როგორ ივსება ვაკანტური ადგილები სახელმწიფო უწყებებში - რას შეცვლის ახალი კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ"

როგორ ივსება ვაკანტური ადგილები სახელმწიფო უწყებებში - რას შეცვლის ახალი კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ"

საზოგადოებაში არ წყდება განხილვები საჯარო სამსახურში დასაქმების არაკონკურენტულ პირობებზე. მაშინ როცა კანონი მოითხოვს საჯარო უწყებებში კადრის კონკურსის წესით აყვანას, ნათესაური თუ პარტიული ნიშნით დანიშვნა კვლავ აქტუალური თემაა.

საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის მსურველს რეზიუმეს განთავსება ერთ საიტზე, hr.gov.ge-ზე შეუძლია. აქ ვაკანსიების ჩამონათვალი მრავალრიცხოვანია, თუმცა რეალური დასაქმებულები არც ისე ბევრი (ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულია 383 საჯარო უწყება-დამსაქმებელი და 213 666 სამსახურის მაძიებელი). ამ ეტაპისთვის ბიუროს ვალდებულება შემოიფარგლება ვებ-გვერდზე ვაკანსიების განთავსების ადმინისტრირებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენა და კონკურსის გამოცხადება მხოლოდ დამსაქმებელი უწყების უფლებამოსილებაა. შესაბამისად, მონიტორინგი საჯარო სამსახურში გამოცხადებული ვაკანტური ადგილების შევსებისა, უწყებას დავალებული არ აქვს. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ დასაქმების მსურველთათვის კონკურსის ყველა ეტაპი საკმაოდ ბუნდოვანია.

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" იურისტის, მაგდა ჯიმშელეიშვილის თქმით, ორგანიზაციას აქვს საჯარო სამსახურში კონკურსებთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე, რომელიც უკვე სასამართლოშია.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებებს კანონი ავალდებულებს კადრის კონკურსის წესით დანიშვნას და მიუხედავად იმისა, რომ კონკურსები ტარდება ფორმალურად მაინც, საბოლოო ჯამში გასაუბრების ეტაპი იმდენად ბუნდოვანია ხოლმე, რომ, როგორც წესი, მხოლოდ სასურველი კანდიდატურის წარდგენა და დანიშვნა ხდება. ჩვენ გვაქვს ისეთი ქეისები, როდესაც, მაგალითად, მერიიდან 30 წლიანი სტაჟის მქონე ადამიანი გამოუშვეს სუბიექტური მიზეზების გამო. მართალია, არიან ისეთი კონკურსანტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, მაგრამ მათი და, საერთოდაც, არავის წარდგენა არ ხდება. ვაკანტური ადგილი კი კვლავ ვაკანტურად რჩება ან სასურველი კადრით ივსება", - აცხადებს მაგდა ჯიმშელეიშვილი.

საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე გამოცხადებულ ყველა ვაკანსიაზე უამრავი აპლიკანტი აგზავნის საკუთარ მონაცემებს, გადის გასაუბრებისა და ტესტირების ეტაპებს, მაგრამ ადგილს ისევ მოვალეობის შემსრულებელი იკავებს, რომელმაც ეს ადგილი მაშინ დაიკავა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო სავალდებულო კონკურსის წესით კადრის აყვანა.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის, ეკატერინე ქარდავას განცხადებით, მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტი არ არის ის ინსტიტუტი, რომელიც კონკურსების დროს საჯარო სამსახურში გამჭირვალობას უზრუნველყოფს. "მე ამას პრობლემად ვთვლი. ეს მანკიერი პრაქტიკაა, რომელიც წლებია გრძელდება და აუცილებლად უნდა ამოიძირკვოს", - აცხადებს ეკატერინე ქარდავა.

ეკატერინე ქარდავა საჯარო სამსახურის შესახებ მიღებულ ახალ კანონპროექტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალი კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ დასაქმების სისტემა უფრო მეტად გამჭირვალე იქნება.

"კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც დღეს მოქმედებს 1997 წელსაა მიღებული, შესაბამისად, ის ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და მოთხოვნებს, რაც საზოგადოებაშია. საჯარო სამსახურში დასაქმების მიმართ ნდობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ეს სწორედ იმ ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გამოა, რასაც ზოგადად ეს კანონი ვერ უზრუნველყოფს.

2012 წლიდან მთავრობამ აიღო ვალდებულებად, რომ ქვეყანაში საჯარო სამსახურის უპრეცენდენტო რეფორმას განახორციელებდა. დავიწყეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროპელ ექსპერტებთან და ქართველ იურისტებთან ერთად საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია შეიმუშავა. 2015 წლის 30 სექტემბერს პარლამენტმა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით განიხილა. კანონში არსებული ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის გამჭირვალე გარემოს შექმნას და პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებას, რათა ხელისუფლების ცვალებადობამ არ იქონიოს გავლენა დასაქმებულთა ბედზე. დაწყებულია მუშაობა კანონქვემდებარე აქტებზეც. 2017 წლისთვის კანონი, თავისი კანონქვემდებარე აქტებით უნდა ამუშავდეს", - აღნიშნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია