ქართული სოფლები და ტაძრები, რომლებიც წყალმა დაფარა

ქართული სოფლები და ტაძრები, რომლებიც წყალმა დაფარა

საქართველოში წყლის ქვეშ რამდენიმე სოფელია მოქცეული, მათ შორის ტაძრები და სასაფლაოებიც, რაც იმ ადგილებში წყალსაცავების მშენებლობამ განაპირობა.

გვინდა იმ სოფლებზე, ადგილებზე მოგითხროთ, რომლებიც წყალმა დაფარა.

1971 წელს სოფელ ჟინვალის ტერიტორიაზე ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო და სოფელი დატბორვის ზონაში მოექცა. ამის გამო, სოფელ ჟინვალის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადაასახლეს სოფლების – არანისსა და ბიჩნიგაურთკარს შორის, მცირე ნაწილი - სოფელ ჩინთის მახლობლად (დუშეთის რაიონი).

ისტორიულად, ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, ჟინვალის ტერიტორიაზე ქალაქი XII საუკუნის მე-2 ნახევარში აღმოცენდა, ხოლო დასახლებული პუნქტი გაცილებით ადრე უნდა არსებულიყო. ჟინვალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლები. 1971 წელს ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის კომპლექსის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელმაც ფართოდ გაშალა მუშაობა დატბორვის ზონაში. სოფელ ჟინვალის ტერიტორიაზე სრული გათხრები ვერ მოხერხდა და მრავალი საუკუნის არქეოლოგიური განძის დიდი ნაწილი წყალმა დაფარა.

იმ ადგილას, სადაც დღეს ჟინვალის წყალსაცავია, შუა საუკუნეების მდიდარი, ქართული ქალაქი ჟინვალი მდებარეობდა თავისი ციხე-კოშკებით, გზებითა და სასახლეებით. იქ ცხოვრება პრესტიჟულად მიიჩნეოდა, შეღწევა და დასახლება ჭირდა, გათხრების დაწყებისთანავე გამოჩნდა მათი ნასახლარები. მსოფლიო სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარე ეს მდიდარი სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი, რომელშიც დიდვაჭრები მიმოდიოდნენ, მთელი კავკასიის კარს აკონტროლებდა. წერილობით წყაროებში ქალაქი პირველად იმ დროს გამოჩნდა, როცა დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები ჩამოასახლა. შემდეგ ჟინვალი, თამარმა - დროებით სარგებლობაში მის ერთგულ ჭიაბერ მანდატურთუხუცესს უბოძა. გათხრების დროს, ეკლესიის ქვეშ ჭიაბერ მანდატურთუხუცესის გაძარცვული სამარხი აღმოჩნდა, აკლდამაში ბევრი საინტერესო რამ იყო შემორჩენილი. ჭიაბერის საფლავზე მიმობნეული იყო თამარისდროინდელი 17 მონეტა, რომელიც მანამდე მხოლოდ ორი ცალი იყო მსოფლიოში - ერთი პეტერბურგში, ხოლო მეორე – ინგლისში.

არქეოლოგიური კვლევების მიუხედავად, 7-8 ეკლესია გაუთხრელი დარჩა, წყალმა დაფარა აუარება ბრინჯაოს, რკინისა და ოქროს იარაღი და სამკაული. ერთ-ერთი ჟინვალის კოშკის ნახევარი მხარე უკვე ჩამონგრეული იყო, როცა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სასმელი წყლის აუზი და ღამის სათევი ოთახები.

ჟინვალის კაშხალთან ჩაიძირა მდინარის აქეთ და იქით სანაპიროზე მდებარე ქალაქის ჭიშკარიც და XII საუკუნის "ჯვარიპატიოსნის" სახელობის ტაძარი, რომელიც 6 თვე წყალშია მოქცეული, 6 თვე კი წყლისგან თავისუფლდება.

ჟინვალის წყალსაცავი 1984 წლამდე დატბორილი არ ყოფილა, განსხვავებით წალკის წყალსაცავისგან, რომლის დატბორვაც 1947 წლიდან დაიწყო. გარდა ბაზილიკური ტიპის ტაძრისა, იქ ძალიან ბევრი ნანგრევი ჩანს. 80-იან წლებამდე, სანამ ეს ტერიტორია დაიტბორებოდა, "ჯვარიპატიოსნის" ეკლესია დიდი მნიშვნელობის წმინდა სალოცავსა და ისტორიულ ძეგლს წარმოადგენდა. ტაძრის წყლისგან გათავისუფლების პერიოდში, მიმდინარეობს მისი კედლების დაშლა. ტაძრის ქვების გამოფიტვის პროცესი იმდენად სწრაფად ხდება, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება ჩამოიშალოს თაღი, რომელიც ბაზილიკურ ტაძარს ჯერ კიდევ თავზე ადგას.

"ჯვარიპატიოსნის" ეკლესიის იდენტური ტაძარი ამ ტერიტორიის სიახლოვეს აშენდა, რომელიც ამჟამად მოქმედია. დატბორვის შემდეგ, ამ ტერიტორიებზე საფუძვლიანი არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ და საზოგადოებამ, წყალსაცავის მშენებლობას დიდი წინააღმდეგობა გაუწია, დიდი პოლემიკა გაიმართა. მოსახლეობა განსაკუთრებით განიცდიდა "ჯვარიპატიოსნის" სახელობის ტაძრისა და სასაფლაოების დატბორვას. ტაძარი ვერ გადაარჩინეს, ხოლო სასაფლაოები გადაიტანეს.

მოკლედ, წალკის წყალსაცავშიც, ჟინვალის წყალსაცავის მსგავსად, XII საუკუნის ეკლესია და რამდენიმე სახლი დაიტბორა... ის ზამთრის პერიოდში იყინება, წყლის დონე საკმაოდ იკლებს და იმ დროს ეკლესიაც ჩნდება. დღეს ამ ბაზილიკური ტაძრის მხოლოდ 3 კედელია შემორჩენილი და ისიც სავალალო მდგომარეობაში. ზამთრის პერიოდში, როდესაც წყალსაცავი მთლიანად გაყინულია, ტაძრამდე მისვლა უფრო ხელსაყრელია. სვანებმა, რომლებიც იქ ჩამოასახლეს, ამ პერიოდს თავიანთი სახალხო დღესასწაული - ლამპრობა დაუკავშირეს. დიდი მარხვის დაწყებამდე მათ ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ლამპრები მიაქვთ და დღესასწაულობენ.

ტაძართან ახლოს, ძველი ბერძნული საფლავებია, რომლებიც დღევანდელი მონაცემებით, მთლიანად დატბორილია. ტაძარში გვხვდება საინტერესო რელიეფური ქვები. ისინი ჯერ კიდევ იკითხება, ასევე ჯვარი და რამდენიმე წარწერა, რომლის იდენტიფიცირებაც შესაბამისი დარგის სპეციალისტების პრეროგატივაა. ტაძარი როდესაც წყალშია, უფრო დაცულია, მაგრამ წყლიდან გათავისუფლებისას მას საფრთხეს უქმნის ძლიერი ქარი, რომელიც იმ ადგილისათვის დამახასიათებელია. ხდება ძეგლის გამოფიტვა და დაშლა. სამწუხაროდ, ღირებული ქვები და ორნამენტები დროთა განმავლობაში შეიძლება სულ დაიკარგოს.

სიონის წყალსაცავი მდინარე ივრის შუა წელში მდებარეობს, რომელსაც სიონის ქვაბულის ფსკერი უკავია, სადაც თავის დროზე ტაძარი დაიტბორა, რომელიც ფეოდალური პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ადრეულ ძეგლს წარმოადგენს. სიონის წყალსაცავში ჩაძირული ტაძრის იდენტური მაკეტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ამ ეკლესიის რამდენიმე მცირე მასშტაბის ნანგრევი ჯერ კიდევ შემორჩენილია, თუმცა მათი დანახვა წყალდიდობისას შეუძლებელია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია