გელა შარშია?!

გელა შარშია?!

ტრენერი დავით ჩიკვაიძე საკუთარ ბლოგზე მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელიც ბევრ დასაქმებულს, განსაკუთებით კი გაყიდვების სფეროს თანამშრომლებს, საკუთარ საქმიანობაზე დააფიქრებს და შესაძლოა, ბლოგპოსტის მოქმედი გმირის, გელას შეცდომებში ბევრი საკუთარი ნაკლიც იპოვოს. გელა ტრენერ დავით ჩიკვაიძის სუპერგმირია, რომელიც ამჯერად გაყიდვების მენეჯერს განასახიერებს. გთავაზობთ "გელა გმირია?!"-ს რეპოსტს ბლოგიდან Chikvaidze.ge

***

გელასთან ტელეფონი რეკავს. "შეფი" ეძახის. კაბინეტში უხმობს. მოკითხვის შემდეგ ეუბნება, რომ მისი დაწინაურების დრო მოვიდა და განყოფილება უნდა ჩაიბაროს. მერე ბონუსზე და ხელფასზეც უთანხმდება. კიდევ ბენზინის ლიმიტს უზრდის და კორპორატიული მანქანის გამოყოფაზე ესაუბრება. ბოლოს ემშვიდობება და ულოცავს გელას ამ დამსახურებულ წარმატებას. გელა შოკშია. უკვე ფიქრობს, რომ თავის "ძველ ტროიკას" გაყიდის გაზის აპარატურიანად და იქნებ რაიმე ახალი მანქანა ჩამოიყვანოს, ან სულაც მანქანების ჩამოყვანის ბიზნესი დაიწყოს. იცის, რომ ეგ ბიზნესი მოკვდა, მაგრამ მაინც უნდა. მანქანები მაგრად ევასება. თან ფიქრობს, რომ "გაუყიდავი" მაინც არ დარჩება. გელა ამ ფიქრებშია, როდესაც რეკავს… მაღვიძარა რეკავს.

გელა იღვიძებს და ორ რამეს აცნობიერებს. იმას, რომ ეს ყველაფერი დაესიზმრა და ის, რომ მაგარ შარშია, აგვიანდება. ორშაბათის დილის თათბირზე აგვიანდება. უცებ საპარსს ეცემა, მაგრამ გაახსენდება, რომ "ლამბერსექსუალობა" მოდაშია და სამსახურში შესაბამისი მიზეზისდა გამო ვერ "გაუხურებენ". სწრაფად იცმევს, აღმოაჩენს რომ დედას ყველაფერი წინასწარ დაუუთოვებია. მერე დედა ეუბნება, რომ "ჩაი მაინც დალიოს". გელა დედას პასუხობს, რომ ძალიან მნიშვნელოვან თათბირზე ეჩქარება. დედა ეჩხუბება, რომ "ამდენი საქმე და სულ სამსახური არ შეიძლება, ცოტა თავს უნდა მიხედოს გელამ". დედა მოსიყვარულე თვალებით აცილებს გელას სამსახურში იმის ფიქრში, რომ "რა კარგი შვილი გაუზარდა ქვეყანას", თან თავისთვის ნერვიულობს, რომ გელას ცოლი არ მოყავს, ალბათ ჯერ მისი "შესაფერი" გოგო ვერ ნახა, დედამ ენაცვალოს.

სახლის კარი იკეტება. გელა სადარბაზოშია, მაგრად ეწევინება და ლიფტში აბოლებს. მაინც ვერავინ ვერ გაიგებს, რომ ლიფტში გელამ მოწია. თავის მანქანაში ჯდება და უცებ გაგაზავს თავისი ძველი "ტროიკით"… მაგრად აგვიანდება ორშაბათის თათბირზე. თათბირზე კიდევ რომ დაიგვიანოს, შარშია. მანქანაც არ უწყობს ხელს, რომ ბორდიურებზე ავიდეს და უფრო მოკლე გზით ეცადოს სამსახურში მისვლას. ერთხელ სცადა, მაგრამ მანქანა გააფუჭა და მერე ორი კვირა პროფილაქტიკაში დადიოდა, თან სამსახურში ატყუებდა, რომ პოტენციურ კლიენტებს ვხვდებიო.

გელა უკვე სამსახურთანაა, მაგრამ 5 წუთით მაინც აგვიანებს. თათბირზე, მეტი ეფექტისათვის, ქოშინით და სასოწარკვეთილი სახით შედის. ჩუმად ჯდება, რომ არავინ არ შეამჩნიოს. თან ზუსტად იცის, რომ ვიღაც კიდევ დააგვიანებს და გელა არ იქნება ბოლო. გელა მართალია, ცოტა ხანში მისსავით ქოშინით ბესოც შემოდის და ჩუმად ჯდება; იმის იმედად, რომ ბესოს მერეც ვიღაც დააგვიანებს.

თათბირი მძიმედ მიდის, შეფი გაბრაზებულია, გაყიდვების გეგმა ვერ სრულდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო. განსაკუთრებული პრობლემებია კლიენტების კუთხით. შეფს ბევრ მიზეზებს ეუბნებიან. დოლარის კურსი, ხალხს შია, შარშან ამ დროს მაგრად იყვნენ იმიტომ, რომ ინვესტიციები შემოდიოდა. ხალხი მარტო საკვების ყიდვაზეა გადასული. მიზეზი უამრავია. ყველა თავის ვერსიას ამბობს. ცდილობენ, შეფს დააჯერონ, რომ მათი ბრალი კი არა, კრიზისის ბრალია.

ბოლოს, შეფი მომავალი თვის გეგმას ამცნობს დამსწრე საზოგადოებას, რომელიც წინა თვესთან შედარებით უფრო მაღალია.

თათბირზე უკმაყოფილების ხმები ისმის აქა-იქ, მაგრამ ხმამაღლა ვერავინ ვერაფერს ამბობს, რადგანაც იციან, რომ "შეფი" რომ გაბრაზდეს და გაუშვას, წასასვლელიც არსად აქვთ, რადგამ სხვა კომპანიებში"ესეთი" ადგილები უკვე დიდი ხანია შევსებულია და არავინ არ სთმობს ადვილად. თან კრიზისია...

თათბირი მთავრდება. გელა ოთახში შედის და თავის კოლეგებთან ერთად არჩევს, რომ ახალი გეგმის შესრულების შანსი არ არის. მერე მიზეზებსაც აყალიბებენ. ყველა"გატეხილშია". ფაქტია, რომ მეტი მუშაობა მოუწევთ.

ამ დროს გელას კორპორატიული ტელეფონი რეკავს. შეფი ეძახის. გელას წუხანდელი სიზმარი ახსენდება და ადრენალინი თავში ურტყავს. გონია აწინაურებენ, სიზმარი უხდება. უკვე ახალ კორპორატიულ მანქანაზე ფიქრობს.

გელა ამ ფიქრებიდან შეფის მკაცრ ხმას გამოჰყავს. შეფი ეუბნება, რომ ძალიან უკმაყოფილოა გელას შედეგებით. გელა პასუხობს, რომ მისი ბევრი კლიენტი გადაწყვეტილების ეტაპზეა, ფიქრობს და მაგიტომ აქვს დაბალი გაყიდვები, მაგრამ ალბათ შემდეგ თვეში ყველა კლიენტი ერთად მოიფიქრებს და იყიდის, აბა სად წავლენ?! შეფი მაინც უკმაყოფილოა. მერე შეფი გელას ახსენებს, რომ ესეთი მისაბაძი ბიძა ჰყავს და უბრალოდ მის სახელს არცხვენს. შეფი გელას ბოლო შანსს აძლევს და ეუბნება, რომ გააქტიურდეს, თორემ მარტო ბიძამისის სახელი და ახლობლობა ვეღარ უშველის.

გელა "გატეხილშია". კაბინეტიდან გამოდის, მაგრამ არ იმჩნევს. ისევე არ იმჩნევს, როგორც მისი კოლეგა, ბესო, რომელიც შეფის კართან ატუზულა და გელას გამოსვლას ელოდება. ბესოსაც შეფი იბარებს. ბესოს უფრო ეშინია. მას უფრო ნაკლები "ზურგი" აქვს. მთავარი ბუღალტერის რეკომენდაციით არის მოსული.

გელა ოთახში ბრუნდება. საგონებელშია. არ იცის რა ქნას. საიდან მოიზიდოს ამდენი კლიენტი.

მერე ცოტა მშვიდდება, "ფეისბუქში" შედის და სქროლავს, თან ფიქრობს თუ რა ქნას, როგორ მოიქცეს.

მერე რამოდენიმე კლიენტს ურეკავს და მისი პროდუქტის პრეზენტაციას ტელეფონით უხსნის. კლიენტები ეუბნებიან, რომ მოიფიქრებენ და დაუკავშირდებიან. არავინ ყიდულობს, მაგრამ გელა მაინც ინიშნავს პლიუსად. რაც მთავარია, ხომ დარეკა და..

გელას თავისი ბიძაშვილი გიორგი ახსენდება. გელას გაჭირვების ტალკვესი. მერე გენიალური იდეა მოდის. ურეკავს გიოს და ეუბნება, რომ მაგარ შარშია და გიოს დახმარება უნდა. იქნებ როგორმე გიორგიმ თავის კომპანიას შეახვედროს, რომ გელამ თავისი პროდუქტი გაყიდოს. გიორგი დახმარებას პირდება. ცოტა ხანში ურეკავს და ეუბნება, რომ ყველაფერი მოუგვარა და შეხვედრაზე ელოდებიან.

გელა ხასიათზე მოდის.მგონი რაღაც გამოუვა. ბოლობოლო იმედი აქვს, რომ გიორგის კომპანიაში ისევე არ "მიაპაშოლებენ" როგორც სხვა, უცხო კლიენტები შვრებიან ამას.

გელა შეხვედრაზე მიდის გიორგის კომპანიის სათაო ოფისში. გზაში ახსენდება, რომ წვერი გასაპარსი აქვს, მაგრამ მერე ისევ ახსენდება, რომ სადაც მიდის იქაც ბევრი "ლამბერსექსუალი" დახვდება და ამით "გაპრავდება".

იცის, რომ წვერგაუპარსავი არ უნდა დადიოდეს შეხვედრებზე, მაგრამ…

გელა საცობში ხვდება და შეხვედრაზე 10 წუთით აგვიანებს. პრინციპში 10 წუთი რა მოხდა. ბოლობოლო ქუჩაში ხომ არ ელოდებიან. ოფისში მიდის.

გელა იქვე გიორგის ოფისთან აპარკინგებს, ვიღაცას კეტავს მანქანით მაგრამ არაუშავს. ალბათ ის ვიღაც საღამომდე არ გამოვა… თუ გამოვა და ორი წუთით მოიცდის.

გელა უკვე შეხვედრაზეა. გიორგი, გელას გააცნობს საზოგადოებას და გელაც თავის პრეზენტაციას იწყებს. იმდენჯერ აქვს ნათქვამი რომ ზეპირად იცის. მართალია შინაარსი ნაკლებად ესმის, მაგრამ ძირითადი მომენტების აზრზეა. იმდენს ლაპარაკობს რომ ვიღაცეეებს ამთქნარებთ.

გელა ჩუმდება და პრეზენტაციას ასრულებს. ყველა კეთილგანწყობილია. ზოგიერთს ეძინება.კრება რჩება მხიარული. გელას უხარია რომ"ყველაფერმა კარგად ჩაიარა". ბოლოს ყველა დამსწრე ეუბნება რომ მოიფიქრებენ და დაუკავშიდრებიან.

გელა სავიზიტო ბარათებსა და ბუკლეტებს ტოვებს. თან ამაყობს. მთელი 10 კაცი უსმენდა და არავინ არ აწყვეტინებდა. ამდენი მსმენელი ერთად არასოდეს არ ყოლია. თან დამლაგებელ ზინას ძალიან დააინტერესა გელას პროდუქტმა. ზინა გელას ჰპირდება, რომ ზაფხულის პრემიაზე აუცილებლად დაეზღვევა. გელას კიდევ ერთი "პოტენციური კლიენტი" ემატება დავთარში.

გელა თავისი კომპანიის ოფისში ბრუნდება. სუპერკმაყოფილია. საქმე გააკეთა. მერე თავის კოლეგებს უყვება, თუ რა მაგარი პრეზენტაცია "მისცა". თავისი კოლეგები შურის თვალით უყურებენ და ეუბნებიან, რომ "აბა გელას რა უჭირს, პრაქტიკულად შეუსრულებია გეგმა და ეგაა".

გელას აღარც კი ახსოვს დილის შარი. კომპიუტერს მიუჯდება. "ფეისბუქში" შედის. სქროლავს. სქროლავს. დღის გეგმა შესრულებული აქვს.

მერე ახსენდება, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაა და თავის ბოლო 30 ლარს დებს. იქნებ ამანაც ამოქაჩოს ფინანსურად.

უკვე შვიდი საათია. გელა ხუთ წუთსაც ითმენს. 19:05 ზე გადის, მაინც რა იცი, რა ხდება, თან შეფმაც იქნებ შეამჩნიოს, რომ დღეს გვიანობამდე იმუშავა.

ლიფტში ბესოსთან ერთად ხვდება. ბესომაც 5 წუთით გვიან გადაწყვიტა სახლში წასვლა.

გელა ძმაკაცებთან მიდის. ღამე ლიგაა. თან დადებული აქვს.

ძმაკაცებთან ბევრი ლუდი და ჩიფსები ხვდება. სანამ ფეხურთი დაიწყება, შანსებს არჩევენ.

ფეხბურთი ემოციების ფონზე მიდის. გელას ბოლო წუთზე უმართლებს და მისი ბილეთი იგებს. 240 ლარს იგებს. გელა უბედნიერესია. მეორე დღეს გეგმავს ძამაკაცებთან ერთად. თანხებს ანაწილებს. ცოტას კიდევ ჩააბრუნებს უკან, ცოტას ბარში დახარჯავს და ცოტას კიდევ საკრედიტო კომპანიის სესხის პროცენტსაც ჩახურავს, თორემ უკვე ტვინს უბურღავენ იმდენს ურეკავენ და გაშავებით ემუქრებიან.

გელა სახლში ბრუნდება. მამას უკვე სძინავს. დედა ელოდება. საყვედურობს, რომ ამდენი მუშაობისაგან ისედაც ძვალი და ტყავია დარჩენილი. გელა საწოლში წვება. ხვალ ისევ სამსახურში უნდა წავიდეს. არადა უკვე ღამის ორი საათია. გელა მაინც შედის "ფეისბუქში" და სქროლავს. გელას მალე ეძინება. ტკბილ სიზმრებში მიდის უკეთესი მომავლის იმედით.

ღამემშვიდობისა, გელა.

დედანი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია