კახეთში "ყურძნის დუღილი" პიკს აღწევს: აგრესიული მევენახეები, ნაცემი დეპუტატი და პრემიერის განცხადება შექმნილ ვითარებაზე

კახეთში "ყურძნის დუღილი" პიკს აღწევს: აგრესიული მევენახეები, ნაცემი დეპუტატი და პრემიერის განცხადება შექმნილ ვითარებაზე

ხმაურით დაიწყო დილა დღეს გურჯაანში - კახეთის სხვადასხვა რაიონის მევენახეებმა თელავი-თბილისის გზის გურჯაანის მონაკვეთი გადაკეტეს და ყურძნის არსებული ფასის მომატებას ითხოვდნენ. გზის გადაკეტილი მონაკვეთი პოლიციამ ცოტა ხნის წინ გახსნა. მანამდე კი გურჯაანში მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დეპუტატი აცხადებს, რომ ადამიანი, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მისი მიმართულებით პოლიციელთა ჯგუფიდან წავიდა.

ამ დროისთვის აღნიშნული პირი დაკავებულია. ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს ადგილზე სიტუაციის გაკონტროლება სთხოვა და მოუწოდა, პროვოკატორები მოაშორონ.

მევენახეებისა და ყურძნის ჩაბარების თემას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სუბსიდირება და ყურძნის ჭარბი რაოდენობის ჩაბარება სახელმწიფოს 60 მილიონი უჯდება.

"სუბსიდირება და ჩაბარება 60 მილიონი ჯდება. მე როგორც მინისტრისგან ვიცი, კომპანიებში თეთრი ყურძნის ფასი 70 თეთრია. მისი თვითღირებულება 30-35 თეთრს შეადგენს, ანუ გლეხები 100%-იანი მოგებით აბარებენ ყურძენს", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა უშუალოდ ღვინის მწარმოებელ კომპანიებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მათ რთული ვითარება აქვთ.

"მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ წელს კომპანიებს აქვთ რთული ვითარება. რომ არ გაეთვალისწინებინათ პოლიტიკური სიტუაცია, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა და მთელი ფაქტორები, მე არ გამოვრიცხავ, რომ კომპანიების უმეტესობას საერთოდ უარი ეთქვა ყურძნის ჩაბარებაზე. მე მათიც მესმის, რადგან შეუმცირდათ გაყიდვები, რუსეთში ვეღარ გააქვთ იმდენი პროდუქცია, ევროპაშიც მძიმედ გადის - ექსპორტის კლება გვაქვს. ასე რომ, კომპანიებს აქვთ მძიმე ვითარება. სახელმწიფოს კი რაც შეუძლია - 60 მილიონ ლარამდე, რაც შარშან დახარჯა, წელსაც ხარჯავს. თანაც, უნდა აღვნიშნოთ, რომ კახეთის გარდა, ჩვენ გვაქვს სხვა რეგიონებიც. ყველგან პრობლემებია, რადგან სხვაგანაც იყო სტიქია. ყველა ადამიანს თანაბრად უნდა დავეხმაროთ. მე ასეთი პოზიცია მაქვს", - განმარტა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე გლეხებსაც მიმართა და სთხოვა, "პროვოკატორს" აღარ შეხვდნენ. თავის მხრივ, პრემიერმა მინისტრებსაც მოუწოდა, რომ შეხვედრები "ნამდვილ ფერმერებთან" გამართონ და არა გადაცმულ "ნაციონალებთან".

"მე გირჩევდით, რომ არ შეხვდეთ პროვოკატორებს და არ მისცეთ ვიღაც დესტრუქციულ ძალებს საშუალება გამოგიყენო სიტუაციის უფრო დასაძაბვად. თქვენ კი, მინდა მინისტრებს მივმართო, შეხვდით მოსახლეობის კონსტრუქციულ ნაწილს, ნამდვილ ფერმერებს და არა უბრალოდ "ნაციონაალური მოძრაობის" გადაცმულ წევრებს, რომლებსაც ვენახი არც უნახავთ თვალით. რომლებსაც არც ვენახი აქვთ, არც ყურძენი და საერთოდ არ ანაღვლებთ გლეხის მდგომარეობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თემასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

"კერძო ქარხნებში თეთრ ყურძენზე დაფიქსირებულია 70 თეთრი. წითელი ყურძენი ღირს 80 თეთრიდან ზევით. ჩვენ გარანტირებულად, იმიტომ რომ შეიძლება ყურძენი იყოს ჭარბი, მზად ვართ, 60 თეთრში მივიღოთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია