საიდუმლო ამბები საქართველოს ისტორიიდან, რომელზეც პასუხი არ არსებობს

საიდუმლო ამბები საქართველოს ისტორიიდან, რომელზეც პასუხი არ არსებობს

საქართველოს ისტორია უამრავ ლეგენდას, თქმულებასა თუ გადმოცემას ინახავს. დიახ, არსებობს ბევრი ამოუხსნელი ფაქტი, რომელებზეც პასუხები დღემდე გაუცემელია.

გვინდა, მათგან მხოლოდ რამდენიმე შეგახსენოთ, რომელიც საუკუნეების მანძილზე კვლევისა და ძიების სამიზნეა და საიდუმლოებით არის მოცული.

ნუნისში დამარხული საიდუმლო

კურორტი ნუნისი რაიონული ცენტრიდან (ხარაგაული) 22 კმ.-ით არის დაშორებული. მას დიდი ხნის ისტორია აქვს. იქაური წყალი სამკურნალო და სასარგებლოა.

ამასთან, ნუნისის აღმოჩენის შესახებ არაერთი ლეგენდაც არსებობს, ერთ-ერთი დავით აღმაშენებელს უკავშირდება: როდესაც ბრძოლიდან ბრუნდებოდა, სახედრებს კანი მთლიანად გადატყავებული ჰქონდათ, სახედრები ნუნისის წყალში ჩაწოლილან. წყალს მათი დაწყულებული კანი განუკურნავს. მეფეს სოფელი მოსწონებია და იქ ეკლესიის აგება უბრძანებია.

ნუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ტყეში მდებარეობს კომპლექსი - "ბერების კლდე". მასში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული, ლეგენდის თანახმად, ღვთისმშობლის ტაძარი საიდუმლო გვირაბით "ბერების კლდეს" უკავშირდებოდა.

იქ წლების განმავლობაში არქეოლოგიურ კვლევას აწარმოებდნენ და ცხრა მეტრის სიღრმეზე, ლოდით ამოქოლილი შესასვლელი აღმოჩნდა. "იბერიონთა საძმოს" მტკიცებით, ის წინაპართა დატოვებული საიდუმლო უნდა იყოს. მათივე ინფორმაციით, ამ კლდის მიღმა დარბაზში დევს წიგნი, რომელიც სახარებაში მოხსენიებულია "ლაზარედ". ხოლო მტკიცება, რომ ნუნისი სამყაროს ცენტრია და იქ ნოეს კიდობანი არსებობს, - ჯერ გამოკვლეული არ არის.

არის სხვა ლეგენდაც, რომელთა მიხედვით, აღნიშნულ კლდეში უძველესი რელიკვია ინახება, რომელიც თამარ მეფის დავალებით ქათველებმა წმინდა მიწიდან წამოიღეს. ეს არის ერთ-ერთი შუბი, რითაც ქრისტე განგმირეს. მაცხოვრის სისხლმა შუბი სასწაულმოქმედი გახადა. სხვა ვერსიით, იქვე ინახება იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.

ფარნავაზის განძი

სხვადასხვა ადგილას დამალული განძის შესახებ საქართველოში ყოველთვის არსებობდა ლეგენდები. ერთ-ერთი მეფე ფარნავაზის განძს ეხება: გადმოცემის თანახმად, მეფემ ნადირობისას, მცხეთასთან დიდი გამოქვაბული აღმოაჩინა, სადაც უამრავი ოქრო-ვერცხლი ინახებოდა. მეფემ განძი სულ გამოზიდა, ლაშქარი დაიქირავა, რომლის დახმარებითაც, ქვეყნიდან დამპყრობელი აზო განდევნა. შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს მმართველ ქუჯისგან სამფლობელოც შეიძინა. ასევე არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ განძეულობის რაღაც ნაწილი ფარნავაზს მცხეთაში დაუმარხავს და მისი გამოყენება ვერ მოუსწრია. ამ განძის მიკვლევის სურვილი ადამიანებში დღემდე არსებობს.

თამარ მეფის ოქროს კუბო

თამარ მეფის საფლავი რომ გასაიდუმლოებული და დაკარგულია, ამის შესახებ ვის არ სმენია? და ამდენი საუკუნეა, ეს ამბავი გამოცანად იქცა.

ალბათ ამ საფლავით ასეთ განსაკუთრებულ დაინტერესებას ის იწვევს, რომ მეფე მისმა შვილმა - ლაშა-გიორგიმ ოქროს კუბოთი დამარხა და ძვირფასეულობაც უხვად ჩააყოლა.

არსებობს ვერსია, რომ ის საქართველოში კი არა, იერუსალიმშია დაკრძალული, მაგრამ იმასაც ამბობს გადმოცემები, რომ საფლავი საქართველოშია, ვარძიის მახლობლად. თუმცა ეჭვი იმაში არავის ეპარება, რომ ის მართლაც ოქროს კუბოთია დამარხული.

ლეგენდა საფარის ეკლესიაზე

საფარაში ორი ძმა (ათარბეგები) ცხოვრობდა. ლეგენდის თანახმად, საფარის მონასტრის მშენებლობა დაუწყიათ. უფროსი ოსტატი იყო და ტაძარს ის აშენებდა, უმცროსი კი ეხმარებოდა, შეგირდობდა, - ქვებს თლიდა და უფროს ძმას უგზავნიდა. ჰყავდათ ხარი - "ინდუშა", რომელიც ქვებს ზიდავდა.

საძირკვლის ჩაყრის შემდეგ, უფროსმა ძმამ დაიანგარიშა, რამდენი ქვა იყო საჭირო ტაძრის ასაშენებლად, - ერთი ქვაღა აკლდა. უფროსმა უმცროსი ძმის გამოცდა გადაწყვიტა და შეუთვალა, მშენებლობა მორჩა, მეტი ქვა საჭირო აღარ არისო, რაზეც უმცროსმა მიუგო, - დამთავრებას ერთი აკლია და იმასაც გამოგიგზავნიო.

უფროსი ძმა ამას შეუშინებია, – ეს ალბათ მალე მეც მაჯობებსო და ძმას შესთავაზა – ბოლო ქვა სახურავზე თვითონ ჩაასვიო. უმცროსი სახურავზე ავიდა, უფროსმა კიბე გამოაცალა და ძმა ზევით დატოვა. ზევით დარჩენილ შეგირდი საფარის მონასტრის სახურავიდან კლდეზე გადავარდნილა.

ლეგენდა "ინდუშა" ხარზეც არსებობს: მას გაყოლა არ სჭირდებოდა, ქვებს რომ დაუდებდნენ, დანიშნულების ადგილზე თავისით მიდიოდა. ერთხელ გზაზე დათვს გადაეყარა, რომელმაც ცალი მხარი მოაჭამა. ხარს ქვა დავარდნია.

იმ ქვას "ინდუშას ქვას" ეძახიან, რომელიც სოფლების - ანდრია წმინდისა და ანდასის საზღვარზე მდებარეობს. საფარის ეკლესიის კარის ზემო კუთხეში კედელში ქვა არის დატანებული, რომელზეც ხარის სახეა გამოსახული, უთავო და ცალი ფეხი არ აქვს, იქვე, კარის მეორე მხარეს, კი დათვის გამოსახულებაა.

მოამზადა ლალი ფაციამ

AMBEBI.GE

პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

"X ფაქტორის" დროს ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა" - რა შეიცვალა ანრი გუჩმანიძის ცხოვრებაში კონკურსის მოგების შემდეგ და რა გეგმები აქვს "საქართველოს ვარსკვლავში"

საქართველოში  გრიპის  ვაქ­ცი­ნა 20 ნო­ემ­ბრი­დან შემოვა  - რატომ დაგვიანდა წელს ვაქცინაციის პროცესი