ციტრუსის მოსავალი რეკორდული და ხარისხიანია

ციტრუსის მოსავალი რეკორდული და ხარისხიანია

წელს ციტრუსის მოსავალი 135 ათას ტონას გადააჭარბებს. აქედან 105 ათას ტონას მხოლოდ აჭარის რეგიონში ელოდებიან. ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, ციტრუსის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია და ხარისხითაც გამოირჩევა. მოსავლის ზრდა, როგორც წესი, სეზონური ცვლილებებითაა გამოწვეული. შარშან ციტრუსის მოსავალი მცირე იყო და ქვეყნის მასშტაბით 75-80 ათას ტონამდე დაიკრიფა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის განმარტებით, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა. მაღალი ხარისხი კი ექსპორტისთვის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ციტრუსის კრეფა აჭარაში ნოემბრის დასაწყისში დაიწყება და თვის ბოლომდე დასრულდება. უკვე მიმდინარეობს საუბარი პროდუქტის რეალიზაციაზე. ძირითად ბაზრებად კვლავ რუსეთი, უკრაინა და შუა აზიის ქვეყნები მიიჩნევა. მოხდება თუ არა ციტრუსის მოსავლის სუბსიდირება, მთავრობაში ამ დრომდე არ გადაუწყვეტიათ, თუმცა გაზრდილი მოსავლიანობის ფონზე "ნარინჯისფერი რთველის" წარმატებით ჩატარების იმედი აქვთ.

ზაურ ფუტკარაძე შესაძლო პრობლემებზეც საუბრობს, თუმცა მიაჩნია, რომ გაწეული სამუშაოების ფონზე, ქართული მანდარინი გაუყიდავი არ დარჩება. "წელს ციტრუსის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტი იქნება. აჭარაში სულ 105-106 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალს ველოდებით, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი 130-135 ათას ტონა ციტრუსის მოსავლის პროგნოზია", - აცხადებს ფუტკარაძე და ყურადღებას ამახვილებს მოსალოდნელ პრობლემაზეც, რაც შეიძლება ციტრუსის ექსპორტს შეექმნას. "უკრაინასა და რუსეთში არსებული ვითარება, ასევე ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხები, გარკვეულ სირთულეს შეგვიქმნის. აქედან გამომდინარე, წელს გვინდა, რომ შუა აზიის მიმართულებით გავაქტიურდეთ. რა თქმა უნდა, აქტუალური იქნება ტრადიციული ბაზრები, მხედველობაში მაქვს უკრაინა, რუსეთი, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი. ჩვენი მიზანია, სათანადოდ მოვამზადოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, რომ მიმღებმა პუნქტებმა კარგად იმუშაონ. ექსპლუატაციაში შევა რამდენიმე საწარმო, რომელიც ციტრუსის გასანთვლაზე იმუშავებს, რაც, თავის მხრივ, დაახლოებით ერთი თვით გაზრდის შენახვის ვადას. მაქსიმალურად ვცდილობთ, სეზონი წარმატებით ჩავატაროთ", - აცხადებს ზაურ ფუტკარაძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია