"რუსთავი 2" ფინანსების გარეშე: ტელევიზიის თავს დატეხილი განსაცდელის სრული ანალიზი

"რუსთავი 2" ფინანსების გარეშე: ტელევიზიის თავს დატეხილი განსაცდელის სრული ანალიზი

"გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით - მან თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა", - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას "რუსთავის 2"-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით. გვარამიას ახლა, საზოგადოების დახმარების იმედი აქვს და ამბობს, რომ "სანამ არხი დაიხურება, მანამდე ხელისუფლებას დახურავენ". აღსანიშნავია, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია "საქართველოს" წილები დააყადაღა, რომელიც თავის მხრივ ფლობდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში 51%-იან წილს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მოთხოვნით უკვე აქამდეც დაყადაღებული იყო "რუსთავი 2"-ის წილი და ქონება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "რუსთავი 2" ფინანსების გარეშე - არხის ფუნქციონირება საფრთხეშია.

"როგორც გუშინ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია "საქართველოს" წილის გასხვისება. კერძოდ, ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია "საქართველოში" მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ გრძელდება ფიქტიური გარიგებების ჯაჭვი, რომლის მიზანია დამატებითი ბარიერების შექმნა ქიბარ ხალვაშისათვის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სამართლებრივი მექანიზმებით დაბრუნების გზაზე. სალიას თქმით, მიზანი იყო "რუსთავი 2-ის" ფინანსური ვალდებულებით ხელოვნურად დატვირთვა, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესება და, საბოლოო ჯამში, იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაში გახდებოდა მესაკუთრე, მის წინააღმდეგ ბერკეტად გამოყენება - შეეშალათ ხელი ტელეკომპანიის ფუნქციონირებისთვის ამ თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით", - აღნიშნავს გამოცემა.

"ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ პირს, რომელიც მყიდველად იყო მითითებული და ეს გახლავთ დავით კეზერაშვილის ცოლისძმა, უნდა განეხორციელებინა "რუსთავი 2"-ში 6 მილიონი ლარის ინვესტიცია, რისი საფუძველიც რეალურად არ არსებობდა. ამის მიზანი იყო, რომ ტელეკომპანიისთვის დამატებითი ფინანსური ვალდებულება შეექმნა, რომელიც მისცემდა, შემდგომ შესაძლებლობას ხიბარ ხალვაშის მიერ წილების დაბრუნების შემთხვევაში მოეთხოვათ აღნიშნული თანხა, რის შემდეგაც არხი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. რაც პირდაპირ ასახავდა იმ წილების დავას, რისთვისაც სარჩელი გვაქვს ახლა სასამართლოში შეტანილი. აღნიშნული გარიგების შესახებ კი საჯარო რეესტრის ვებ-გვერდიდან შევიტყვეთ, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა სალია.

"თავად "რუსთავის 2-ის" გენერალური დირექტორისთვის კი გაუგებარია როგორ შეიტყო სრული ინფორმაცია ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა შპს "ტელეკომპანია საქართველოს" გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობამ და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა იცოდნენ. ამიტომ გვარამია ფიქრობს, რომ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიცაა ჩარეული. მისი თქმით, ქიბარ ხალვაში იბრძვის არა ქონების დასაბრუნებლად, არამედ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. "წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ იტყოდა 6 მილიონით "რუსთავი2"-ის გამდიდრებაზე. თუ ის იგებს და დარწმუნებულია, რომ მისია ""რუსთავი2", მას დარჩებოდა ეს საკუთრებაში. დადასტურდა ორი რამ - ქიბარ ხალვაში იბრძვის პერსონალურად "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ, მის შესაფერხებლად და ქიბარ ხალვაში არის სახელმწიფო და სახელმწიფო დგას მის მხარეს", - აღნიშნა გვარამიამ, რომლის აზრით, "ცინიკური და ირონიულია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა იმავე მოსამართლემ - თამაზ ურთმელიძემ, ვინც არის ქართული სასამართლო სისტემის სირცხვილი და ვინც იბრძვის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, იბრძვის საკუთარი შვილებისა და ყველა ეკრანებთან მდგომი ადამიანების შვილების წინააღმდეგ", - განაგრძობს გამოცემა.

"ის ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლეა და მაღალი ალბათობით ის არის კორუფციაში ჩაბმული და აღებული აქვს თანხა იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანოს. მოსამართლე ურთმელიძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება. ის ვერ იპოვის თავშესაფარს ამ ქვეყანაში ვერასდროს, რადგან ღუპავს ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას. ამ ნაბიჯით ამ ხელისუფლებამ გამოიტანა სასიკვდილო განაჩენი, საკუთარი ხელით "რუსთავი 2" დახურა. როგორ მოვიქცევით ჩვენ, ვიმუშავებთ თუ არა უფასოდ, მოვიზიდავთ თუ არა გრანტებს, ჩვენი შემოსავალი გაიზრდება თუ არა, ეს იქნება ჩვენი დამსახურება და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ. ეს აუცილებლად ასე იქნება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომლის ინფორმაციითაც, "რუსთავი 2"-მა 6 მილიონის ინვესტიცია დავით კეზერაშვილის ნათესავისგან მართლაც მოიზიდა. ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ განმარტება გააკეთეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მხარეებს უსაფუძვლო განცხადების გავრცელების თავშეკავებისკენ მოუწოდეს", - დასძენს გამოცემა.

"გავრცელებული განცხადების თანახმად, "ტელეკომპანია საქართველოს" საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმოდგენის დღესვე, 29 სექტემბერს. გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ შპს "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების კუთვნილი წილის გასხვისების რეგისტრაციის მოთხოვნას გააჩნდა სამართლებრივი ხარვეზი - შემძენი მხარის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა შპს "ტელეკომპანია საქართველოს" საკუთრებაში არსებული წილების შეძენის უფლებამოსილება და არა - შპს "ტელეკომპანია საქართველოს" კაპიტალში პარტნიორთა წილების შეძენის უფლება. ამ მომენტისათვის სააგენტოში არ არის წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტი, რომელიც გამოასწორებს მინდობილობისთვის კანონმდებლობით დადგენილ ხარვეზს. ამგვარი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, სარეგისტრაციო წარმოება განახლდება, როგორც ეს ხდება ნებისმიერ სხვა საქმეზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება ტელეკომპანიისა და შემძენი მხარისათვის სასურველი რეგისტრაცია", - წერს სტატიის ავტორი.

"აქვე შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებსა და სხვადასხვა განცხადების ავტორებს, რომ კანონმდებლობის თანახმად ("მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, 2009 წლის 30 დეკემბერი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის #241ბრძანება) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი განცხადება და თანდართული ნებისმიერი დოკუმენტი საჯაროა, ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, განაცხადის წარდგენის პირველივე წუთიდან. ამგვარი საჯაროობა და გამჭვირვალობა ემსახურება ყველა მხარის ინტერესს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბიზნესსა და სამეწარმეო საქმიანობას", - ნათქვამია განცხადებაში. გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, კი მედიის გარშემო მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია, თუმცა იგი იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს შეესაბამება", - დასძენს სტატიის ავტორი.

"როცა საქმე ეხება ტელევიზიას, რომელიც არის ყველაზე რეიტინგული და ეხება საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ინვესტიციებთან და ამ პროცესში ჩართულია შესაბამისი ორგანოები, ცხადია ეს იძენს პოლიტიკურ ელფერს. მაგრამ რამდენად არიან ამაში ჩართული ხელისუფლების წარმომადგენლები?! მართვას თუ არა ვინმე ამ პროცესებს?! ეს რთული საკითხია, ხელს ასე ზეპირად ვერავის დაადებ. მაგრამ ზოგადად პროცესი ძალიან შემაშფოთებელია ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის ის, რომ საშუალება არ ეძლევათ საქმეში ფული ჩადონ, მიუხედავად იმისა მოგწონს თუ არ მოგწონს ტელევიზია. ეს ძალიან სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფოსა და საზოგადოებას უნდა გააჩნდეს იმუნიტეტები. ეს მდგომარეობს იმაში, რომ მე თუ არ მომწონს ტელევიზია და უფრო მეტიც ვერ ვიტან, ეს არ უნდა გახდეს საფუძველი, მიზეზი იმისა, რომ ეს ტელევიზია გავაქრო. ამით ომს არ იგებენ - ეს არ არის მოსაგები ბრძოლა. ამიტომ საჭიროა ძალიან მკაფიო აზრების ჩამოყალიბება, რა ტელევიზიაც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, არ უნდა ხდებოდეს მისი დახურვა. ეს არის სამწუხარო მემკვიდრეობა, რომელიც დარჩა. "რუსთავის-2-ის" წილებთან პრობლემები ყოველთვის იყო და არა მარტო მასთან, სხვა ტელევიზიებთან დაკავშირებითაც. ეს ნაღმები თავის დროზე ჩაიდო, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა განვითარება, მის აფეთქებას ხელი არ უნდა შევუწყოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ. სხვანაირი სისტემა და გარემო უნდა შევქმნათ", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ტუღუში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია