შეიცვალა თუ არა მოცეკვავე გოგონას ცხოვრება მას შემდეგ, რაც გვარამიამ "რუსთავი 2"-ში სამსახური შესთავაზა

შეიცვალა თუ არა მოცეკვავე გოგონას ცხოვრება მას შემდეგ, რაც გვარამიამ "რუსთავი 2"-ში სამსახური შესთავაზა

გაბრიელა ხვედელიძეს "ნიჭიერის" სცენაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა, მან ცეკვა გარდაცვლილ მამას მიუძღვნა. შემდეგ ტურშიც გადავიდა და ნიკა გვარამიასგან "რუსთავი 2"-ში დასაქმების წინადადებაც მიიღო... ვინ არის გაბრიელა ხვედელიძე და ცეკვის გარდა, კიდევ რა იტაცებს, ამ თემაზე მას "ამბები.გე" გაესაუბრა.

- 2 წლია, რაც ცეკვაზე დავდივარ და ბოლოს "ნიჭიერის" სცენაზე გამოსვლა გადავწყვიტე. თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა დიდი ხანია, მინდოდა. კონკურსში იმიტომ გამოვედი, რომ ყველა ის გრძნობა, რასაც განვიცდიდი, გადმომეცა და გამომეხატა, ამ ყველაფრისგან თითქოს გავთავისუფლებულიყავი.

- რა მოხდა შენს ცხოვრებაში ისეთი, რაც ასე ძალიან გაწუხებდა?

- 6 წლის ასაკიდან მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდიოდი, ანუ ბავშვობიდან, საკმაოდ კარგი სპორტსმენი ვიყავი, მიღწევები მქონდა, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი გახლდით. მერე სპორტის პარალელურად, თეა გობეჯიშვილთან დავიწყე სიარული. თავიდან ამ საქმეს კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ვუთმობდი, მაგრამ ტანვარჯიშიდან მაინც არ მიშვებდნენ, ანუ ცეკვით საერთოდ არ უნდა დავკავებულიყავი. მიუხედავად ამისა, იქ სიარულს თანდათან მოვუხშირე და მწვრთნელებმა საბოლოოდ ამიკრძალეს ტანვარჯიშზე მისვლა.

- ასე ძალიან მიგიზიდა ცეკვამ?

- კი, ვინც ცეკვას იწყებს, თავს ვეღარ ანებებს.

- რა ჟანრს ეუფლები?

- თითქმის ყველა ჟანრის დაუფლებას ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ. ამ ყველაფერს მამას ავადმყოფობაც დაემთხვა. მერე საერთოდ თავის დანებებას ვფიქრობდი. ბევრს ვორჭოფობდი, - გამეგრძელებინა თუ არა.

- მამას რა დაემართა?

- ის მძიმე სენით დაავადდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. მამაც განიცდიდა ჩემს ამბავს, უნდოდა, ცეკვა გამეგრძელებინა. მოკლედ, ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს... საბოლოოდ თეას დამსახურებაა, რომ თავი არ დავანებე. "ნიჭიერში" მონაწილეობაზეც აზრი მას ვკითხე. შოუში გამოსვლა მირჩია, თორემ ალბათ კიდევ დიდხანს ვიორჭოფებდი.

- მოკლედ, ტანვარჯიში საბოლოოდ მიატოვე?

- მაგ თემის გახსენებაც არ მინდა და მით უფრო იქ დაბრუნება, - თან, ამ ყველაფერს 2 სიტყვით ვერ ავხსნი. მწვრთნელებს კატეგორიულად არ უნდოდათ, ცეკვა მესწავლა, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ ტანვარჯიშს მივატოვებდი...

- მამა როდის გარდაიცვალა?

- დეკემბერში ერთი წელი გახდება. მის დაბადების დღეზე კი მისი პერანგით "ნიჭიერის" სცენაზე გამოვედი...

- ჟიურის მოეწონა შენი გამოსვლა, დარბაზმაც ტაში დაგიკრა, ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ში სამსახურით დაგასაჩუქრა. ელოდი ასეთ შედეგს?

- არა, ნამდვილად. დიდი მადლობა ყველას... საერთოდ, როდესაც სცენაზე გამოვდივარ, ჩემი ღელვა სადღაც ქრება და ცეკვისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ...

- ტელევიზიაში კონკრეტულად რა სამსახური შემოგთავაზეს?

- ჯერჯერობით ეს საკითხი არ განგვიხილავს, არ ვიცი, რა იქნება, იმიტომ რომ ბატონ ნიკას არც შევხვედრივარ. იცით, რომ კომპანიაში პრობლემები იყო. რაც უნდა შემომთავაზონ, იქ სამსახურს სიამოვნებით დავიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სკოლის მოსწავლე ვარ და 17 წლის...

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- მინდა, რომ ყველა ცეკვა ვისწავლო და ჩემი საკუთარი სკოლა, სასწავლებელი გავხსნა. ასევე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, რადგანაც ვხატავ. შეიძლება, შედევრებს არა, მაგრამ რაღაცები გამომდის. მაგრამ ალბათ თეატრალურ უნივერსიტეტში ქორეოგრაფიული განხრით ჩავაბარებ, ხატვას სახლშიც შევძლებ და ცეკვას მიყოლა მეტად მინდა.

- ცეკვისა და ხატვის გარდა კიდევ რა გიზიდავს?

- ლიტერატურის კითხვა, ერთი პერიოდი ვფიქრობდი კიდეც, ამ მიმართულებით ხომ არ გავაგრძელო სწავლა-მეთქი? საერთოდ, ბევრი რამის დაუფლება და შესწავლა მინდა. მაინცდამაინც ერთი მიმართულებით არ მინდა სიარული, ყველაფერი უნდა მოვსინჯო და მერე ალბათ ჩამოვყალიბდები კიდეც.

- დედისერთა ხარ?

- არა, უფროსი ძმა მყავს, რომლის მადლიერი ვარ. აბსოლუტურად მხარს მიჭერს და ყველაფერში მეხმარება.

- შემდეგი ტურისთვის რის გაკეთებას აპირებ? როგორ წარადგენ თავს?

- მაქვს იდეა, მაგრამ ჯერ კარგად არის ის დასამუშავებელი, ვფიქრობ, საინტერესო შოუ გამოვა. ამისთვის ვემზადები და ვცდილობ.

- თაყვანისმცემლები ალბათ საკმაოდ გყავს, არა?

- თაყვანისმცემლები ალბათ არიან, თუმცა შეყვარებული არ ვარ. ამის დრო ჯერ არ მაქვს, ჯერ შორს არის ეგ ამბავი ჩემგან, რადგანაც სხვა გეგმები მაქვს...

შოუს შემდეგ ინტერნეტით ადამიანები მწერენ, ბევრი მეგობარი შევიძინე, - სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა.

ლალი ფაცია

იხილეთ გაბრიელას გამოსვლა "ნიჭიერში"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია