მღვდელმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა - სკანდალი სამრევლო სკოლაში

მღვდელმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა - სკანდალი სამრევლო სკოლაში

ოზურგეთში, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, სკოლის პედაგოგმა, სასულიერო პირმა, მამა ვახტანგმა (თოხაძე) საკუთარი მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა. აღნიშნულ ფაქტს "გურია ნიუსთან" სკოლის მოსწავლეებიც ადასტურებენ. როგორც ისინი ამბობენ, დასჯის ამ მეთოდის გამოყენების მიზეზი ბავშვის სკოლაში დაგვიანება გახდა.

სკოლის სასწავლო ნაწილი ნინო გოგეშვილი ამბობს, რომ ფაქტი "ცოტა გამუქებულია": "სულ ეგრე არ ყოფილა. ბავშვი შევიდა გაკვეთილზე დაგვიანებით, მას წკეპლა ეჭირა ხელში. მამაოს უკითხავს, რატომ დააგვიანა და ხუმრობით უთქვამს ბავშვებისთვის - მოდით, აბა გაროზგეთო. რამდენიმე ბავშვმა გაროზგა. მამაოს ნამდვილად არ გაუროზგავს.

- ქალბატონო ნინო, გვიდასტურებთ, რომ თანატოლებმა თანატოლი მოძღვრის მოწოდების შემდეგ გაროზგეს?

- არ გინდათ ასე ხმამაღალი განცხადება, - განაცხადა გოგაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული შემთხვევის შესახებ დაგვიანებით გაიგო.

სკოლის სასწავლო ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს შემთხვევა მხოლოდ იმ მიზეზით გახმაურდა, რომ "დასჯილ ბავშვს სკოლიდან გადასვლა უნდოდა".

- მას სკოლიდან გადასვლა სურდა და როგორც ჩანს, ბავშვმა ეს მიზეზი მოიყვანა მშობელთან. თუმცა, როცა ჩვენ გვქონდა ბავშვთან შეხვედრა, რომელსაც მისი მშობელი და მამა ვახტანგიც ესწრებოდა, ბავშვმა ყველაფერი უარყო და თქვა, რომ ეს იყო გასულ სასწავლო წელს და იყო მხოლოდ ხუმრობა, - განმარტა გოგაშვილმა.

სამრევლო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ამბობს, რომ მისი მხრიდან კონკრეტული რეაგირება ის იყო, რომ ეს საკითხი სკოლაში გაირკვა:

- რაც შესაძლებელი იყო გავარკვიე და რა უნდა მექნა სხვა, მამაო უნდა დამესაჯა?!

- ქალბატონო ნინო, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც სკოლის პედაგოგია. როცა მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, იმის გამო, რომ იგი სასულიერო პირია, პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ?

- თქვენ როგორ გგონიათ, მე, საერო ადამიანს, სასულიერო სკოლაში მამაოს დასჯის უფლება მაქვს?! - აღნიშნა გოგაშვილმა და დასძინა, რომ ამ შემთხვევის შესახებ საქმის კურსში არც ეპარქიის ხელმძღვანელი მეუფე იოსები ჩაუყენებია, რადგან ეს მას არ ეხებოდა.

გოგაშვილის თქმით, სკოლის რექტორი მამა მათეა (გორდელაძე) და ეს მისი პრეროგატივაა.

მამა მათე "გურია ნიუსთან" საუბრისას ფაქტს არ უარყოფს და ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მეუფეს ცოტა ხნის წინ აცნობა:

- ბავშვისგან ვიცი, რომ ამას ჰქონდა ხუმრობის ტონი და ერთმა დაარტყა წკეპლა. მამაომ უთხრა, ნუ წახვალ ფეხბურთზე, ნუ გააცდენ გაკვეთილს, თორემ ისევ შემოგარტყამ წკეპლასო. სიცილ-თამაშში მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ მერე გარეთ გამოჟონა და გადაიზარდა დიდ ამბავში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია