ადგილი ვარდების მოედანზე, სადაც საბაგიროს ქვედა სადგური უნდა აშენებულიყო, თუნუქის ფირფიტებით არის შემოსაზღვრული და იქ რაიმე ტიპის სამუშაოს მიმდინარეობაზე არაფერი მიუთითებს. თუნუქის ფირფიტებით არის ასევე შემოსაზღვრული საბაგიროს საყრდენი ერთ-ერთი ბოძი გრიბოედოვის ქუჩაზეც. სარემონტო სამუშაოებისთვის შემოსაზღვრული მონაკვეთი ისედაც ვიწრო ქუჩის ნახევარს იკავებს და ავტომობილებს გზაზე გავლა ვიწრო მონაკვეთში უწევთ (იხილეთ ვიდეო)
აქვთ თუ არა საკრებულოს დეპუტატებს ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე პროექტებზე, საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, "დემოკრატიული მოძრაობის" წევრ შალვა ოგბაიძეს მივმართეთ. ოგბაიძე ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ გააჩნია, თუმცა მიიჩნევს, რომ იმ ადგილზე, სადაც საბაგიროს მშენებლობა იყო გათვალისწინებული, პროექტი არ უნდა განხორციელდეს და საბაგიროსთვის ალტერნატიული ადგილი უნდა შეირჩეს.
შალვა ოგბაიძე – "რა თქმა უნდა, დედაქალაქში უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა და საბაგირო გზები, თუმცა ამ შემთხვევაში საყრდენი ბოძების იმ ადგილზე განლაგება, სადაც პროექტით იყო გათვალისწინებული, მიუღებელია.
წინა ხელისუფლებისგან ჩვენ მემკვიდრეობით გვერდო გრიბოედოვის გადაკეტილი ქუჩა. ეს ქუჩა არის რუსთაველის ერთადერთი ზედა პარალელური ქუჩა, რომელიც ამჟამად პარალიზებულია. საბაგიროს მშენებლობაზე კითხვის ნიშნები დარჩა და პროექტი ამჯამად გაჩერებულია".
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს ქვედა სადგური ვარდების მოედანზე აღარ აშენდება. მათივე ინფორმაციით, ინვესტორთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ახალი ადგილის შესარჩევად.
გვანცა პაპავაძე, მერიის პრესსპიკერი – "ვარდების მოედანზე საბაგირო არ აშენდება. ეს გადაწყვეტილია. ამჟამად მიმდინარეობს ალტერნატიული ადგილის მოძებნა. საბაგირო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, თუმცა ზუსტი ადგილი მხოლოდ მას შემდეგ იქნება ცნობილი, რაც დაზუსტდება, რომელ ტერიტორიაზე აშენდება ახალი საბაგირო. ეს ყველაფერი ინვესტორთან შეთანხმებით მიმდინარეობს".
მერიის პრესსპიკერის ცნობით, ინვესტორი კომპანიაა შპს "თბილისი პარკი" და ადგილის ცვლილებაც სწორედ ინვესტორთან შეთანხმების შედეგად მოხდა. რა თანხა არის გათვალისწინებული ახალი საბაგიროს მშენებლობისთვის და ძველი საბაგიროსთვის დაწყებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟისთვის, თბილისის მერიაში არ უთქვამთ. მათი თქმით, თანხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სწორედ ამ კომპანიასთან შეგვეძლო.
გზის შევიწროვებით დაწყებული პრობლემა გაცილებით უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. კომპანიაში, რომელთანაც თბილისის მერიამ გადაგვამისამართა, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საბაგიროს მშენებლობა შეჩერებულია და სამომავლოდ რა იგეგმება, არ იციან. მათივე ინფორმაციით, შეჩერებულია როგორც მშენებლობა, ასევე მოლაპარაკებები.
ია თარხან-მოურავი, კომპანიის მარკეტინგის წარმომადგენელი:
"ჯერჯერობით პროექტი შეჩერებულია და როდის აღდგება, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენზე არ არის დამოკიდებული მშენებლობა, ამას მერია წყვეტს და მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ჩვენ დამკვეთი ვართ, ინვესტორი კომპანია, თუმცა მშენებლობას ჩვენ არ ვახორციელებთ. რაც შეეხება თანხებს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით."
ვიდრე კერძო კომპანია და თბილისის მერია გაარკვევენ, თუ როდის უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები საბაგიროს ასაშენებლად და სად უნდა იყოს ახალი საბაგირო, თბილისის მცხოვრებლებსა და ქალაქის სტუმრებს თბილისში კიდევ ერთი დაუმთავრებელი პროექტით ტკბობა ქალაქის ცენტრში გაურკვეველი დროით მოუწევს.
ჯონი პატარკაციშვილი
AMBEBI.GE