"ვიცი, რომ სტადიონს თავაწეული დავტოვებ" - "ბორჯღალოსნების" მსოფლიო თასის მოლოდინში

"ვიცი, რომ სტადიონს თავაწეული დავტოვებ" - "ბორჯღალოსნების" მსოფლიო თასის მოლოდინში

მახსოვს, 1995 წლის 10 ოქტომბერი იყო. სურამში ვიღაც მადლიანმა შუქი გამოუშვა. მე და ბაბუ ვიყავით სახლში. ტელევიზორს მივუჯექით, პირველ არხზე რაგბი გადიოდა - საქართველო-გერმანია. მაშინ არც მე და არც ბაბუმ არ ვიცოდით, რომ გერმანიის ნაკრები სარაგბო თემში მეორეხარისხოვან გუნდად ითვლებოდა და მასთან მოგება (14-3) ორივეს ძალიან გვიხაროდა. მთელ თამაშს ჩემთვის საყვარელი ადგილიდან ვუყურე, ბაბუს მუხლზე ვიჯექი და თავი მის კისერში მქონდა. წესებს ერთმანეთს ვუხსნიდით და ორივეს ბავშვურად გვიხაროდა, რომ განუვითარებელი საქართველო განვითარებულ გერმანიას ამარცხებდა. არ ვიცი, მანამდე თუ ჰქონდა ბაბუს რაგბთან შეხება, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად პირველი შეხება იყო.

იმის მერე ბევრჯერ გავიხარეთ ერთად მე, ბაბუმ და ბორჯღალოსნებმა. მაშინ, 20 წლის წინ, ვერც მე და ვერც ბაბუ (ალბათ ვერც "ბორჯღალოსნები") ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიოს თასზე ითამაშებდა, თან არ იქნებოდა სტატისტის როლში და ჯგუფიდან გასვლის პრეტენზიაც ექნებოდა. გული მწყდება, რომ ჩემი ბაბუ ხვალ ვერ ნახავს ამ თამაშს და მაშინდელივით ბედნიერი არ მეტყვის: ხედავ ბაბუ, როცა გულით აკეთებ, შენზე გაცილებით ძლიერიც ვერ დაგიდგება წინ. მაგრამ მიხარია, რომ არსებობს გუნდი, რომელიც მეიმედება, მეამაყება და მეგულება. მიხარია მათი გამოჩენა, რადგან ვიცი, რომ მიუხედავად შედეგისა, სტადიონს თავაწეული დავტოვებ, ვიცი ჩემი გუნდი არასოდეს მიღალატებს, რადგან რაგბი არაა მოღალატეების თამაში, თუ რაგბს თამაშობ, ესე იგი კაცი ხარ, კაცი რომელმაც იცი, რომ შენს უკან გუნდია, უკან ადამიანები არიან, ვინც გგულშემატკივრობენ, შენს ყველა ბოჭვას განიცდიან, ამიტომაც ბოლომდე იხარჯები.

რაგბი ავადმყოფობაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით არ გადაიცემა, მაგრამ თუ დაავადდი განკურნება გამორიცხულია. ქართველმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს და რაგბით ბევრი ადამიანი მოწამლეს, მოწამლულის მკურნალობას ისევ თვითონვე ცდილობენ, მათი დადებული ყველა ლელო მოწამლულის წამალია, ჰოდა ბორჯღალოსნებიც გვმკურნალობენ.

ხვალ მსოფლიოს თასზე პირველი თამაში აქვთ ჩვენს ბიჭებს. ტონგას ძალიან ძლიერ ნაკრებს ხვდებიან, იქნება ომი, იქნება დაუნდობელი ჯახი, თუმცა რაგბის ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ მსაჯის სასტვენისთანავე გუნდები ერთმანეთს ხელს ართმევენ და მოედანზე დაწყებულ ომს ივიწყებენ. აკი ამბობენ კიდეც - რაგბი "ხულიგნების" თამაშია, რომელსაც ჯენტლემები თამაშობენო.

რაგბს თხუთმეტი კაცი თამაშობს, თუმცა არსებობს მეთექვსმეტე მოთამაშეც, რომელსაც ყველა პოზიციაზე ერთნაირად შეუძლია თამაში, შერკინების ბურჯიცაა, მარბიელიც, ფლანკერიც და თუ საქმეს დასჭირდა ჰუკერობასაც იოლად ითავსებს, ეს მეთექვსმეტე მოთამაშე ყველა მეტოქისათვის ყველაზე საშიშია. ეს მეთექვსმეტე მოთამაშე გულშემატკივარია, რომლის მხარდაჭერასაც ვინ-ვინ და ბორჯღალოსნები უპირველეს ყოვლისა, იმსახურებენ.

აგერ უკვე 20 წელია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებით ვამაყობ, ნამდვილად არ ვიცი, რამდენი წელი ვიცოცხლებ, თუმცა ის ნაღდად ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ამ ბიჭებით ვიამაყებ, გულწრფელად გავიხარებ ყველა ლელოთი, გავიხარებ მათი ნამღერი ჰიმნით და ყოველი თამაშის წინ სიამაყით ვიტყვი - #მევარმე16

AMBEBI.GE

ლადო გოგოლაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია