რაზე ისაუბრეს ხოფერიამ და "იმედის" ხელმძღვანელობამ დახურულ კარს მიღმა - ჟურნალისტი მოლაპარაკების დეტალებზე

რაზე ისაუბრეს ხოფერიამ და "იმედის" ხელმძღვანელობამ დახურულ კარს მიღმა - ჟურნალისტი მოლაპარაკების დეტალებზე

"ჟურნალისტი ეკა ხოფერია "იმედზე" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვას ინგა გრიგოლიას ფაქტორს უკავშირებს. მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებისგან თავს შეიკავებს, თუმცა მისი კოლეგის ნათქვამში ეჭვი არ ეპარება, რომ გადაცემები პოლიტიკური დაკვეთის გამო დაიხურა.

ამბობს, რომ გრიგოლიას გარდა არხმა პროდიუსრებს და გადაცემების შემოქმედებით ჯგუფს კონტრაქტი გაუგრძელა და უახლოეს მომავალში ახალ პროექტებზეც დაიწყებენ მუშაობას. რა განმარტებები მოისმინეს ჟურნალისტებმა "იმედის" ხელმძღვანელობისგან გადაცემების დახურვიდან მესამე დღეს და ემუქრება თუ არა სიტყვის თავისუფლებას საფრთხე, ამ და სხვა საკითხებზე "რეზონანსი" ცნობილ ჟურნალისტსა და "იმედის კვირის" აწ უკვე ყოფილ წამყვანს, ეკა ხოფერიას ესაუბრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ეკა ხოფერია: არ მაქვს საფუძველი გრიგოლიას ნათქვამში ეჭვი შევიტანო.

"არხის ხელმძღვანელობას შევხვდი 31 აგვისტოს - "რეაქციის" და "იმედის კვირის" დახურვასთან დაკავშირებით მაინტერესებდა დეტალები. მაგრამ, სამწუხაროდ, ახალი ვერაფერი მოვისმინე, რაც იქამდე არ ვიცოდი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ინგა გრიგოლიას ფაქტორს უკავშირდება. ვერ მოვისმინე ის არგუმენტები, თუ რის გამო უნდა დახურულიყო გადაცემა. თავს ვიკავებ ასეთი განცხადების გაკეთებისგან, მაგრამ არ მაქვს საფუძველი, რომ ინგას ნათქვამში ეჭვი შევიტანო იმიტომ, რომ სხვა არგუმენტი, რატომ არ უნდა ყოფილიყო "რეაქცია", ვერ მოვისმინე. თუმცა მე მაინც ასეთი განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, იმის მიუხედავად, რომ არხის ხელმძღვანელობა ინგა გრიგოლიას გარეშე აპირებს სხვა ტიპის ორი გადაცემის გაკეთებას, რაც ჩემთვის მიუღებელია. ინგა გრიგოლიას ახლა თმის ფერის გამო არავინ დაიწუნებდა, ეტყობა, სხვა ტიპის შენიშვნები ჰქონდათ და არ მოსწონდათ", - ამბობს ეკა ხოფერია.

"ზუსტად ვიცოდი, რამე რომ ყოფილიყო, ინგა არ დაბრუნდებოდა, მაგრამ მაინც დაველაპარკე ხელმძღვანელობას, რომ იქნებ რაღაც მოგვეფიქრებინა და სხვა ფორმატით გასულიყო ეთერში, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფერი მოვახერხე. ამბობენ, რომ პოლიტიკური თოქ-შოუები აღდგება კვირასაც და პარასკევსაც, მაგრამ ამ ეტაპზე ფიქრობენ, რა ტიპის უნდა იყოს ეს გადაცემები და ვინ იქნებიან წამყვანები", - აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.

"გადაცემების დახურვა არ არის კარგი. საარჩევნო წელია თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, არხისთვის არ არის კარგი, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე არ გაიმართება დისკუსია და მითუმეტეს საარჩევნო წელს. აქედან გამომდინარე, "იმედი" პოლიტიკური გადაცემების გარეშე წარმოუდგენელია. სხვა თემაა, მე პირადად რამდენად მინდა ასეთი სახის გადაცემებში მონაწილეობის მიღება, როგორც წამყვანს. წლების წინ ავირჩიე სხვა ტიპის ფორმატი - საზოგადოებრივ-შემეცნებითი. მაგრამ როგორც ჟურნალისტს, რომელიც ამ არხზე მუშაობს, მიმაჩნია, რომ "იმედის" მთავარი მამოძრავებელი ძალა არის საინფორმაციო გამოშვებები და მასთან ერთად საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები. ამიტომ მათ თქვეს, რომ გაანახლებენ რაც შეიძლება მალე. ინგას თხოვნა იყო, რომ შენარჩუნებულიყო მისი გუნდი, არ დარჩენილიყვნენ სამსახურის გარეშე და, როგორც გვითხრეს, მათი რესურსი იქნება გამოყენებული სხვა პროექტებში", - განმარტავს ჟურნალისტი.

"მათ მიიღეს სრული გარანტია, რომ ამ ტიპის პროექტები როცა მომზადდება, აუცილებლად იქნებიან ჩართულები. კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ იმ ეტაპამდე მათ ჩვეულებრივ გაუგრძელდათ კონტრაქტი.

მათ არც ვამტყუნებ იმიტომ, რომ ეს ჯერ პირველ რიგში ინგას სურვილი იყო, რომ არ წამოსულიყვნენ და არ დარჩენილიყვნენ სამსახურის გარეშე. ხელმძღვანელობამ ინგას სურვილი შეასრულა და ერთი მხარე მოგვარებულია, მაგრამ ადამიანურად მათთვის ძალიან ძნელია, რადგან ეს ინგას გუნდია. "იმედის კვირის" შემოქმედებითი ჯგუფი ხომ ინგას მიერ არის დაკომპლექტებული. გამომდინარე იქიდან, რომ მე და ინგას, გარდა "იმედის კვირისა", გვქონდა ჩვენი პროექტები, რომელთაც ძალიან დიდი რესურსი მიაქვს, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ ჩვენი სურვილი იყო, დავრჩენილიყავით ჩვენს პროექტებში. "იმედის კვირაში" კი მოსულიყვნენ ახალი წამყვანები. გადაცემის არსებობის მანძილზე "იმედის კვირის" ჟურნალისტები ნატალია ქაჯაია, სოფო მთივლიშვილი და ლევან ჩხაიძე რამდენჯერმე შემოვიდნენ, როგორც თანაწამყვანები. ჩვენი სურვილი იყო და პირადად მეც არა ერთხელ გავეცი რეკომენდაცია, რომ ნელ-ნელა ახალი თაობისთვის დაგვეთმო ეთერი და "იმედის კვირაში" ახალი სახეები გამოჩენილიყო. გადაცემა დარჩენილიყო და, უბრალოდ, ფორმატში შესულიყო გარკვეული ცვლილებები, ჩვენ კი ჩვენს პროექტებს მივხედავდით. ინგას მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ მას სურდა კიდევ უფრო გაეძლიერებინა "რეაქცია" და მთელი მისი ძალისხმევა ამაზე ყოფილიყო მიმართული. როგორც ვიცი, აშშ-ში (სადაც აგვისტოში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა - რედ.) ძალიან ბევრი რამ გაიგო, მოისმინა რჩევები და აპირებდა ამ ყველაფრის გათვალისწინებას. ჰქონდა ბევრი ახალი გეგმა, უნდოდა რეპორტაჟების გაკეთება, სადაც თვითონ აპირებდა წასვლას. ამიტომ ამ მოვლენას ერთმანეთთან საერთოდ არ ვაკავშირებ, პირიქით, ინგას სურვილი იყო, რომ დარჩენილიყო "იმედზე" და "რეაქცია" ყოფილიყო კიდევ უფრო გაძლიერებული, ისევე როგორც ჩემი", - დასძენს რესპონდენტი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია