ერთი წელი კახა ბენდუქიძის გარეშე - რა ხდებოდა 2014 წლის 13 ნოემბერს

ერთი წელი კახა ბენდუქიძის გარეშე - რა ხდებოდა 2014 წლის 13 ნოემბერს

თქვენ თუ ჩავარდებით ჩეჩმაში და თან გარეთ ზამთარია, იგრძნობთ, რომ იქ უფრო თბილა. შესაბამისად, იქიდან ამოსვლა გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ: მთელი ცხოვრება იქ გაატაროთ, ან ამოხვიდეთ. ამოსვლის შემთხვევაში იგრძნობთ სუსხს, გაცივდებით, შეიძლება ფილტვების ანთებაც დაგემართოთ, მაგრამ რაც მთავარია, თქვენ უკვე იქიდან ამოსული ხართ და გეცოდინებათ, რომ მეტჯერ აღარ უნდა ჩახვიდეთ.

ეს არის ფასი, რომელსაც თქვენ იხდით თავისუფლებისთვის!

კახა ბენდუქიძე

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.

მან გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის ლონდონში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, სწორედ გადატანილი ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

კახა ბენდუქიძე 1956 წლის 20 აპრილს ქალაქ თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან კახა ბენდუქიძე მუშაობდა ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. მისი კვლევები ძირითადად ფოკუსირებული იყო გენური ინჟინერიის ტექნოლოგიების და რეკომბინანტული ვაქცინების შექმნაზე.

1990 წლიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 1993 წლიდან აქტიურად ჩაერთო რუსეთის ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციისა და კონსოლიდაციის პროცესში. 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია – "გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები". მისი შექმნის დღიდან 2004 წლამდე კახა ბენდუქიძე იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის წლებში "გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები" გადაიქცა საერთაშორისო კომპანიად, რომელიც თავის საწარმოო საქმიანობას წარმართავდა რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ჩეხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანიამ გაიარა ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

2002 წლიდან იყო ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) ინსტიტუციური ეკონომიკის კათედრის პროფესორი. 2004 წლის მაისამდე იყო რუსეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა საგადასახადო-საბიუჯეტო კომიტეტს. 2004 წლის დასაწყისში იგი ჩამოშორდა აქტიურ ბიზნესსაქმიანობას.

2004 წლის ივნისიდან გახდა საქართველოს მთავრობის წევრი – ეკონომიკის მინისტრი, შემდგომ - ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 2004 წლის ბოლოს იგი დაინიშნა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. კახა ბენდუქიძე ითვლება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმატორად. მისი უშუალო ავტორობით განხორციელდა ეკონომიკის დელეგურილების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო სექტორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, სანებართვო-სალიცენზიო სისტემის, ენერგეტიკისა და საჯარო სამსახურის მნიშვნელოვანი რეფორმირება, შრომის ბაზრისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია. განახლდა პრივატიზაციის პროცესი. მასვე ეკუთვნის გახმაურებული ფრაზა – "იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა".

2007 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდი

2008-2009 წლებში იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.

იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს

თავმჯდომარე.

საქმიანობა უკრაინაში

2014 წლის სექტემბრიდან უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რეფორმების ეროვნული საბჭოს ჩამოყალიბება დაიწყო. რეფორმების ეროვნული საბჭო რეფორმების კოორდინაციისთვის შეიქმნა და მას უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში შედიან უკრაინის პრემიერ-მინისტრი, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საკვანძო მინისტრები.

რეფორმების ეროვნული საბჭოს მრჩეველთა ჯგუფში მოწვეული არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცნობილი რეფორმატორები - ვალდას დომბროვსკისი (ლატვიის პრემიერ-მინისტრი 2009-2013 წელი), ლეშეკ ბალცეროვიჩი (პოლონეთის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი 1989-1991 წლებში, ეროვნული ბანკის თავმჯომარე 2001-2007 წლებში), ივან მიკლოში (სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრი 2004-2006 წლებში) და კახა ბენდუქიძე.

რეფორმების ეროვნული საბჭოს მთავარი ამოცანა იყო 2020 წლამდე უკრაინის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია