"წყალქვეშა ომი" ქართული კაბელისთვის - ვინ ჩაიგდებს ხელში 1 200 - კილომეტრიან სტრატეგიულ ობიექტს

"წყალქვეშა ომი" ქართული კაბელისთვის - ვინ ჩაიგდებს ხელში 1 200 - კილომეტრიან სტრატეგიულ ობიექტს

ინფორმაცია, რომ ინტერნეტპროვაიდერი "კავკასუს ონლაინი" იყიდება, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჯერ "სილქნეტისა" და "კავკასუსის" შერწყმის შესახებ, შემდეგ კი კომპანია "მაგთიკომის" განაცხადი შევიდა, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ამ უკანასკნელს "კავკასუსის" ინტერნეტის საცალო მომსახურების სერვისის შეძენა სურს. ამის შესახებ "კვირის პალიტრის" წინა ნომერში დეტალურად ვწერდით, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ "კავკასუს ონლაინის" კუთვნილი ინტერნეტკაბელის შეძენით აზერბაიჯანული ბიზნესია დაინტერესებული. დიდი ფინანსური დაინტერესების გარდა, 1200-კილომეტრიანი კაბელი, რომლითაც საქართველო ინტერნეტს ევროპიდან იღებს და შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთსაც აწვდის, პოლიტიკურად დაინტერესებული მხარის ხელში, შესაძლოა საინფორმაციო ნაკადებზე კონტროლის მძლავრი მექანიზმი გახდეს. "კავკასუსის" გასხვისებას კი შესაძლოა, დიდი პოლიტიკური სკანდალი მოჰყვეს.

სარწმუნო წყაროს ცნობით, არანაირ შერწყმაზე "სილქნეტსა" და "კავკასუსს" შორის საუბარი არ არის და ეს უკანასკნ­ელი,­ ფაქტობრივად, ორ ნაწილად იყოფა­ - საცალო აბონენტებს "მაგთი" წაიყვანს­, "სილქნეტს" კი "კავკასუსის" ყველაზე დიდი სიმდიდრე, 1200-კილომეტრიანი ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი დარჩება. ის შავი ზღვის ფსკერზე 2008 წელს ჩაიდო და ინტერნეტი უმოკლესი გზით, პირდაპირ ევროპიდან მიეწოდება. ამ კაბელით "კავკასუს ონლაინი" სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85%-ს, აზერბაიჯანში - 50%-ს, საქართველოში კი 55%-ს უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის დაინტერესება არც არის გასაკვირი - სრულად დატვირთვის შემთხვევაში ამ კაბელს დიდი მოგების მოტანა შეუძლია და ამასთან ერთად, აზერბაიჯანზე იქნება დამოკიდებული სომხეთში ინტერნეტმიწოდების 85% და ინფორმაციის ამდენივე ნაწილის გაკონტროლების შესაძლებლობა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის შეძენით, აზერბაიჯანის უდიდესი ინტერნეტპროვაიდერი "აზერონლაინია" დაინტერესებული. ამ ქვეყნის მსხვილი კომპანიების უმეტესობის მსგავსად, ის ხელისუფლებასთან ასოცირდება.

კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე­ "კავკასუსის" შეძენასთან დაკავშირებით, "მაგთისა"­ და "სილქნეტის" გარდა, კომის­იაში სხვა განაცხადი არ შესულა. ჩვენი შეკითხვები "აზერონლაინის" დაინტერესებასთან დაკავშირებით "კავკასუსში" უპასუხოდ დატოვეს, თუმცა კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, მის პარტნიორებს განზრახული აქვთ მოლაპარაკებების წარმართვა როგორც საერთ­აშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე­ საერთაშორისო და ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებთან.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანული მხარე - ალიევების ოჯახთან დაკავშირებული კომპანია, ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანელები "კავკასუს ონლაინის" მაშინდელ მფლობელ­ მამია სანადირაძეს კაბელის 50%-ის სანაც­ვლოდ ძალიან დიდ ფულს სთავაზობდნენ,­ თუმცა ბიზნესმენს უფრო შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა, ამ კაბელით ინტერნეტი არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ­ ახლო აღმოსავლეთშიც მიეწოდებინა.­ თუმცა­ "ნაციონალური მოძრაობის" დროს სანადი­რაძის კომპანია სააკაშვილთან დაახლ­ოე­ბული პირების ხელში აღმოჩნდა და ის დღემდე იბრძვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად.

დღეს კი კომპანიასა და მის კუთვ­ნილ კაბელს ახლანდელი მფლობელები, ხვიჩა მაქაცარია და ძმები ყარამანიშვილები ყიდიან. ამ კაბელის შესყიდვით დაინტერესებული კიდევ ერთი პირი "სილქნეტის" მფლობელი გიორგი რამიშვილია, რომელსაც ფართო საზოგადოება "ზარალას" სახელით იცნობს.

"სილქნეტისთვისაც" ხელსაყრელია, ინტერნეტის საკუთარი წყარო­ ჰქონდეს, რადგან კომპანია მას დიდწილად თურქული სახელმწიფო კომპანიისგან ძვირად ყიდულო­ბს. არის კიდევ ერთი დეტალი. ოპტიკურბოჭკოვანი კაბელით არა მარტო ინტერნეტი, არამედ სატელეფონო მომსახურებაც მიეწოდება. ორი მხარის დაინტერესების შემთხვევაში კი არსებობს აპრობირებული სქემები, რომლითაც საზღვარგარეთ განხორციელებული ზარების კონტროლი შეუძლებელი ხდება. ერთია, რომ ვერავინ აღრიცხავს­ მათ ღირებულებას და შესაბამისად, ვერც დაბეგრავს, მეორე მხრივ კი კომუნიკაციის ასეთი "ხვრელები" საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობას იძლევა.

მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელი:

"ყველას სურს ეს კაბელი. მე საქართველოს გავუკეთე, მაგრამ ყველაფერი თავზე დამანგრიეს. კავკასიისთვის ეგ უმნიშვნელოვანესი კაბელია, რადგან მთელ რეგიონს აწვდის ინტერნეტს. მანამდე კი ინტერნეტის მოწოდება შესაძლებელი იყო სატელიტური თეფშებით (რომელთაც ძალიან დაბალი გამტარუნარიანობა აქვს), თურქეთიდან "თურქტელეკომით" ან რუსე­თიდან "რუსტელეკომით".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია