როგორ ჩადიან რუსი მღვდლები აფხაზეთში - რუსული რელიგიური ექსპანსიის უცნობი დეტალები

როგორ ჩადიან რუსი მღვდლები აფხაზეთში - რუსული რელიგიური ექსპანსიის უცნობი დეტალები

"ოკუპირებული აფხაზეთის სასულიერო ფლანგზე დიდი ომია გამოცხადებული - ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის სასულიერო ჯგუფი რუსეთის ეკლესიას თვითგამოცხადებულ აფხაზეთის ეკლესიაში არსებულ განუკითხაობასა და კანონიკის დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია იმაზე, საქართველოს საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად "აფხაზეთის ეკლესიის" მღვდლებად ირიცხებიან სასულიერო პირები, რომლებიც რეალურად რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არიან, ეს კი საეკლესიო კანონის უხეში დარღვევაა. სახელდება რუსეთის ეპარქიის მაღალი სასულიერო წოდების მქონე პირები - კონკრეტული იღუმენები და იერომონაზვნები, ვინც აფხაზეთის ეკლესიის სახელით სხვადასხვა დღეებში წირვა-ლოცვას ატარებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით როგორ ჩადიან რუსი მღვდლები აფხაზეთში / რუსული ეკლესიის რელიგიური ექსპანსიის უცნობი დეტალები.

"რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო სტუდია "მედია-ასპექტში" ახალი ათონის იეროდიაკვანმა დავით სარსანიამ განაცხადა, რომ რუსები "აფხაზურ ეკლესიას" მიზანმიმართულად ანგრევენ ისე, რომ მათ ამაში ქართველები ხელს არ უშლიან. მისი თქმით, რუსი მღვდლების საქმიანობაზე ინფორმაცია საქართველოს ეკლესიასაც აქვს, თუმცა ამაზე რატომღაც პროტესტს არ აცხადებს. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ ის, რაც აფხაზეთში ხდება, არ არის შეთანხმებული საქართველოს ეკლესიასთან და საპატრიაქო ამ ფაქტს ყოველთვის აპროტესტებს, მაგრამ შედეგი არაფერია, აფხაზეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი სასულიერო პირები ვერ შედიან და ვინც იქ მოღვაწეობს, არაკანონიკურია. "საპატრიარქოს მიერ ხელდასმულია თავის დროზე ბესარიონ აპლია. ასევე თბილისში სწავლობდა და ჩვენს ეკლესიაში ეკურთხა დავით სარსანია, მაგრამ ისინი ჩვენ გვებრძვიან - თავის დროზე კანონიკურად ხელდასმულები არიან, მაგრამ ახლა საქართველოს ეკლესიას იურისდიქციიდან გასულები არიან და ჩვენს ეკლესიას არ ემორჩილებიან", - დასძენს ბოტკოველი. დავით სარსანიას მხრიდან რუსი მღვდლების ე.წ. მხილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ რამდენიმე კვირის წინ არქიმანდრიტ დოროთე დბარსა და მღვდელმონაზონ ანდრია ამპარს რუსეთის ეკლესიის მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის ხელმძღვანელობამ, ეპისკოპოსმა ტიხონმა სასულიერო მოღვაწეობა აუკრძალა და აკრძალვის სპეციალური განკარგულებაც გამოსცა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ცნობისათვის, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ ეკლესიაში სასულიერო პირები ორ ბანაკად არიან გაყოფილი. ერთი ბანაკი პრორუსულია, მეორე უფრო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობისაკენ იხრება, რუსეთის საპატრიარქოს აფხაზეთის საეკლესიო საქმეებში ჩაურევლობას ითხოვს და რუსეთთან კავშირს ისევ ბერძნულ ეკლესიასთან დაახლოება ურჩევნია. პრორუსულ ბანაკის ხელმძღვანელია ბესარიონ აპლია, რომელიც თავს აფხაზეთის ეკლესიის ხელმძღვანელად აცხადებს. მეორე დაჯგუფებაში კი უფრო ახალი თაობაა - დოროთე დბარი, ანდრია ამპარი და დავით სარსანია. ამ ჯგუფმა 2011 წელს ახალ ათონში აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია დაარსა, თუმცა, მათ მოღვაწეობას რუსეთის საპატრიარქო ყველანაირად ზღუდავს და მაიკოპისა და ადიღეს ეპისკოპოსი სწორედ რუსულ ეკლესიასთან დაპირისპირების გამო აიძულებს ამპარსა და დბარს შეწყვიტონ სასულიერო მოღვაწეობა. როგორც დავით სარსანია ამბობს, დოროთე დბარისა და ანდრეა ამპარისათვის ღვისმსახურების არაერთხელ "უსაფუძვლო შეზღუდვა" იმას აჩვენებს, თუ რა კანონიკური განუკითხაობაა დღეს აფხაზეთში. რადგანაც, 10 წელზე მეტი ხნის წინ ეს ორი ადამიანი მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის ეპისკოპოსებმა აკურთხეს, ისე რომ ამით საეკლესიო კანონი დაარღვიეს", - განაგრძობს გამოცემა.

"ანდრეა ამპარის ხელდასმა მოახდინა ფილარეტმა (კარაგოდინი), დოროთე დბარის კურთხევა კი - ეპისკოპოსმა პანტელეიმონმა (კუტოვოი), რომელიც დღეს კრასნოიარის მიტროპოლიტია და მათ კარგად იცოდნენ, რომ კურთხევას აფხაზეთის მცხოვრებლებს იმისათვის აძლევდნენ, რომ მათ აფხაზეთში ემსახურათ. დღეს კი ანდრეა ამპარისა და დოროთე დბარის სასულიერო მოღვაწეობის აკრძალვის აუცილებელობის მოტივაციად ეკლესიის კანონს იშველიებენ. მაშინ, როდესაც ამ ორ სასულიერო პირის ხელდასმა ხდებოდა, ისევე როგორც ეგნატი კიუტის, მაშინ ის ეპისკოპოსები არ დაფიქრდნენ იმაზე, რა შედეგი ექნებოდა ამას. მათ ხომ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს მღვდლები სასულიერო მოღვაწეობას არა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე წარმართავდნენ, არამედ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსული ეკლესია საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად სცნობს. მაშინ არანაირი შეთანხმება, კავშირი რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსებსა და ქართული ეკლესიის ეპისკოპოსებს შორის, სინოდებს შორის არ ყოფილა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ კანონი უკვე მაშინ იყო დარღვეული", - აცხადებს სარსანია. მისი თქმით, რუსეთის ეკლესიამ მოქმედება იმიტომ დაიწყო, რომ 2011 წელს დოროთე დბარმა და ანდრეა ამპარმა აფხაზეთის ეკლესიის სამომავლო ბედზე საჯაროდ საუბარი დაიწყეს და თან მოქმედება დაიწყო საქართველოს კანონიკურ ტერიტორიაზე", - დასძენს გამოცემა.

