მთაში მცხოვრებთათვის პენსია 192 ლარი გახდება

მთაში მცხოვრებთათვის პენსია 192 ლარი გახდება

მთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან პენსია 192 ლარამდე გაიზრდება. მთის კანონში გათვალისწინებული ცვლილებით, საპენსიო თანხა 20%-ით მოიმატებს. ამით მთავრობა მაღალმთიან რეგიონში ხალხის შენარჩუნებასა და წახალისებას ცდილობს. ცვლილება მხოლოდ მთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს შეეხებათ. ამ მხრივ თითოეული პენსიონერის სტატუსი მკაცრად გაკონტროლდება, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეკისრებათ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საკანონმდებლო ორგანო არ კმაყოფილდება მთავრობის ინიციატივით და ითხოვს, რომ პენსიის ზრდა საქართველოს უკლებლივ ყველა პენსიონერს შეეხოს. "ყველა შესაძლო რესურსი უნდა იქნას გამოყენებული, რომ 2016 წელს პენსიები გაიზარდოს", - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბრიდან პენსიები მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს გაეზრდებათ. საპენსიო ხარჯებისათვის ბიუჯეტს ემატება 90 მლნ ლარი. სოციალური დახმარების ბიუჯეტი კი 50 მილიონითაა გაზრდილი. ხარჯებში გათვალისწინებულია ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა რაოდნეობის ზრდა. სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი ჯამში 285 მლნ ლარით იზრდება. სოციალურ ხარჯებში გათვალისწინებულია როგორც ასაკით პენსიონერთა მომატებული 160-ლარიანი პენსია, ასევე ძალოვანი პენსიონერების სოციალური პაკეტი, რომელიც ასაკის პენსიის შესაბამისად ასევე გაიზარდა წელს 10 ლარით. ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებულია ასაკით პენსიონერთა რაოდენობის მატებაც. "ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ყოველწლიურად ასაკით პენსიონერთა რაოდენობა რამდენიმე ათასით იზრდება", - განმარტავენ სამინისტროში.

მთიან რეგიონში მცხორვებთათვის პენსიის მომატებაზე რამდენიმე კვირის წინათ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მთიან რეგიონში მცხოვრებ ხანდაზმულებს პენსია გაეზრდება, ხოლო ბიზნესის წარმოება იქნება თავისუფალი. მთავრობის ამოცანა მთაში ხალხის შენარჩუნებაა. "მთის კანონი არ იყო ქვეყანაში მიღებული და მთა იყო აბსოლუტურად მიგდებული. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი დაპირება მთის კანონის მიღება იყო. იქ არის გაწერილი მთელი რიგი სოციალური შეღავათები, მაგალითად, პენსიების მატება მთაში, ასევე მასწავლებლებისთვის შეღავათები. გარდა ამისა, ბიზნესის წარმოება იქნება გადასახადებისგან აბსოლუტურად გათავისუფლებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა მთაში შევინარჩუნოთ და დავამაგროთ ადგილზე ხალხი. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, კაპიტალი" - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი ნოდარ ებანოიძე განმარტავს, რომ მთის კანონის აღსრულება ხელისუფლებას 40 მილიონ ლარამდე დაუჯდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია