ვაჟა-ფშაველას ბევრისთვის უცნობი პირადი ცხოვრება: ბუმბერაზი პოეტის "ცოლები" და სიყვარულის ისტორიები

ვაჟა-ფშაველას ბევრისთვის უცნობი პირადი ცხოვრება: ბუმბერაზი პოეტის "ცოლები" და სიყვარულის ისტორიები

ვაჟა-ფშაველას ნამდვილი სახელი შეიძლება ბევრმა იცოდეს, თუმცა ბუმბერაზი პოეტის პირადი ცხოვრება და სიყვარულის ისტორიები ცოტამ. ცნობილია, რომ ვაჟას ორი ცოლი ჰყავდა, სიყვარულით კი ბევრჯერ ჰყვარებია, თუმცა საპირისპირო სქესს სიყვარულში ხშირად ვერ უტყდებოდა.

ლუკა რაზიკაშვილის პირადი ცხოვრების დეტალებზე AMBEBI.GE-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ შარაბაძე ესაუბრა.

"ვაჟა, როგორც თავის დაუმთავრებელ ავტობიოგრაფიაში წერს, ხშირად ყოფილა შეყვარებული, მაგრამ ეს სიყვარული დარჩენილა მასში, სანამ ერთხელაც ამილახვრის უკანონი შვილს სიყვარულში არ გამოუტყდა.

ვაჟა ცნობილი თავადის, ოთარ ამილახვრის ოჯახში შინა მასწავლებლად მიიწვიეს, სწორედ ამ ოჯახში შეუყვარდა ამილახვრის უკანონო შვილი, დაქვრივებული ქალი კეკე. იმ დროს უკანონო შვილი შვილად არ ითვლებოდა, ამიტომ კეკეს დედის გვარი, ნებიერიძე ჰქონდა. ის იყო ძალინ წყნარი და მშვიდი. ვაჟასთან ოთხი შვილი - თამარი, მარიამი, გულქანი და ლევანი შეეძინა, მეხუთე შვილზე კი მშობიარობას გადაჰყვა.

კეკეს სიკვდილის დროს ვაჟა მასთან არ ყოფილა. პოეტი ხშირად დადიოდა თავის დასთან ყვარელში, სადაც ნადირობდა და სხვა პროდუქტებთან ერთად ოჯახში ნანადირევიც მიჰქონდა. კეკეს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, სახლში არავინ იყო, ბავშვები ვერც კი მიხვდნენ, რომ დედა გარდაიცვალა, მეზობლებმა მას შემდეგ შეიტყვეს, როდესაც შიშველი ბავშვები გარეთ გამოცვივდნენ.

ყვარელში ფშავიდან კაცი ჩამოვიდა და ვაჟას უთხრა "ვაჟა ცოლ-შვილი გიჟივისო". როგორც გადმოსცემენ ამის გაგების შემდეგ ვაჟამ დალია, ფანდური აიღო და სწორედ მაშინ შეიქმნა მისი ლექსი "იას უთხარით ტურფასა, მოვა და შეგჭამს ჭიაო". ამ ლექსში მან თავისი გულისტკივილი ჩააქსოვა.

კეკეს გარდაცვალების შემდეგ ვაჟას შვილების აღზრდაში მისი ძმის, ბაჩანას ცოლი ეხმარებოდა, მაგრამ ყველამ ურჩია, მეორე ცოლი მოეყვანა. პოეტის რჩეული თამარ დიდებაშვილი გახდა. ვაჟა ძმასთან ერთად ქალის დასანიშნად წავიდა. არსებობს თამარის მამასთან დადებული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ ვაჟას ეს ქალი ხასად მოჰყავდა, მაგრამ ხასა საყვარელს არ ნიშნავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვაჟა შეხედავდა თამარს თუ როგორ მოუვლიდა მის შვილებს, ოჯახს და ამის შემდეგ გადაწყვეტდა დაეწერა თუ არა მასზე ჯვარი.

ხელშეკრულების დადების შემდეგ ვაჟამ ქალი მაღაროსკარში ჩამოიყვანა, სადაც შვილები და ძმა ელოდებოდნენ. არსებობს ვაჟას შვილის, გულქანის ასეთი მოგონება - ბაჩანას ცოლს პატარებისთვის უთქვამს, რომ დედა მოდისო, ბავშვებიც მიცვივდნენ და ცხენზე მჯდომ თამარს შემოეხვივნენ, მან კი პატარებს ცოტათი ფეხი გაჰკრაო. თამარი უცხო ოჯახში შედიოდა და შეიძლება ნერვიულობდა, ბაჩანას ცოლს კი უთქვამს, თამარ ესენი ობლები არიან და ღმერთი არ გაპატიებსო.

თამარს შეეძინა შვილი ვახტანგი, მაგრამ კამათობენ, რომ ვახტანგი ვაჟას შვილი არ იყო. ამბობენ, თამარს რკინიგზელი მუშა უყვარდა, რომელიც დაიღუპა და ვახტანგი მისგან ჰყოლია. როცა ბავშვი ეყოლა, ვაჟასთან ცხოვრობდა, მაგრამ პოეტის შვილიშვილები ინტერვიუებში ამბობენ, რომ ვახტანგს გვარი რაზიკაშვილი მერე მისცესო, ეტყობა ვაჟა ყოყმანობდა მიეცა თუ არა მისთვის გვარი.

ვაჟა რომ გარდაიცვალა, თამარი ცოცხალი იყო. როდესაც ცოლ-შვილი პანაშვიდზე ჩამოვიდა, მათ დანახვაზე ეკლესიის ეზოში მდგარი ხალხი ორ ნაწილად გაიყო, ოჯახმა პოეტი ხმამაღლა ვერ დაიტირა, რადგან სოფლიდან ჩამოსულები ძალიან მორცხვები იყვნენ. მოგვიანებით თამარი და გულქანი ამბობდნენ, არ გვეგონა მამა ასეთი დაფასებული და დიდი თუ ყოფილაო.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE