ავტორი:

ზამთარში, როცა წყლის დონე იკლებს, ეკლესია და საფლავები ჩნდება - ფაქტები საქართველოს უდიდესი წყალსაცავების შესახებ, რომლებიც არ გსმენიათ

ზამთარში, როცა წყლის დონე იკლებს, ეკლესია და საფლავები ჩნდება - ფაქტები საქართველოს უდიდესი წყალსაცავების შესახებ, რომლებიც არ გსმენიათ

ცოტა ხნის წინ ჟინვალის ჰიდროკომპლექსის შესახებ გიამბეთ, რომელმაც მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია. ვინაიდან თემის მიმართ ინტერესი არსებობს, გადავწყვიტეთ, საქართველოში არსებული წყალსაცავების შესახებ სპეციალისტთან ერთად, უფრო ვრცლად გვესაუბრა, გარკვეულად მიმოგვეხილა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წყალმომარაგებისთვის ამ ობიექტებს.

საუბარს ისევ გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელ ექსპერტთან ირაკლი მიქაძესთან ვაგრძელებთ.

როგორც ბატონი ირაკლი ამბობს, საქართველოს ტერიტორიაზე 44 წყალსაცავია, რომელთა საერთო ფართობი 163 კმ2-ია, ხოლო მოცულობა 3,3 მლნ.მ3. წყალსაცავი ძირითადად გამოყენებულია ჰიდროელექტროსადგურების ასამუშავებლად და საირიგაციოდ, აგრეთვე, თევზის მეურნეობის ობიექტებად. საქართველოს წყალსაცავები წარმოდგენილია კასკადების (გალი-ჯვარის, შაორი-ტყიბულის, სამგორის) ან წყალსატევების (წალკის, ჟინვალის) სახით.

დასავლეთ საქართველოს კაშხლიანი წყალსაცავები მხოლოდ ენერგეტიკაში, ჰიდროელექტროსადგურებისთვის წყლის რესურსების დასაგროვებლადაა შექმნილი. მათ შორის უდიდესი - ჯვრის წყალსაცავი - სპეციალურად ენგურჰესისთვის აშენდა.

ფართობით საქართველოში უდიდესია წალკის წყალსაცავი (33,7 კმ), რომელიც მდინარე ხრამის ხეობაშია გაშენებული, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე, წყალსაცავზე მდინარე ქციახრამი გაედინება. წყალსაცავი ემსახურება 2 ჰესს: ხრამჰეს I და ხრამჰეს II. განვითარებულია თევზის რეწვა.

- ჟინვალის წყალსაცავის მსაგავსად, იქაც ხომ არ არის სოფელი დატბორილი?

- დიახ, წალკის წყალსაცავშიც, ჟინვალის წყალსაცავის მსგავსად, XII საუკუნის ეკლესია და რამდენიმე სახლი დაიტბორა... წყალსაცავი ზამთრის პერიოდში იყინება, წყლის დონე საკმაოდ იკლებს და იმ დროს ეკლესიაც ჩნდება. დღეს ამ ბაზილიკური ტაძრის მხოლოდ 3 კედელია შემორჩენილი და ისიც სავალალო მდგომარეობაში. ზამთრის პერიოდში, როდესაც წყალსაცავი მთლიანად გაყინულია, ტაძრამდე მისვლა უფრო ხელსაყრელია. სვანებმა, რომლებიც იქ ჩამოასახლეს, ამ პერიოდს თავიანთი სახალხო დღესასწაული - ლამპრობა დაუკავშირეს. დიდი მარხვის დაწყებამდე მათ ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ლამპრები მიაქვთ და დღესასწაულობენ.

ტაძართან ახლოს, ძველი ბერძნული საფლავებია, რომლებიც დღევანდელი მონაცემებით, მთლიანად დატბორილია. ტაძარში გვხვდება საინტერესო რელიეფური ქვები. ისინი ჯერ კიდევ იკითხება, ასევე ჯვარი და რამდენიმე წარწერა, რომლის იდენტიფიცირებაც შესაბამისი დარგის სპეციალისტების პრეროგატივაა. ტაძარი როდესაც წყალშია, უფრო დაცულია, მაგრამ წყლიდან გათავისუფლებისას მას საფრთხეს უქმნის ძლიერი ქარი, რომელიც იმ ადგილისათვის დამახასიათებელია. ხდება ძეგლის გამოფიტვა და დაშლა. სამწუხაროდ, ღირებული ქვები და ორნამენტები დროთა განმავლობაში შეიძლება სულ დაიკარგოს.

- საქართველოს ყველაზე ღრმა წყალსაცავი რომელია?

- ყველაზე ღრმა წყალსაცავია (226 მ) გალიჯვრის წყალსაცავების კასკადი. უმნიშვნელოვანესია ჯვრის წყალსაცავი, რომლის ზედაპირის ფართობია 13,5 კმ. წყლის მოცულობა 1100 მლნ.მ3.

მნიშვნელოვანია აგრეთვე რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე შაორის ქვანაყარი წყალსაცავი, მისი წყლის მოცულობაა 90,6 მლნ მ3.

- რისი თქმა შეგვიძლია მაგალითად, სიონის წყალსაცავზე?

- სიონის წყალსაცავი მდინარე ივრის შუა წელში მდებარეობს, რომელსაც სიონის ქვაბულის ფსკერი უკავია. წყლის საერთო მოცულობაა 325,4 მლნ. მ3, განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისთვის და სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს.

სხვათა შორის, იქაც დაიტბორა ტაძარი, რომელიც ფეოდალური პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ადრეულ ძეგლს წარმოადგენს. სიონის წყალსაცავში ჩაძირული ტაძრის იდენტური მაკეტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ამ ეკლესიის რამდენიმე მცირე მასშტაბის ნანგრევი ჯერ კიდევ შემორჩენილია, თუმცა მათი დანახვა წყალდიდობისას შეუძლებელია.

- თბილისის წყალსაცავი რომელი მდინარეებით საზრდოობს?

- აღსანიშნავია თბილისის წყალსაცავი - "თბილისის ზღვა", რომელიც მდინარე მტკვრის ნამდინარევზე შეიქმნა, სადაც ადრე 3 მლაშე ტბა იყო. თბილისის წყალსაცავი გამოიყენება: დედაქალაქის წყალმომარაგებისათვის, სარწყავად, თევზის სარეწად და საწყლოსნო სპორტისათვის. ის საზრდოობს მდინარეების იორისა და არაგვის წყლებით. წყლის მოცულობა - 308 მლნ. მ3, მაქსიმალური სიღრმე - 45 მ.

თბილისი, გასული საუკუნის დასაწყისში მდინარე მტკვრის წყალს მოიხმარდა. პირველი სიფონური წყალსადენი, რომლის დებიტია 1300 ლ/წმ ექსპლუატაციაში 1933 წელს შევიდა. მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე და 250 ჰა უკავია. წყალი თვითდენით საგურამოს სატუმბ სადგურს მიეწოდება.

- კიდევ რომელი ჰიდროკომპლექსი იქცევს ყურადღებას?

- ჭოპორტი-მისაქციელის წყალსადენი, რომელიც მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და 975 ჰა უკავია, მისი დებიტია 1300 ლ/წმ, ექსპლუატაციაში 1962 წელს შევიდა. წყალი თვითდენით საგურამოს სატუმბ სადგურს მიეწოდება.

საგურამოს წყალსადენი კი 256 ჰა-ზე მდებარეობს, წარმოადგენს საკვანძოს, სადაც ფუნქციონირებს წყლის ქიმიური ლაბორატორია და განთავსებულია მძლავრი სატუმბი დანადგარები. ექსპლუატაციაში 1960-იან წლებში შევიდა.

ნატახტარის ძველმა წყალსადენმა ექსპლუატაცია 1951 წელს დაიწყო, ახალმა წყალსადენმა - 1982 წელს, მისი დებიტი 900 ლ/წმ შეადგენს. წყალი შუალედური ტუმბოს საშუალებით საგურამოს სატუმბ სადგურს მიეწოდება.

ბოდორნას ბუფერული აუზი ჟინვალის ჰიდროკომპლექსის ქვედა ბიეფში მდებარეობს, რომლის მოცულობაა 1,0 მლნ მ3, საიდანაც წყლის გარკვეული რაოდენობა მდინარე არაგვში ჩაედინება, მეორე ნაწილი მუხრანისა და საგურამოს სარწყავ სისტემას კვებავს, ხოლო ნაწილი მაგისტრალური წყალსადენით სალექარებს მიეწოდება და შემდეგ საგურამოს სატუმბ სადგურს.

გარდა ამისა, თბილისი-სტეფანწმინდის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს 151 ჰა-ზე მუხრანის ველის არტეზიული წყალსადენი მდებარეობს, რომელიც ექსპლუატაციაში 1980 წელს შევიდა. წყალსადენი 1225 ლ/წმ რაოდენობის წყალს ღებულობს, რომელსაც იქ განთავსებული 55 ჭაბურღილი ამარაგებს (ამჟამად ფუნქციონირებს 35 ჭაბურღილი). არტეზიული წყალსადენიდან წყალი ნატახტარის სატუმბ სადგურს მიეწოდება.

თბილისის წყალსაცავი, რომელიც 1953 წელს შეიქმნა, თავდაპირველად მხოლოდ მდინარე იორის წყლებით მარაგდებოდა, ჟინვალის წყალსაცავის შექმნის შემდეგ იგი ასევე მარაგდება მდინარე არაგვის წყლებით. თბილისის წყალსაცავს თბილისის წყალმომარაგების სარეზერვო ფუნქცია აკისრია.

შეიძლება დავასკვნათ, რომ ქალაქების თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგება 1933 წლიდან დღემდე, ძირითადად, მდინარე არაგვისა და მისი ფილტრატების საშუალებით ხორციელდება.

გარდა ამისა, თბილისს საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია თრიალეთის (დაშბაშის) წყაროების წყალი მიეწოდოს, რომელთა ჯამური დებიტი 6,1 მ3/წმ შეადგენს. მდინარე ქსნის ფილტრატები, სადაც გაბურღულია არტეზიული ჭაბურღილები და იქ დღემდე უსარგებლოდ იღვრება 1,1 მ3/წმ რაოდენობის უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი. თრიალეთისა და ქსნის უბნებზე დამტკიცებულია საექსპლუატაციო მარაგები და შედგენილია წყალმომარაგების პროექტები, რომლებიც განხორციელებას ელიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია