ვინ უწევს ორგანიზებას ბავშვების მათხოვრობას საქართველოში

ვინ უწევს ორგანიზებას ბავშვების მათხოვრობას საქართველოში

"სახალხო დამცველმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და შესაბამისი რეკომენდაციებიც გადაუგზავნა. როგორც ომბუდსმენის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე ამბობს, რეკომენდაცია მოიცავს ბავშვთა ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვას. მისი თქმით, არ არსებობს ერთიანი მონაცემი, რამდენი ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ პრობლემის მოგვარებას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ვინ უწევს ორგანიზებას ბავშვების მათხოვრობას / არის ჯგუფები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ასეთ ბავშვებს, განსაზღვრავენ მათ ადგილს, თუ სად უნდა იდგნენ და იმათხოვრონ".

"ბავშვთა ფსიქოლოგ მანანა მელიქიშვილის განმარტებით, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები გამოირჩევიან საზოგადოების მიმართ აგრესიით. მათ პრობლემა ყველა სფეროში ექმნებათ, ისინი ვერ იღებენ განათლებას, შესაბამისად, ვერ ვითარდებიან გონებრივად. პრობლემები აქვთ როგორც ფსიქო-სოციალურ, ასევე ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში. რასაკვირველია, არის ძალადობის ფაქტები - არის ჯგუფები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ასეთ ბავშვებს, განსაზღვრავენ მათ ადგილს - თუ სად უნდა იდგნენ და იმათხოვრონ. ტერიტორიის დაკავება და ე.წ. სარფიანი ადგილები ერგებათ იმ ბავშვებს, რომლებიც ლიდრები არიან და სხვებ ჩაგრავენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"არის ფაქტები, როცა ბავშვებს სხვადასხვა პირები და ჯგუფები აიძულებენ მათხოვრობას. დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა მსგავსი ქმედების ჩადენას ბავშვს ოჯახი აიძულებს. ამ შემთხვევაში სამართალდამცავმა ორგანოებმა პასუხისგებაში უნდა მისცენ ეს პირები და აღძრან მათზე სისხლის სამართლის საქმე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აუცილებელია კომუნიკაცია და ურთიერთობა ამ ბავშვებთან, რათა გამოვლინდეს მათზე ძალადობის შემთხვევები, გაეცნონ მათ პრობლემებს და განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები. არის ინციდენტები, როცა თავშესაფარში მყოფი ბავშვები მათხოვრობენ, თუმცა პასუხისმგებლობას თავშესაფარს ვერ დავაკისრებთ, რადგან არასრულწლოვნებს თავისუფლად შეუძლიათ თავშესაფრიდან გამოსვლა და გადაადგილება, თავშესაფარი მათ მხოლოდ ღამის გასათევ ადგილსა და საკვებს სთავაზობს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბელთაძე.

"სტატისტიკური მონაცემები არ შეესაბამება რეალურად არსებულ სიტუაციას. საპატრულოს მიერ გამოვლენილია დაახლოებით 4 ფაქტი, როცა ქუჩაში სამოწყალოდ მყოფი ბავშვი აიყვანეს, გამოძიება ბავშვთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე მხოლოდ 2 მათგანზე დაიწყო, რაც ძალიან მცირეა, რადგან ქვეყანაში ამ მხრივ არსებული სიტუაცია საგანგაშოა. დაფიქსირებულია ასევე ბავშვების მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტებიც, როცა ისინი საქართველოში სამათხოვროდ მოდიან. ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიერ გამოსაძიებელია და მოითხოვს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას", - განაგრძობს რესპონდენტი.

"დღეს არსებული ვითარება კატასტროფულია. არანაირი კონტროლი არ ხდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ. არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ზუსტად აღწერს იმ სიტუაციას, რაც დღეს არის. სწორედ ამიტომ მივმართავთ შს სამინისტროს, მეტი ყურადღება მიაქციონ ქუჩაში მყოფ ბავშვებს და აქტიურად დაიწყონ ამ საკითხზე მუშაობა. რეკომენდაცია გადაგზავნილია და 10 სამუშაო დღის განმავლობაში შს სამინისტროსგან ველოდებით წერილობით პასუხს", - დასძენს პაატა ბელთაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია