როგორ ვიყიდოთ სოფლის პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად - "ჩვენ პროდუქტს პირდაპირ გლეხებისგან ვიღებთ"

როგორ ვიყიდოთ სოფლის პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად - "ჩვენ პროდუქტს პირდაპირ გლეხებისგან ვიღებთ"

მედიაჰოლდინგი "პალიტრა" განაგრძობს სოციალურ კამპანიას "იყიდე ქართული" [ჰეშთეგი #იყიდექართული] და კამპანიის ფარგლებში მორიგ ორგანიზაციას წარმოგიდგენთ, რომელმაც ჩვენი ინტერესი სოფლის პროდუქციის პოპულარიზაციის გამო მიიქცია.

Soplidan.ge -  საიტს, რომელმაც ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო, უკვე ბევრი მომხმარებელი ჰყავს. როგორც საიტის დამფუძნებლები ამბობენ, მათი მიზანი თბილისის მაცხოვრებლებისთვის სოფლის ჯანმრთელი პროდუქტის მიწოდებაა. საიტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია ნატურალური პროდუქტის ონლაინ შეკვეთა და მას შეკვეთილ პროდუქტს სახლში მიართმევენ. მაგალითისთვის, საიტზე იმერული ყველის ყიდვა 10.50 ლარად, სოფლის დედალის შეძენა 27 ლარად, ცაცხვისა და მინდვრის ყვავილის თაფლის შეკვეთა კი 18 ლარად არის შესაძლებელი. პროდუქციის ნუსხა, რომლის შეძენა აღნიშნული საიტიდან შეგიძლიათ, საკმაოდ ვრცელია.

იხილეთ ვიდეო "პალიტრანიუსზე"

საიტის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა ქალბატონია - ნინო მღებრიშვილი და ნათია ნინიკელაშვილი. მათ ეს ნაბიჯი ქართული და ნატურალური პროდუქტის პოპულარიზებისთვის და დიასახლისების დასახმარებლად გადადგეს. მათი თქმით, სოფლის ნობათის ონლაინ შესყიდვის მსურველების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ყველაფერი კი სრულიად მოულოდნელად დაიწყო.

ნათია ნინიკელაშვილი:

- მე და ნინო ათ წელზე მეტია ოჯახებით ვმეგობრობთ. ორივეს გვყავს შვილები, შესაბამისად ყოველთვის გვქოდა იმის პრობლემა, თუ რამდენად სუფთა და ნატურალურ პროდუქტს ვაჭმევდით ჩვენს შვილებს. გვქონდა იმის საშუალება, რომ სოფლიდან გამოეგზავნათ სოფლის ქათამი, კვერცხი, მაგრამ რამდენი ადამიანია, რომელსაც ამის საშუალება არ აქვს, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ჩვეულებრივი დიასახლისისთვის, რომელსაც პროდუქტის ყიდვა უწევს ქარში, მზესა თუ წვიმაში და არც ისე კეთილმოწყობილ ბაზარში, ნატურალური პროდუქტი სახლში მიგვეტანა. ასე გაჩნდა იდეაც.

- რამდენი ხანია რაც ეს საქმიანობა დაიწყეთ?

- მომზადება ოთხი თვის წინ დავიწყეთ, პირველი შეკვეთა კი 5 ოქტომბერს გვქონდა.

- როგორ უნდა იყიდოს მომხმარებელმა სოფლის პროდუქტი ონლაინში?

- ისინი უნდა შევიდნენ საიტზე soplidan.ge, რომელიც ძალიან მარტივად არის მოწყობილი. პროდუქტის არჩევა რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ. ონლაინში როგორც ვიწერთ სხვადასხვა ნივთებს, ასეა ჩვენი პროდუქტიც, ჩაყრიან კალათში და გადაიხდიან ბარათით, ან შეუძლიათ მაშინ გადაიხადონ, როცა პროდუქტს სახლში მივუტანთ.

- რატომ უნდა ვიყიდო საკვები პროდუქტი ინტერნეტ მაღაზიაში, რამდენად სანდოა, რომ ეს მართლაც სოფლის ნატურალური პროდუქტია?

- თავიდან ეს მხოლოდ ნდობის საკითხია. პირველად მომხმარებელი პროდუქტს რომ ყიდულობს, მიუხედავად იმისა, რომ არ გვიცნობს და პროდუქტიც არ უნახავს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ გვენდობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი მომხმარებელი მეორე წრეზე წავიდა, ანუ ვინც პირველად შეუკვეთა, ის მეორეჯერაც უკვეთავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლოდინმა გაამართლა. შეიძლება 100%-ით არა, მაგრამ რადგან მეორედაც უკვეთავენ, ე.ი. მოსწონთ რასაც ყიდულობენ.

- ეს ყველაფერი საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ თუ ვინმემ დაგაფინანსათ?

- თავიდან სესხიც არ ავიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ვმუშაობთ და ხელფასიდან პატარა დანაზოგებს ვაკეთებდით, თუმცა აქ ლაპარაკი არ არის ათიათასობით ლარზე, ინვესტირება დაგვჭირდა, მაგრამ არა დიდი თანხის, ეს ყველაფერი ჩვენი პირადი თანხებით გავაკეთეთ.

- როგორია პროდუქტის ფასი, განსხვავდება თუ არა საბაზრო ფასისგან?

- ჩვენ პროდუქტს პირდაპირ გლეხებისგან ვიღებთ. სოფელში ჩავდივართ და იქ ვყიდულობთ და არა გადამყიდველებისგან, შესაბამისად შესყიდვის ფასი ისეთი მაღალი არ არის როგორც დიასახლისს უჯდება, კერძოდ ბაზარში წასვლა და ყიდვა. ჩვენს ფასს ემატება ტრანსპორტირების ხარჯი და ტრანსპორტირების ის ხარჯი, რომლითაც თბილისში ჩამოტანილი პროდუქტი მომხმარებლამდე მიგვაქვს. თუ საბაზრო ფასებს შევხედავთ, დიდ განსხვავებას ვერ ნახავთ, ეს კი იმის გამოა, რომ მეორე ხელიდან არ ვყიდულობთ და მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯებსა და პროდუქტის ბრენდირების ფასს ვამატებთ.

- რომელი რეგიონიდან მოგაქვთ პროდუქტი?

- პირადად მე თელავიდან ვარ და ამ რაიონის სოფლის გლეხებს ვიცნობ. პროდუქტი ძირითადად კახეთიდან მოგვაქვს, თუმცა ვცდილობთ იმერული ყველი იმერეთიდან ჩამოვიტანოთ, ისევე როგორც ვაშლი გორიდან.

პროდუქტს გააჩნია, სადაც უკეთესია იქიდან მოგვაქვს, რომ მომხმარებლის ნდობა მომავალშიც გავამართლოთ.

- უახლოეს მომავალში რაიმეს დამატებას ხომ არ გეგმავთ?

- სავარაუდოდ, ნოემბრიდან გვექნება ჩურჩხელა, შეიძლება უფრო ადრეც. ახალ წელთან დაკავშირებით ვფიქრობთ დავამატოთ გოჭის ხორცი. ახლა დავამატეთ ბადაგი, რომელიც მომხმარებელს ძალიან მოსწონს. როცა კახეთში მოსავალი საბოლოოდ დაბინავდება, არჩევანიც უფრო გაიზრდება.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

შეგახსენებთ, რომ მედია ჰოლდინგი "პალიტრა" უკვე აქტიურად ჩაერთო სოციალურ კამპანიაში, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ქვეყნის გაძლიერებაში ჩვენი წვლილის შეტანა და ვფიქრობთ, რომ ქვეყნის გაძლიერების ერთ-ერთი "ფრონტის ხაზი" ქართულ ნაწარმზე გადის, ვინაიდან ქართული პროდუქციის ყიდვისას ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ამით, პირველ რიგში, ლარზე ზეწოლა შემცირდება. თუმცა მთავარი კი ის არის, რომ ქართველ მეწარმეს მიეცემა ბიზნესის გაფართოების, ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, სადაც შესაძლოა, დასაქმდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი. ნებისმიერი ქართული საწარმოს გაფართოება ნიშნავს მეტ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. გარდა ამისა, გაიზრდება კონკურენცია თავად ქართულ საწარმოებს შორის, რაც ხარისხსა და ფასზე დადებითად აისახება.

დაუჭირე მხარი კამპანიას Facebook-ზე| მოიწონეთ გვერდი "იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა"

გამოიყენეთ ჰეშთეგი #იყიდექართული

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მედდას COVID-19 დაუდასტურდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 178 ადამიანი გა­მო­ჯან­მრთელ­და

როგორ მოემზადა ნაკრას ხეობა წყალდიდობის სეზონისთვის