"ბევრი ფიქრობს, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა და არ ეპატიება..." - რას ამბობს მოძღვარი ცრუ ტრადიციებზე, რომელიც მრევლშია გავრცელებული

"ბევრი ფიქრობს, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა და არ ეპატიება..." - რას ამბობს მოძღვარი ცრუ ტრადიციებზე, რომელიც მრევლშია გავრცელებული

რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ ტაძარში შესვლისას, ზეთისცხების შემდეგ უნდა დავიბანოთ თუ არა პირი, როდის არის ზიარება უკეთესი, შეთქმულის ასრულებისას რამდენი ტაძრის მოლოცვაა აუცილებელი - მართმადიდებელ მრევლში ხშირად არის გავრცელებული ცრურწმენები და მსგავსი კითხვებით სასულიერო პირებს ხშირადაც მიმართავენ. AMBEBI.GE-სთან საუბრისას, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მსგავსი რელიგიური ცრურწმენები მრევლში რჯულზე უმტკიცესად არის გამჯდარი და ხშირად ამ ჩვევებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე სხვა მნიშვნელოვან საქმეებს.

- ეკლესიაში დღეს ძალიან ბევრი ცრურწმენაა დაბუდებული. ძალიან ბევრი თანამედროვე მართმადიდებელი ქრისტიანი ცრუ ტრადიციებს და ჩვევებს აღასრულებს. რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ, რომელი ფეხით უნდა შევიდეთ ტაძარში, რომელ დღეს უკეთესია ეკლესიაში შესვლა, წირვაზე წასვლის წინ თავი უნდა დავიბანოთ თუ არა, ზეთისცხების მერე პირის დაბანა შეიძლება თუ არა და ა.შ. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ხშირად არის ამ საკითხებში ჩაციკლული და ფიქრობს, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა, არ ეპატიება.

სამწუხაროდ, მთავარი დავიწყებული აქვთ და ყურადღებას მეორეხარისხოვანს აქცევენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. მამა - პაპათა გადმოცემები უფრო სწამთ და უფრო იცავენ, ვიდრეს ის, რომ ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს, მიმტევებელი, უბრალო, მოსიყვარულე, ხშირად უნდა თქვას აღსარება და მოძღვრის ლოცვა-კურთხევა უნდა აღასრულოს.

- ამ დროს მთავარი რა არის?

- ხშირად მეუბნებიან, მამაო, მე ასე გამიგია, ასე მისწავლიაო და როცა ვეუბნებით, რომ ეკლესიისა და წმინდა მამების სწავლება სხვაგვარია, ნაკლებად ესმით.

მაგალითად, ადამიანს გარდაეცვალა ახლობელი, არ არის მარხვა და ამ დროს ორმოცი დღე ინახავს მარხვას, როცა დიდი მარხვაა, მაშინ არ იცავს. ასევე, ვთქვათ ადამიანი რაღაც კატასტროფაში მოჰყვა, სიკვდილს გადარჩა, არის მარხვა და ეკლესიაში მოჰყავს ცხვარი. ვეუბნებით, რომ ახლა ცხვრის მოყვანა-დაკვლა არ შეიძლება, მაგრამ გვპასუხობს - შეთქმული მყავს და არ შეიძლება რომ არ აღვასრულოო. ამ ყველაფერს შეიძლება პირდაპირ პასუხი გავცეთ მათეს სახარებიდან: 23-ე თავში მაცხოვარი მიმართავს ებრაელებს, ფარისევლებს და მწიგნობრებს, წყალობა და სამართალი დაგიტევებიათო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რჯულში რაც მთავარია - წყალობა, სამართალი, სიკეთე, ეს გვერდით არის გადადებული და წინა პლანზე ფარისევლური ქმედებებია წამოწეული.

ნაკლებად მორწმუნე ხალხში ასეთი ცნებაც არის გავრცელებული, რომ არცოდნა არცოდვაა. 21-ე საუკუნეში, როცა ამდენი მოქმედი ეკლესიაა, მამაოები საუბრობენ ყველგან - პრესაში, ტელევიზიაში, ამის თქმა გამართლებული არ არის. ეს იგივეა, როცა მზე ანათებს და შენ მაინც სანთელი გინთია. ზუსტად იცი ვინ არის იესო ქრისტე, რა არის მართმადიდებლობა და გადადიხარ სხვა სარწმუნოებაზე ან იძახი, რომ ბებიამ ასე მასწავლა და მე ასე მწამს. სამწუხაროდ ფაქტია, რომ საქართველოში ქრისტიანობა და წარმართობა ერთმანეთში ძალიან არეულია. მთაში განსაკუთრებით შერეულია წარმართობა ქრისტიანობასთან.

- როდიდან იღებს სათავეს რელიგიური ცრურწმენები?

- არ გეგონოთ, რომ ეს ცრურწმენები, რომელიც დღეს ეკლესიაშია გავრცელებული, დღეს და გუშინ წარმოიშვა. ამას სამოთხისეული წარმოშობა გააჩნია. ეშმაკი ევას სამოთხეშივე ატყუებს, ცდილობს ღმერთის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეატანინოს და ეუბნება, რომ "თქვენ იქნებით ვითარცა ღმერთები". უკვე ცრუ სწავლება სამოთხეში ჩნდება, ღმერთი ერთია და ეუბნება, რომ ღმერთისნაირები იქნებითო, აქ რა თქმა უნდა, რაღაც სიმართლეა, რომ ადამიანი ღმერთის ხატება და მსგავსებაა, მაგრამ ამას თავმდაბლობითა და სიყვარულით უნდა მიაღწიოს.

შეხედავ, რომ ჩვენს ქვეყანაში 93% აღიარებს მართმადიდებლობას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ძალიან შორს ვართ ჭეშმარიტებისაგან იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ჩვენში საქმით, ცხოვრების წესით და აზროვნებით უნდა გამოიხატოს, ჩვენი აზროვნება კი, თუ კარგად დავუკვირდებით, ძალიან შორს არის ჭეშმარიტებისაგან.

იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს - "სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ", ანუ როცა ადამიანი იესო ქრისტეს შეიცნობს, ის განთავისუფლდება ამაო ცრურწმენებისაგან, იმისგან, თუ რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ, რამდენი ცხვარი დავკლათ, ოჯახში რომელი ფეხით უნდა შევიდეთ და გამოვიდეთ, მონათლული ბავშვის ამბორი შეიძლება თუ არა და ა.შ. იმდენად სამარცხვინო კითხვები არსებობს, რომ ამის დასახელებაც კი მერიდება.

- მრევლში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა 7 ტაძრის მოლოცვაა. როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით?

- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ლოცვების რაოდენობას, არც იმას, თუ რამდენ ტაძარს მოილოცავ, მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობას, მთავარია ხარისხი. რომელი უკეთესია, ერთ ტაძარში შევიდე გონივრულად და ყურადღებით ვილოცო, თუ შვიდში შევიდე-გამოვიდე და არაფერი გავაკეთო?!

ასეთი ხალხური გამოთქმა არსებობს - თაგვმა შეიძლება მთელი ცხოვრება წისქვილში გაატაროს, მაგრამ მეწისქვილობისა არაფერი იცოდესო. შეიძლება მთელი ცხოვრება ტაძარში გაატარო, მაგრამ არ იცოდე რატომ ხარ ტაძარში, შეიძლება ასი ტაძარი მოილოცო, მაგრამ არ იცოდე რა შეიტანე და რა გამოიტანე. ასე რომ, ერთ ტაძარს მოილოცავთ თუ შვიდს, მთავარია თავმდაბლობით, რწმენითა და ლოცვით შევიდეთ.

თაკო ესებუა, AMBEBI.GE

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 964 ახალი შემთხვევაა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა - რას აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს