ ცოტა მეტ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს კრინიგზა ამ ლეგენდარულ ნაგებობას, სასურველი კი არ იქნება, უბრალოდ, აუცილებელია... ხიდი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წაღვერთან, მდინარე ცემისწყალზეა გადებული. ამიტომ ხშირად ადგილობრივ მოსახლეობას ცემიდან წაღვერში ფეხით სწორედ ამ ხიდის გავლითაც უწევთ ჩასვლა-ამოსვლა (საფეხმავლო ნაწილიც აქვს, რომელიც ხშირად მიუხედავია) და რისკის ქვეშ აყენებს ადამიანებს.

ამ ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ზოგადად 1897 წელს დაწყებულა და რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა და როგორც უკვე ვთქვით, იქ 1902 წელს იანვრიდან ბაკურიანის მიმართულებით, პირველმა "კუკუშკა" მატარებელმა გაიარა. მაღალმთიან რაიონებში კურსირებისთვის თავიდან სპეციალურად ინგლისიდან "პორტერის" ტიპის ორთქლმავალი ჩამოიტანეს. მატარებელს ღია ტიპის ვაგონები ებმოდა, რომლებიც მხოლოდ მოაჯირებით იყო შემოფარგლული.

1967 წლიდან პატარა ორთქლმავალი ელექტრომატარებელმა შეცვალა და ის ბორჯომში, როგორც ისტორიული ძეგლი, ექსპონატი, ისეა კვარცხლბეკზე შემდგარი და მისი ნახვა ყველას შეუძლია. "კუკუშკა" ზამთარში დღემდე ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებსაც, ტურისტებს და დამსვენებლებს, რომლებიც იქ მუდმივად, ზამთარ-ზაფხულ უხვად არიან.

მოკლედ, "კუკუშკა" მთელი ბორჯომის ხეობის სიმბოლოა, რომელზეც საბავშვო სიმღერაც არის შექმნილი: "ჩემო პატარა გუგულო,/ პატარა მატარებელო/, მთელი ბორჯომის ხეობის/ გულის გამხარებელო"...

ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ხვალიდან ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

რა არის სირტუინის დიეტა, რომლითაც ადელმა 22 კილო დაიკლო და ვის შეუძლია მისი დაცვა - ქართველი ნუტრიციოლოგის "ოქროს რჩევები"