"სარსანია იქვე აღნიშნავს, რომ აფხაზეთში საქართველოს ეკლესიის ნაწილად ყოფნა არავის სურს, ეს ერთხმად და კატეგორიულად გადაწყვეტილია. მათი მიზანია დამოუკიდებელი აფხაზური ეკლესია, მაგრამ ამ დამოუკიდებლობის გზაზე ერთიანი და აქტიურები არ არიან და ამაზე წუხს. ის იმ რუსეთის ეკლესიის მღვდლების ვინაობასაც ასახელებს, ვინც ვითომ შვებულებაში იმყოფება და ამ დროს აფხაზეთის ეკლესიის სახელით მოღვაწეობს აფხაზეთში. ამბობს, რომ რუსული მართლამდიდებელი ეკლესიის იმ სასულიერო პირებს, რომლებმაც აფხაზეთში მოღვაწეობენ, მიღებული აქვთ დოკუმენტი, რომ ისინი ან შვებულებაში არიან გასულები, ან შტატგარეშე არიან. ანუ, ისინი დღესაც რუსული ეკლესიის წარმომადგენლებად მიიჩნევიან, მაგრამ აფხაზეთში მოღვაწეობენ - "მაგალითად, ასეთია ათანასე კოვალჩუკი, ასევე ჩრდილოეთ დონეცკის ეპარქიის სასულიერო პირი დავით გვაზავა, რომლებიც ოფიციალურად შვებულებაში იმყოფებიან, მაგრამ ამ შვებულების დროს ისინი საბუთებს ხელს აწერენ, როგორც აფხაზეთის ეკლესიის სასულიერო პირები. ეს რას ნიშნავს? ადამიანები არიან რუსული ეკლესიის სასულიერო პირები და მოქმედებენ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ეკლესია საქართველოს კანონიკურ ნაწილად აცხადებს?! "ასეთ დამოკიდებულებაზე მინდა ქართული ეკლესიის სინოდის განსაკუთრებული როლს გავუსვა ხაზი. პირველ რიგში სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უნდა ლაპარაკობდეს კანონიკურ შეუთავსებლობაზე, რომელიც აფხაზეთში ხდება. - ამბობს სარსანია და აღნიშნავს, რომ ისინი კი ამაზე არ ლაპარაკობენ", - წერს სტატიის ავტორი.

"ისინი არ ასახელებენ იმ პირებსაც, რომლებიც დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობენ. იმიტომ, რომ მათ არ უნდათ აფხაზური წარმომავლობის სასულიერო მოღვაწეებისაგან, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს წარმოადგენენ, მათ შორის ვარ მეც, წამებულები შექმნან. იმიტომ რომ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე საუბარი კანონიკური განხილვიდან პილიტიკურში გადავიდა. ამაზე რამდენჯერმე თავად საქართველოს პატრიარქმაც ისაუბრა", - აცხადებს სარსანია და დასძენს, რომ 2016 წელს გასამართ მართლმადიდებელ მსოფლიო კრებაზე წესით აფხაზეთის ეკლესიის საკითხის წამოჭრა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს არც საქართველოს და არც რუსეთის საპატრიარქოს ხელს არ აძლევს, რადგან "ორივე მხარეს სურს აფხაზეთის ეკლესიის საკითხი, ვაკუუმში იყოს მოქცეული", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"თეოლოგისა და რელიგიათმცოდნე ლევან აბაშიძის თქმით, მომავალი წლის საეკლესიო კრებაზე ეკლესიების საზღვრების საკითხი დასმული არ იქნება. ეს არცერთ ეკლესიას არ აძლევს ხელს. მისი თქმით, საქართველოს ეკლესიამ შეიძლება აფხაზეთის საკითხი დასვას და მსოფლიო საზოგადოებამ მიაქცევინოს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ აფხაზეთის ტერიტორია დროებით ოკუპირებულია. თუმცა, იმ კუთხით საკითხის დასმა - რა ვუყოთ აფხაზეთის ეკლესიას - ეს წამგებიანია და ამ თემის წამოწევა არ მოხდება. აბაშიძის განცხადებით, თავად აფხაზეთში მიმდინარე პროცესები უკანონობაა და ამ უკანონობას რუსეთი ჩუმად ახორციელებს", - დასძენს სტატიის ავტორი.

"კანონის მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთმა მღვდლები არ უნდა გამოუშვას. თუმცა, ეს კეთდება არაოფიციალურად, ჩუმად. როგორც უკრაინაში არის ჰიბრიდული ომი, ისეა აქაც. ოფიციალურად რუსეთი უკრაინის ომში ჩართული არ არის, იქაც ვითომ შვებულებას იღებენ ოფიცრები და საბრძოლველად დონბასში მიდიან. აფხაზეთშიც, ოფიციალურად არა, მაგრამ რეალურად რუსეთის ეკლესიის მიერ ხელდასმული მღვდლები მიდიან და ატარებენ წირვა-ლოცვას. საქართველოს ეკლესიას შეუძლია, რომ რუსეთის ეკლესიას მიუთითოს ამ ფაქტებზე და შესაბამისად, რუსეთის ეკლესიამ თქვას, რომ სასულიერო პირები მათი ლოცვა-კურთხევის გარეშე არიან აფხაზეთში და შესაბამისი ზომებიც მიიღოს. რატომ არ ეუბნება ამას საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიას - არ ვიცით. შეიძლება ეუბნება კიდეც დიპლომატიური არხებით, შეიძლება - არ ეუბნება, რადგან არ სურს რუსეთის ეკლესიასთან საქმე გაიფუჭოს. ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ რუსეთის ეკლესიასთან აშკარად და ღიად ამ საკითხზე პროტესტი და კონფლიქტი საქართველოს ეკლესიას ალბათ ამჟამად არ უნდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან აბაშიძე.

"თუმცა, დავუშვათ, რომ საქართველოს ეკლესიამ საჯაროდ ატეხა ერთი ამბავი და ოფიციალურად განაცხადა პროტესტი - მერე რა? ამ ამბავს რუსეთი მაინც იგნორირებას გაუკეთებს. ეს საქართველოს ეკელსიას ხელს არ აძლევს, ამით კიდევ ერთხელ და ნათლად გამოჩნდება, რომ საქართველოს ეკლესიას აფხაზეთზე არანაირი გავლენა არ აქვს. საქართველოს ეკლესიამ აფხაზეთის პრობლემის დროებითი გადაწყვეტისათვის სხვა გზა უნდა მონახოს. ფაქტობრივად, აფხაზეთის ტერიტორიას ვერც საქართველოს სახელმწიფო აკონტროლებს და ვერც მართლმადიდებელი ეკლესია. ამიტომ, ჩემი აზრით, საქართველოს ეკლესიამ შუალედური გამოსავალი უნდა მონახოს და რომელიმე სხვა ეკლესიას დართოს ნება, რომ მათ შეუშვან მათივე ხელდასმული მღვდლები. ეს შეიძლება იყოს ან რუსეთის ან საბერძნეთის ეკლესია. სწორი გადაწყვეტილება იქნება დროებით საბერძნეთის ეკლესიას მოეხდინა მღვდლების ხელდასმა. საბერძნეთი უფრო შორს არის, თანაც რუსეთის გავლენას დააბალანსებდა. დავით სარსანიაც იმ სასულიერო ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც სწორედ საბერძნეთისკენ იხრება. ეს აუცილებელია, რადგან აფხაზეთის მართლმადიდებელი მოსახლეობა ჩვენი ეკლესიის მრევლია. თუ საქართველოს საპატრიარქო მარტო პროტესტებით შემოიფარგლება - არავინ არ შევიდესო - გამოდის, ჩვენ ამ ხალხს კანონიკური მღვდელმსახურების გარეშე დატოვებისათვის ვწირავთ", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"ეს აკრძალვა, რომ არავინ შევიდეს, ქრისტიანული მიდგომა არ არის. რაღაც გზა უნდა გამოინახოს და ვინაიდან ჩვენ აფხაზეთში მღვდელს ვერ ვაგზავნით, საქართველოს ეკლესიის თანხმობით ოფიციალურად და დროებით რომელიმე ეკლესიას ნება დავრთოთ მათი ხელდასმული მღვდელი შეუშვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღაც არაოფიციალურად მივა. მრევლს სჭირდება მოძღვარი, წირვა-ლოცვა და ზიარება. შეიძლება 50 წლის შემდეგ აღსდგეს საქართველოს იურისდიქცია, მანამდე იმ ხალხს რა ვუყოთ, ვინც ამ 50 წლის განმავლობაში დატოვებს ამ სოფელს და სხვა სოფელში გადასახლდება? ზიარების გარეშე უნდა გავუშვათ ეს ხალხი?" - დასძენს აბაშიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია