ავტორი:

25 წლის წინ შექმნილი ქართული ხატი, რომელიც დღემდე აღავლენს სასწაულებს

25 წლის წინ შექმნილი ქართული ხატი, რომელიც დღემდე აღავლენს სასწაულებს

სასწაულმოქმედ ხატებს შორის ცნობილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქართული ხატი - "შენ ხარ ვენახი", რომელსაც არაერთი სასწაული უკავშირდება. ის შედარებით ახალგაზრდა ხატია და გასული საუკუნის მიწურულს შეიქმნა. ავტორი პეტრე-პავლეს ტაძრის მრევლი ირაკლი ცინცაძეა, ხოლო მისი მოძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი კი - ამ ხატის სულიერი ავტორი.

ხატის შექმნის იდეა კაპადოკიაში გაჩნდა: დაახლოებით 20 წლის წინ, მამა არჩილის წინამძღოლობით იქ მლოცველთა ჯგუფი გაემგზავრა. როგორც ჰყვებიან, ღვთისმშობლის ერთ-ერთი ფრესკიდან, გამოქვაბულში ბათქაში ყოფილა ჩამოყრილი და კედელზე თითქოს საქართველოს რუკა გამოსახულა. იმ გადარჩენილი ფრესკებიდან კი ღვთისმშობლის სახე, კერძოდ, მისი თვალები იმზირებოდაო. იმდენად მეტყველი თვალები ჰქონია, რომ მნახველები დაუტყვევებია. შემდეგ მამა არჩილს ირაკლი ცინცაძისთვის უთხოვია, გონებაში აღებეჭდა ღვთისმშობლის მზერა, ან ჩანახატი გაეკეთებინა, რომლის მიხედვითაც შემდგომში ხატი შეიქმნებოდა.

ხატი "შენ ხარ ვენახი" კაპადოკიიდან დაბრუნების შემდეგ მართლაც დაიწერა. მისი კურთხევა წმინდა ბასილი დიდის ხსენებისა და უფლის წინადაცვეთის დღეს (14 იანვარს ახალი სტილით) მოხდა, ამის გამო ხატის ხსენების დღეც 14 იანვარია. როგორც ჰყვებიან, კურთხევის დღესვე ხატმა სასწაული მოახდინა. ტაძრში სალოცავად უამრავი ხალხი იმყოფებოდა. ერთ-ერთ ქალბატონს იქ ძალით უკურნებელი სენით შეპყრობილი მეუღლე მიეყვანა, რომელსაც ხალხის ტალღამ გადაადგილების საშუალება არ მისცა და "შენ ხარ ვენახის" ხატთან შეაჩერდა. იძულებულიც გახდა, სხვებთან ერთად, ხატისთვის ამბორი ეყო. როგორც ამბობენ, მან მაშინვე შვება იგრძნოო და შეიძლება ითქვას, ტაძრიდან განკურნებული გავიდაო.

ხატს, მასთან რწმენით მიახლებული კიდევ არაერთი დაავადებული განუკურნებია, მათ შორის, ონკოლოგიური პაციენტებიც, უშვილო წყვილისთვის შვილი მიუცია და კაცი დახრჩობას გადაურჩენია.

მორწმუნეები ამბობენ, რომ ხშირად ხატის ასლებიც კურნავენო. ორჯერ უნაყოფო ვაზთან ამ ხატის ასლი დაუბრძანებიათ და ვენახს ყურძენი მოუსხამს.

ხატის ფოტოასლებიდან თბილსის რამდენიმე ტაძარსა და ოჯახშიც მირონდენა დაწყებულა... "შენ ხარ ვენახი" ჭეშმარიტად ქართული ხატია, რომელთანაც კითხულობენ ამ ტროპარს: "შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული. მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული. ალვა სუნნელი, სამოთხეს აღმოსრული. ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული".

მისი ავტორია წმინდა დამიანე, ანუ დემეტრე მეფე (დავით აღმაშენებელის ძე, რომელიც ბერად აღიკვეცა), რომელმაც საგალობელი "შენ ხარ ვენახი" დაწერა.

რას ჰყვება სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის მასწავლებელი, რომლის მუსიკის გაკვეთილიც ინტერნეტ-ჰიტად იქცა

"რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა, შოკში ჩავვარდი" - რას ჰყვება პაციენტი, რომელსაც არასწორი დიაგნოზის შემდეგ, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა 3-ჯერ ჩაუტარეს

"თოვლში გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ..." - ფოტოები სოფელ მუხურადან, რომელიც გადაუღებელმა თოვლმა გარესამყაროს მოწყვიტა