ფინანსური პრობლემების ჯაჭვი, რომელიც დენის გაძვირებას მოყვება - "მოსახლეობა იძულებული გახდება, მხოლოდ საჭირო პროდუქტი შეიძინოს"

ფინანსური პრობლემების ჯაჭვი, რომელიც დენის გაძვირებას მოყვება - "მოსახლეობა იძულებული გახდება, მხოლოდ საჭირო პროდუქტი შეიძინოს"

დენის გაზრდილი ტარიფის გადახდა მოსახლეობას ოქტომბრიდან მოუწევს, თუმცა საზოგადოებაში ჩნდება კითხვები გაძვირდება თუ არა საკვები პროდუქტი, პირველ რიგში - პური. AMBEBI.GE-სთან საუბრისას ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასი არა მარტო საკვებ პროდუქტზე, არამედ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზეც მოიმატებს.

"დენი აუცილებელი კომპონენტია ყველგან, იქნება ეს სამომხმარებლო, საწარმოო დანიშნულების, თუ მომსახურების სფერო. მაგალითად ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, აქ ელექტროენერგია მონაწილეობს, შესაბამისად, ტრანსპორტირების ხარჯი იქნება თუ განაწილების, ეს გამოიწვევს ფასის ზრდასაც", - ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე.

"რაც შეეხება პურის ფასის ზრდას, დენის კომპონენტი საწარმოო თვითღირებულებაში დაახლოებით 18-20%-ია, ამიტომ როდესაც დენი ძვირდება, ის ავტომატურად გამოიწვევს თვითღირებულების მატებას. მწარმოებლები დადგებიან ფაქტის წინაშე, ან შეამცირონ საკუთარი მოგება ან ფასი გაზარდონ", - ამბობს სოსო არჩვაძე.

ყველა პროდუქტზე ფასების ზრდას ვარაუდობს ექსპერტი გია ჯაფარიძე. მისი თქმით, დენის ტარიფის ზრდას ლარის გაუფასურებაც ემატება და ორი კომპონენტი ერთად, ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, ეს შეეხება როგორც საკვებ, ისე სხვა პროდუქტებს.

"წარმოიდგინეთ, მეწარმეები ხომ განსხვავებულ ტარიფს იხდიან, ცოტა უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი მომხმარებლები. მათაც ხომ გაუძვირდებათ ტარიფი? ანუ წარმოება ძვირდება, ხოლო თუკი წარმოება ძვირდება, საბოლოო პროდუქტი, რასაც საწარმო უშვებს, ისიც ხომ გაძვირდება? მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება პური თუ პლასტმასის ნაკეთობა, ყველა შემთხვევაში აბსოლუტურად ყველა პროდუქტი - საკვები იქნება თუ არასაკვები, გაძვირდება. ეს ხომ პირველად საქართველოში არ ხდება, მსგავსი რაღაცები სხვა ქვეყნებშიც მომხდარა. დენის ტარიფის გაძვირება აუცილებლად იწვევს ყველა პროდუქტზე ფასების მატებას.

ამასთან, ინფლაციისა და ლარის გაუფასურების პირობებში თითოეული მოქალაქის ზარალი უკვე განიზომება არა 40%-ში, არამედ სადღაც 80%-ში.

ვთქვათ პურის საცხობს გაუძვირეს დენის ტარიფი, ცხადია, რომ ეს აისახება პურის ფასზე, პურის ფასზე სხვა კომპონენტიც აისახება - პურის ქარხნის პატრონი ხორბალს ხომ ყიდულობს, ეს ხორბალი იმპორტირებულია, როდესაც ლარი უფასურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხორბლის შემოტანა უფრო ძვირი უჯდება. ამ ორ მოვლენას ერთმანეთს თუ დავუკავშირებთ, პურის ფასის მატება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა მოქალაქის ჯიბეს შეეხება", - ამბობს გია ჯაფარიძე.

"ახალი ეკონომიკური სკოლის" ხელმძღვანელის, პაატა შეშელიძის თქმით, მოსახლეობა იძულებული იქნება აუცილებლად საჭირო პროდუქტი შეიძინოს, ზოგ რაღაცაზე კი უარი თქვას.

"ყველას, ვისაც გაუძვირდება ელექტროენერგიის მოხმარება, შეიძლება ტვირთი გადაიტანოს მოხმარებაზე და მაქსიმალურად გაზარდოს თავისი პირობების ფასი, მაგრამ აქ მეორე საკითხია, გაზრდილ ფასად შეიძენს თუ არა მოსახლეობა პროდუქტს. ზოგი რაღაცას შეიძენს იმიტომ, რომ უფრო სჭირდება, ზოგს კი ვეღარ.

როგორც წესი, ფასი შეიძლება ყველაფერზე გაიზარდოს, მაგრამ პურს მთავრობის მხრიდან სხვანაირი ყურადღება აქვს ხოლმე, არაფორმალურად არეგულირებენ, ამიტომ ძნელი სათქმელია, როგორი განვითარება ექნება ამ სფეროს", - ამბობს პაატა შეშელიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 3 სექტემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 12.980 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 16,992 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 21.476 თ/კვტსთ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ამავე თემაზე| თბილისელების რეაქცია დენის გაძვირებასთან დაკავშირებით - "როგორც მოქალაქე, გაოგნებული ვარ..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია