"მწვანე სახლები" ლისის ტბაზე

"მწვანე სახლები" ლისის ტბაზე

საქართველოში უცხოური ბაღჩეულ-ბოსტნეული მეტი იყიდება, ვიდრე ადგილობრივად მოწეული. ყველაზე დიდი მოთხოვნა კიტრსა და პომიდორზეა. სეზონზე - გვიან ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე - თავზე საყრელად გვაქვს გრუნტზე მოყვანილი ჩვენი კიტრი და პომიდორი, მაგრამ აცივებასთან ერთად, დახლი ღარიბდება. რჩება სათბურში მოყვანილი ადგილობრივი, ანდა უცხოური, რომელიც ფასით ქართულს ძალიან ავიწროებს - უფრო იაფია. ამასთან, სათბურში ბაღჩეული მეტწილად ხელოვნურად, სხვადასხვა ქიმიური საშუალებით მოჰყავთ, რაც ზემოქმედებს პროდუქტის თვისებებზე - მას ნაკლებ სასარგებლოს ხდის.

ნინა პეტროვა-ძნელაძის ოჯახმა სათბურის აშენება რვა წლის წინ განიზრახა ლისის ტბის მიდამოებში, რომლებიც მდიდარია თერმული წყლებით. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა ჯერ ოჯახისთვის დაიწყეს. ახლა ნინა პეტროვა-ძნელაზე მშობლებთან ერთად სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზევე ცხოვრობს, ლისის ტბაზე. "ბოლო წლებში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი: რუსეთში, მონაკოში, საფრანგეთში. პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ვარ და იქაც ამ საქმით ვიყავი დაკავებული. დროდადრო ჩამოვდიოდი და სათბურის კარს მხოლოდ მწვანილის მოსაკრეფად თუ შევაღებდი. მშობლების წამოწყებული საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ ვგრძნობდი, სიახლე იყო საჭირო," - ამბობს ნინა პეტროვა-ძნელაძე.

სიახლეები იმით დაიწყო, რომ რამდენჯერმე უცხოეთიდან მცენარეების თესლი ჩამოიტანა. მათ შორის, პომიდვრის, ბულგარული წიწაკის და სხვა, დედამ კი ექსპერიმენტული ჯიშების გახარება დაიწყო. "ყოველდღე ვრეკავდი უცხოეთიდან და ვკითხულობდი, გაიხარა თუ არა წიწაკამ, პომიდორმა ნაყოფი თუ მოისხა-მეთქი. ერთხელ გაზაფხულზე ჩამოვედი. ჩემი ოჯახის წევრები, როგორც ყოველთვის, სათბურში ფუსფუსებდნენ. კარი რომ შევაღე, იქაურობა სულ სხვაგვარად დავინახე - წითელ და მწვანე ფერებს დღის სინათლე უფრო მეტ ხიბლს სძენდა. მას შემდეგ ბაღჩეულზე ყველაფერი მაინტერესებს," - იხსენებს ლისის ტბის მწვანე სახლების მეპატრონე.

სათბურში დილის ექვსი საათიდან საღამოს შვიდამდე ტრიალებენ - მიწას ამუშავებენ, ჩითილები გამოჰყავთ, შემდეგ კი გამზადებულ და დამუშავებულ მიწაში გადააქვთ. პომიდორს სამი თვე სჭირდება, რომ გაიზარდოს, იყვავილოს და ნაყოფი მოისხას. ამ სამი თვის განმავლობაში კი ნარგავს გასხვლა-გამოკრეჭა სჭირდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია