სტოლტენბერგი ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებს შეხვდა - უტოიაზე მოწყობილი სასაკლაოს დეტალები

სტოლტენბერგი ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებს შეხვდა - უტოიაზე მოწყობილი სასაკლაოს დეტალები

"მკვლელმა პირველსავე შემხვედრ გოგონას ესროლა, თავზე დაადგა და ჩასძახა, - "ძილი ნებისა!"

"მკვლელს ორი ჩეჩენი მოზარდი (ნორვეგიაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები) დაუპირისპირდა - ქვების სროლა დაუწყეს - ფიქრობდნენ, რომ ამით მას წონასწორობას დააკარგვინებდნენ და შემდეგ დაიჭერდნენ კიდეც. მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვა მოზარდებს ეხმარებოდნენ. თვითმხილველების ნაამბობით, ჩეჩენმა მოზარდებმა 23 ადამიანი გადაარჩინეს ტყვიას"

ვიზიტის დასასრულს, ნატო-ს გენერალური მდივანი, ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი, საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ერთად, ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის ოჯახის წევრებს შეხვდა.

"მინდა, გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა, მიგულეთ თქვენ გვერდით. მრავალი ინფორმაცია წამიკითხავს პრესით თქვენი ქალიშვილის შესახებ. ჩვენ ნორვეგიაში გავხსენით ადგილი, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას და ვიხსენებთ მათ, მათ შორის თქვენს ქალიშვილს. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო შეხვედრისთვის, რათა ჩემი სამძიმარი პირადად გადმომეცა",- უთხრა იენს სტოლტენბერგმა თამთას მშობლებს.

მანვე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის ორგანიზებისთვის. "პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გამოვთქვი თქვენთან შეხვედრის სურვილი და პრემიერმა სწრაფად მოახდინა ამის ორგანიზება, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი,"- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ტრაგიკულად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა, თამთას გარდაცვალების შემდეგ, გოგონა იშვილეს. 23 წლის თამთა, რომელიც ტერორისტის ტყვიამ იმსხვერპლა, მათი ერთადერთი შვილი იყო. ახლა თამთას ოთახში 10 წლის ნინი ცხოვრობს, რომელიც ამ შეხვედრაზეც შეძენილ მშობლებს.

გთავაზობთ ამონარიდს უტოიაზე დატრიალებული ტრაგედიის თაობაზე მომზადებული სტატიიდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 2012 წლის არქივში ინახება:

"რაც ჩავიდინე, საშინელებაა, მაგრამ აუცილებელი იყო..."

"2011 წლის 22 ივლისს, შუადღისას, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან აფეთქების ხმა გაისმა. 500 კილოგრამამდე ტროტილის ძალის მქონე რადიომართვადი ბომბი ფოლკსვაგენის მარკის ავტომანქანაში იყო ჩამონტაჟებული. ჯერ საშინელი აფეთქების ხმა მოგვესმა, შემდეგ ძალიან მჭახე ხმა და დავინახეთ, როგორ ჩაიმსხვრა თითქმის ყველა შენობის მინები, ყურების თითებით დაცობას ვცდილობდი - მეგონა, დავყრუვდებოდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ჩემ გვერდით დაჭრილი ეგდო და თითქოს მეუბნებოდა, - მიშველეო... არაფერი მესმოდა... მერე ორი უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა. რაღაცას მიყვიროდნენ. ისევ არაფერი მესმოდა, შოკში ვიყავი. ბოლოს, ერთმა ხელი მომკიდა და გადარჩენილი შენობისკენ წამიყვანა. ძალიან მეშინოდა, როდესაც ქუჩაში გამოვედით, ყველაფერი ნანგრევებად იყო ქცეული. ის დაჭრილი მამაკაცი უკვე მკვდარი იწვა. ისეთი საშინელება იყო, დღემდე გონზე ვერ მოვსულვარ. ყურში მუდმივად ის მჭახე ხმა ჩამესმის. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენს ოსლოში ასეთი რამ მოხდებოდა"."

თვითმხილველის ნაამბობიდან

აფეთქებას 8 კაცის სიცოცხლე შეეწირა (ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა). დაიჭრა 91 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მთავრობის წევრი, პრემიერ-მინისტრი არ დაზიანებულა.

ტერაქტი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ქვეყნის პოლიციამ განგაში გამოაცხადა...

საათ-ნახევრის შემდეგ

დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, კუნძულ უტოიაზე (კუნძულს მხოლოდ 700 მეტრი აშორებს მატერიკიდან), სადაც მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში 800-მდე მოზარდი იმყოფებოდა (მათი უმრავლესობა ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებიდან გახლდათ, მათ შორის ორი ქართველი გოგონაც იყო), პოლიციისფორმიანი მამაკაცი გამოჩნდა. პირველი, ვინც "სტუმარს" შეხვდა, კუნძულის ზედამხედველი ქალბატონი იყო. პოლიციელმა მას მოწმობა წარუდგინა და უთხრა, რომ ოსლოში მომხდარის გამო უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად კუნძულზე ინსტრუქტაჟისთვის ჩამოვიდა. მასპინძელმა ოსლოში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი ამბები გამოჰკითხა, მაგრამ როდესაც პოლიციელის არადამაჯერებელი და დაბნეული პასუხები მოისმინა, ყოყმანი დაეტყო. მოულოდნელად ის ერთი გასროლით მოკლეს. შემდეგ პოლიციელმა ახალგაზრდები საკონფერენციო დარბაზში შეკრიბა. რადგან უცნობს პოლიციელის ფორმა ეცვა, ახალგაზრდებს არაფერი უეჭვიათ. ამასობაში, საკონფერენციო დარბაზში შეკრებილთ პოლიციელმა სროლა აუტეხა...

"ჩვენ სასადილოსკენ მივდიოდით და ვსაუბრობდით ოსლოში მომხდარ აფეთქებაზე. მოულოდნელად დავინახეთ - ხალხი დამფრთხალი გარბოდა წყლისკენ. ჯერ გვეგონა, - ვიღაც ასაფეთქებელი ბურთულებით ერთობაო, მაგრამ ზოგი სად გარბოდა, ზოგი სად, ზოგიც წყალში ხტებოდა, ლოდებს ეფარებოდნენ... ჩვენც ტყისკენ გავიქეცით და კლდეს ამოვეფარეთ. კარგად დავინახე მკვლელი. მან ჩვენს დევნაში პირველსავე შემხვედრ გოგონას ესროლა, როდესაც ის წაიქცა, თავზე დაადგა და ჩასძახა, - "ძილი ნებისა!" და კიდევ ესროლა. გვესმოდა, როგორ ეუბნებოდა ამ სიტყვებს სხვებსაც და მერე კლავდა...

ტერორისტმა, რომელიც მოზარდებს უმოწყალოდ ხოცავდა, მხოლოდ ორი ახალგაზრდა დაინდო. ერთი 11 წლის ბიჭი, რომელსაც მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და მეორე, რომელიც დაჩოქილი ემუდარებოდა, - არ მომკლაო...

როდესაც უტოიაზე სროლის ხმა გაისმა, კონტინენტზე - სანაპიროზე მცხოვრებლებმა და ტურისტებმაც გაიგონეს. ისინი ცდილობდნენ, გადარჩენილი ბავშვები წყლიდან ამოეყვანათ.

ტერორისტი ჩვენც გვესროდა, როდესაც წყალში მოფართხალე ბავშვების ამოყვანას ვლამობდით. სამწუხაროდ, ყველას დახმარება ვერ შევძელით. კარგად მახსოვს რამდენიმე მოზარდი, რომლებიც თანატოლებს ამხნევებდნენ და ჩვენ გვთხოვდნენ, - ჩვენ კი არა, ჯერ დაჭრილებს მიხედეთ. ისინი ნაპირამდე გამოცურვას ვერ შეძლებენო... ის ბავშვები ჩვენთვის მაგალითის მომცემნი იყვნენ"."

ფინელი ტურისტის ნაამბობიდან

ახალგაზრდულ ბანაკში ტერორისტის შეჩერება თავიდან უიარაღო დაცვის თანამშრომელმა სცადა, რომელიც უმალ მოკლა (ის ქვეყნის კრონპრინცესას ნახევარძმა აღმოჩნდა), შემდეგ მკვლელს ორი ჩეჩენი მოზარდი (ნორვეგიაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები) დაუპირისპირდა - ქვების სროლა დაუწყეს - ფიქრობდნენ, რომ ამით მას წონასწორობას დააკარგვინებდნენ და შემდეგ დაიჭერდნენ კიდეც. მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვა მოზარდებს ეხმარებოდნენ. თვითმხილველების ნაამბობით, ჩეჩენმა მოზარდებმა 23 ადამიანი გადაარჩინეს ტყვიას (ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რუსლან კადიროვმა ისინი გმირებად გამოაცხადა). ამ ფაქტის გამო უტოიაზე გადარჩენილმა 16 წლის ივან ბენჯამინ ოსტებომ უკვე დაკავებულ ტერორისტს, ბრეივიკს ღია წერილით მიმართა, - "გინდათ, რაინდის პოზაში მოგვევლინოთ, მაგრამ თქვენ გმირი არ ხართ. სამაგიეროდ, თქვენი წყალობით გმირები აღმოვაჩინეთ, უტოიაზე ბევრი თავდადებული ადამიანი ვნახე".

დაკავებისას ტერორისტს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მხოლოდ ორი სიტყვა თქვა, "მე დავამთავრე"."სისხლიან სასაკლაოს გადაურჩა ნათია ჩხეტიანი, ხოლო დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ცხედარი მხოლოდ 5-დღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. მას ზურგში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სულ უტოიაზე 76 კაცი დაიღუპა. გამოძიების პირველი დღიდანვე გაჩნდა კითხვა, - იყო თუ არა მარტო ბრეივიკი?

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია