დაპირებული საჩუქარი "პალიტრა L"-სგან: "უცნაური თომასი" - იუმორისა და საშინელებათა ჟანრის ნაზავი

დაპირებული საჩუქარი "პალიტრა L"-სგან:  "უცნაური თომასი" - იუმორისა და საშინელებათა ჟანრის ნაზავი

გამომცემლობა "პალიტრა L" ერთგულ მკითხველს ამჯერად "TOP თრილერის" მეხუთე წიგნს, "უცნაურ თომასს" სთავაზობს.

"წიგნები, რომლებზეც მსოფლიო ლაპარაკობს" - ერთ-ერთი სწორედ დინ კუნცის "უცნაური თომასია", რომლის ყიდვაც მკითხველს 7 სექტემბრიდან შეეძლება.

"მკვდრები არ ლაპარაკობენ, არ ვიცი, რატომ, სამაგიეროდ სწრაფი კვების რესტორნის მზარეულს ეცხადებიან". გაიცანით ოდ თომასი, თავმდაბალი ახალგაზრდა, დინ კუნცის ბრწყინვალე ბესტსელერის გმირი, სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მდგომი გალანტური გუშაგი, რომელიც თქვენს გულს დაატყვევებს.

სულთან ყოველი შეხვედრა ნადირობის დასაწყისია - სულს თომასი შურის საძიებლად მიჰყავს მათთან, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ან მათ დასახმარებლად, ვისაც ამქვეყნად ცხოვრების დრო ჯერ არ ამოსწურვია. თომასის საოცარი ნიჭის შესახებ მხოლოდ მეგობრებმა და საყვარელმა გოგონამ, სთორმი ლეველინმა იციან. სწორედ მათი დახმარებით ააცილებს ის დიდ უბედურებას უდაბნოს შუაგულში მოქცეულ პატარა ქალაქს.

ხოლო საბედისწერო საათების აღწერა, - როცა წარსული და აწმყო, იღბალი და ბედისწერა ერთმანეთს გადაკვეთენ, - ეს თავისებური აღთქმაა, რომლის მიხედვით ცხოვრება დაუვიწყარ ზღაპარში მოგზაურობას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ "TOP თრილერის" სერიაში თანამედროვე, ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული თრილერის ჟანრის წიგნები შედის. სერიის პირველი წიგნი ჯეიმზ პეტერსონის "ობობას გამოჩენაა", მეორე წიგნი გილიან ფლიმის "გაუჩინარებული ქალია", მესამე სტივენ კინგის "მობილური", მეოთხე იუ ნესბოს "თავებზე მონადირე", მეხუთე წიგნი წიგნი კი დინ კუნცის "უცნაური თომასია". სერია ამით არ მთავრდება და ერთგულ მკითხველს სამომავლოდ უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.

რაც შეეხება სერიის მეხუთე წიგნის ავტორს, ამერიკელი მწერალი-ფანტასტი დინ კუნცი ბავშვობიდანვე ოცნებობდა მწერლის კარიერაზე. ის ცნობილია, როგორც თრილერების ოსტატი. მისი წიგნები 38 ენაზე ითარგმნა და 200 მილიონზე მეტი ტირაჟით დაიბეჭდა. დინ კუნცის რომანების მიხედვით გადაღებულია კინო და ტელეფილმები.

"უცნაური თომასი" ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დაოსტატებული მთხრობელის შთამბეჭდავი ნაშრომია", - ამბობს მწერალზე რეჟისორი სტივენ სომერსი.

"ეს იუმორისა და საშინელებათა ჟანრის ნაზავია. კუნცმა საოცრად მომნუსხველი რომანი შექმნა. კურტ ვონეგუტის სტილში დაწერილი "უცნაური თომასი" განუმეორებელი, არაჩვეულებრივად სახალისო საკითხავია", - წერს "ნიუ-იორკ დეილი ნიუსი".

"შთამაგონებელია... ოდ თომასი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვაჟკაცობის, სიმართლისა და ერთგულების განსახიერებად წარმოგვიდგება. მე ძალიან მიყვარს იგი", - ამბობს მსახიობი ანტონ იელჩინი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია