გუნდი, რომელმაც იმედი დაგვიბრუნა

გუნდი, რომელმაც იმედი დაგვიბრუნა

წავაგეთ. სამწუხაროდ ფეხბურთში წაგება არ გვიკვირს, თუმცა გუშინ სხვა წაგება იყო, ისეთი, რომლის გამოც არავინ დაგვძრახავს. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან ყველა კალიბრის გუნდი შეიძლება დამარცხდეს. ადრე არათუ მსოფლიოს ჩემპიონებთან, არამედ რაგინდარა გუნდებთან ისე ვაგებდით, რომ არცერთ გულშემატკივარს არ რჩებოდა სინანულის განცდა, რადგან გუნდი სტადიონზე მხოლოდ ფორმალურად იყო გამოსული, არავინ იბრძოდა, მთელ 90 წუთს საკუთარ ნახევარზე დაცვაში ვატარებდით და მატჩის ბოლოს მეკარეს ყველაზე მეტი ჰქონდა ხოლმე ნარბენი. გუშინ სულ სხვა გუნდი იდგა ლაიფციგის "რედ ბულ" არენაზე, გუნდი, რომელიც სახელებს არ შეუშინდა, შეუტია და გულშემატკივარს თამაში აჩვენა. დარწმუნებული ვარ, ბევრი იტყვის - ერთხელ ითამაშეს და ეგრევე გმირებად ვაქციეთო, კი ბატონო რაღაც ნაწილში დავეთანხმები, მაგრამ ასე მოთამაშე საქართველოს ნაკრები ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვს და როგორც გულშემატკივარს, გახარების უფლება ნამდვილად მაქვს.

გუშინ საქართველოს ნაკრების გოლზე მეტად ის მიხაროდა, რომ გუნდი იბრძოდა, გასახდელშივე წაგებული ნაკრები არ გამოვიდა სტადიონზე, არც გოლის გაშვების მერე დაუწყიათ მოთქმა-გოდება და მსოფლიოს ჩემპიონს გაუთანაბრეს კიდეც, თანაც ისეთი გოლით გაუთანაბრეს მსოფლიოს ყველა ფეხბურთელი რომ დიდი სიამოვნებით მოაწერდა ხელს.

გუშინდელმა თამაშმა იმედი მომცა, რომ ჩვენც შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ. საქართველოს ნაკრებს იგივე ფეხბურთელები ჰყავს, ვინც ადრე ჰყავდა, თუმცა ადრინდელი გუნდისგან განსხვავებით, ეს გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, გოლის გატანაც შეუძლია და თამაში დალაგებაც. გუშინაც ბევრი წუნი იყო, რომელსაც უკვე იმედიანად ვამბობ, რომ სამწვრთნელო შტაბი განიხილავს, დახვეწენ და შემდეგ თამაშში გამოასწორებენ. ასეთი თამაშით, გულშემატკივარიც ნელ-ნელა დაუბრუნდება სტადიონს. ჩვენ, გულშემატკივრები წაგებას განვიცდით, თუმცა ლანძღვას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი გუნდი არაფერს აკეთებს მოგებისათვის, თორემ გუშინდელი წაგების გამო მეეჭვება ვინმეს მოუბრუნდეს ენა, საქართველოს ნაკრები დაძრახოს.

რთულია იმ გუნდს მოსთხოვო რამე, რომლის მთავარი მწვრთნელიც პრესკონფერენციაზე იძახის – ამ ფეხბურთელებისაგან შედეგს რატომ მთხოვთო. დაახლოებით ამას აკეთებდა თემურ ქეცბაია ყოველი წაგებული თამაშის შემდგომ პრესკონფერენციაზე. ცალსახაა, რომ კახა ცხადაძემ გუნდში შიდა სიტუაცია დაალაგა, რაც გუნდსაც დაეტყო.

დიდი ხანია ჩვენი ბიჭებისაგან ასეთი ერთსულოვანი გუნდი არ მინახავს, შეუდარებელი იყო გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელსაც ყველაზე დიდი ტვირთი აწევს - სამაგალითო უნდა იყოს, როგორც ქცევით, ისე თამაშით. შეუდარებელი იყო მეკარე ნუკრი რევიშვილი (რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს). გარდა იმისა, რომ არაერთხელ იხსნა საკუთარი კარი აშკარა გოლისაგან, მისი თავდაჯერებული თამაში მთელი გუნდისთვის გადამდები იყო. ბევრს ნიშნავს, როდესაც იცი, რომ შენი ბრძოლა მეკარის შეცდომის გამო უქმად არ ჩაივლის. ძალიან კარგი იყო მთელი გუნდი, სათადარიგო მოთამაშების ჩათვლით.

ცოტა მეტად რომ გაგვმართლებოდა, ეგებ ქულაც წამოგვეღო, მაგრამ გერმანიიდან უქულოდ წამოსვლა არაფერია, მთავარი და ყველაზე დიდი ქულა მაინც მოვიპოვეთ - გუნდს თავდაჯერება შეემეტა, რომ ყველა მეტოქესთან შეიძლება ბრძოლა.

თქვენი არ ვიცი და გუშინ ის გუნდი ვნახე, რომელმაც მომავლის იმედი გამიჩინა და დამიბრუნა იმის რწმენა, რომ შეიძლება გაზაფხული ჩვენს ქუჩაზეც მოვიდეს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია