თაღლითური სქემა თბილისში: დედა-შვილმა ერთი და იგივე ბინა ერთდროულად 52 ადამიანს მიაგირავა

თაღლითური სქემა თბილისში: დედა-შვილმა ერთი და იგივე ბინა ერთდროულად 52 ადამიანს მიაგირავა

ბოლო წლებში იპოთეკური ხელშეკრულებით დაზარალებული ადამიანების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. დაზარალებულები პრობლემის კანონით დარეგულირებას ითხოვენ. ბევრი მათგანი მოტყუებით დადებული ხელშეკრულების გამო უსახსროდ და ღია ცის ქვეშ დარჩენილა.

თეა, დაზარალებული: "ინტერნეტიდან შევიტყვე, რომ ბინა გირავდებოდა მარჯანიშვილზე. მივედი, ვნახე ბინა და ძალიან მომეწონა. მესაკუთრემ 9 000 დოლარად შემიფასა. ცოტა კი ეჭვი შემეპარა, ასეთი კეთილმოწყობილი ბინა და თან პრესტიჟულ ადგილას ასეთ ფასად წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. სესხის ხელშეკრულებაზე ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარესთან ნინო ხოფერიასთნ წამიყვანა, სადაც გარკვევით ეწერა, რომ მესაკუთრემ ჩემგან აიღო 9 000 დოლარი. მე ნინო ხოფერიას სახელსა და გვარს ვენდე, ვიფიქრე, ეს თაღლითი რომ იყოს, ნინო ხოფერიასთან არ წამიყვანდა მეთქი. რადგან ეს საქმე იურიდიულად გაფორმდა და ამ საქმეში ნინო ხოფერია ფიგურირებდა, მშვიდად ვიყავი.

ბინაში რომ არ გადავსულიყავით, ოჯახურ მდგომარეობას იმიზეზებდა. მეუბნებოდა, ჩემს გოგოს ქმარი გარდაეცვალა და ბინა დროებით გვჭირდებაო. დედა-შვილი ერთად მოქმედებდნენ. მეც ადამიანურად ვუგებდი და არც ვნერვიულოობდი, რადგან კეთილმოწყობილ ბინაში ქირას გვიხდიდა 6 თვის განმავლობაში. ბოლოს გაირკვა, რომ ჩემსავით დაზარალებული 52 ადამიანი იყო. ბოლოს, რომ არავის აღარ გადაუხადა ბინის ქირა, მის სახლში ყველამ ერთად მოიყარა თავი. ზოგიერთი ფულს სთხოვდა, ზოგი ბინაში შესახლებას. ზოგიერთს 10 000 დოლარი აქვს გადახდილი, ზოგს - ნაკლები. რას კარგავდა, ფულს ტყუილად იღებდა და ბინას იაფად "აგირავებდა". დარწმუნებული ვარ, ნოტარიუსიც მოსყიდული ჰყავდათ და ფულს უხდიდა. პასუხისმგებლობას ნინო ხოფერიას ვაკისრებ. მისმა სახელმა და ავტორიტეტმა შემაცდინა. ახლა დაკავებულია და 8 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ჩვენ რა, ზარალს ვინ აგვინაზღაურებს?!"

ეს ინფორმაცია ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ანა ჩაჩავა თაღლითობის მუხლითაა დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი ბინას თაღლითობით აგირავებდა და ხალხს ფულს სძალავდა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია