მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შელაპარაკება მოხდა - დაპირისპირების დეტალები

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შელაპარაკება მოხდა - დაპირისპირების დეტალები

კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში , "იმედსა" და ტელეკომპანია "მაესტროზე" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

დისკუსიისას გასულ წელს "მაესტროში" მომხდარ გადაადგილებებზე, ჟურნალისტების ნინო ჟიჟილაშვილის, ვახო სანაიას, დიანა ტრაპაიძისა და თეონა გეგელიას გადაცემების დახურვაზე იმსჯელეს.

როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ აღნიშნა, ეს გადაცემები პოლიტიკური მოტივით არ დახურულა. მისი თქმით, ნინო ჟიჟილაშვილს უჭირდა საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელობა და სწორედ ამიტომ მოხდა მისი ჩამოშორება საინფორმაციოსთვის. თუმცა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ჟიჟილაშვილს ჰქონდა შეთავაზება, რომ იგი დარჩენილიყო საკუთარი თოქ შოუს "მაესტროს" ეთერში. მისივე განცხადებით, არც ვახო სანაიას, თეონა გეგელიას და დიანა ტრაპაიძეს გადაცემების დახურვას ჰქონდა პოლიტიკური მოტივი, რაზეც ვახო სანიასა და ბაია გადაბაძეს შორის მოხდა მცირედი შელაპარაკება. როგორც სანაიამ განაცხადა, მისთვის დღემდე გაუგებარი რჩება რატომ დაიხურა მისი გადაცემა (იხილეთ შელაპარაკების ვიდეო)

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტელეკომპანია "იმედზე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "რეაქციის" და "იმედის კვირის" დახურვაზე, რაზეც ინგა გრიგოლიამ განმარტა, რომ როდესაც გადაცემა არის რეიტინგული, მომგებიანი და ის იხურება, ეს არის პრობლემა.

"ფაქტია, რომ ორივე გადაცემა იყო მომგებიანი. არავის უთქვამს, რომ არხი ფორმატის შეცვლას გეგმავდა, ასევე არხის ხელმძღვანელობას ჩემს მიმართ გადაცემებთან დაკავშირებით არასდროს პრეტენზია არ ჰქონდა. მე ვიმყოფებოდი აშშ-ში, ჩემი გადაცემის წარმომადგენლებმა გადაცემის პრომო გადაიღეს. არხის ხელმძღვანელობამ ეს პრომო ნახა, უთხრეს რომ მოეწონათ, ხოლო 28-ში, როდესაც მე ჩამოვედი აშშ-დან მითხრეს, რომ გადაცემა დაიხურა, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეხვედრაზე "რუსთავი 2"-ში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დაწვრილებით ისაუბრა ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის მიმართ ატარებს კამპანიას. "ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასარგებლოა, რადგან საზოგადოების ზეწოლით აუცილებლად უნდა შევცვალოთ ხელისუფლების მოქმედების ის მანერა, რომლითაც ის მოქმედებს მედიის წინააღმდეგ. მას უკვე გადაკვეთილი აქვს ყველა წითელი ხაზი. ასეთი შეხვედრები აუცილებელია და დიდი ინტენსივობით უნდა ტარდებოდეს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან დარჩენილია ერთადერთი ის, რომ შევიდეს და გათიშოს "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა. "ყველა სხვა მეთოდი მან უკვე გამოიყენა. ჯერჯერობით ეს მეთოდები წარმატებას ვერ იღებს, მოლოდინები ჩვენი არის მაღალი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რადიო და TV "პალიტრის" ჟურნალისტის მერაბ მეტრეველის განმარტებით, ასეთი შეხვედრები სასარგებლო და აუცილებელია, რადგან უშუალოდ პირველი პირებისგან, კოლეგებისგან შეიძლება გაიგო რა ხდება მედიაში. "ასეთი შეხვედრები რაც უფრო ხშირად იქნება, უფრო მარტივი იქნება ჟურნალისტების მხრიდან ბრძოლა თუნდაც ზეწოლის წინააღმდეგ და ისეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც მედია თავისუფლებას ვნებს. ასეთ შეხევდრებზე შეიძლება პრობლემების წარმოჩენა და გზების დასახვა როგორ გამოვიდეთ ამ პრობლემიდან", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია