რა თანხებს საჭიროებს თბილისში უბნის მაღაზიის გახსნა და რა მოგება მოაქვს მას

რა თანხებს საჭიროებს თბილისში უბნის მაღაზიის გახსნა და რა მოგება მოაქვს მას

საქართველოში უბნის მაღაზიებიდან მიღებული შემოსავალი წლებია, ოჯახის რჩენის ერთ-ერთ აპრობირებულ საშუალებად ითვლება. ამ ტიპის მაღაზიის გახსნა მარტივია, შედარებით მცირე დანახარჯებს მოითხოვს, თუმცა შესაბამისად, როგორც თავად მაღაზიის მფლობელები აღნიშნავენ, ნაკლებად მომგებიანიცაა.

დღევანდელ დღეს, როცა მსხვილი სუპერმარკეტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, უბნის მაღაზიები მათ ჩრდილქვეშ, მაგრამ მაინც მუშაობენ. რა საწყისი კაპიტალია საჭირო ამ ტიპის მაღაზიის გასახსნელად, რამდენად შემოსავლიანია, რა უნდა გაითვალისწინოს გამოუცდელმა ადამიანმა, როცა უბნის მაღაზიის გახსნას გადაწყვეტს. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხების მიღებას AMBEBI.GE თავად მაღაზიის მფლობელებისგან და მენეჯერებისგან შეეცადა.

ხვიჩა ჯანჯალაშვილი პარტნიორთან ერთად 8 წელია სანზონაში მდებარე ერთ-ერთი უბნის მაღაზიის მფლობელია. მისი თქმით, ამ ტიპის მაღაზიის შემოსავალი ბუნებრივადაა მიბმული ადგილობრივების ფინანსურ შესაძლებლობებზე.

"ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად აისახება მაღაზიის მოგებაზე. ჩათვალეთ, რომ უბნის პრობლემები თქვენს ზურგზე გადადის. ვიღაცის ხელფასს აგვიანდება, ვიღაცას საზღვარგარეთ მცხოვრები ახლობელი ფულს ვეღარ უგზავნის. ყველა ფაქტორი - დადებითი თუ უარყოფითი შესაბამისად მოქმედებს ამ ბიზნესზე, რადგან ძალიან სწრაფად რეაგირებს იმპულსებზე."

რაც შეეხება საწყის კაპიტალს, მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ წლების წინ მის მიერ განხორციელებული ინვესტიცია, დღევანდელ დღეს დაახლოებით 35-40 ათასი ლარის ტოლფასი იქნებოდა. მისი თქმით, ყველაზე რთული პირველი სამი წელია, ამ დროს ხდება ერთგვარი შეგუება მომხმარებელსა და მაღაზიის მფლობელს, მომსახურე პერსონალს შორის.

"უბნის მაღაზიის კარგად მუშაობისთვის ტერიტორიას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, ხალხმრავალ ადგილს, თავისთავად უფრო ძვირად აქირავებენ და ყიდიან მფლობელები, მეორე გასათვალისწინებელი მომენტია გარშემო მდებარე სხვადასხვა დანიშნულების მქონე კომერციული ფართების რაოდენობა. თუ ირგვლივ ასეთი პუნქტი ბევრია, ეს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. როცა უბნის მაღაზიის გახსნაზე ფიქრს ვიწყებთ, მსგავსი გათვლები აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.

სულ წინსვლაზე უნდა იფიქრო და ერთ ადგილას არასოდეს არ უნდა გაჩერდე. უნდა აღვნიშნო, რომ უბნის მაღაზიის მოგება დაბალ პროცენტზეა გათვლილი, ყველაზე ბევრი 15%, ყველაზე მცირე კი 8-დან 10 %-მდეა. მაღაზია ხშირად ნისიებზეც მუშაობს, დასაწყისში ეს აზარალებს მცირე ბიზნესს, მაგრამ მომავალში, როცა უკვე კარგად იცი, ვინ როგორი გადამხდელია, ვის უნდა ენდო და ვის არა, ნისია ხშირად ერთადერთი ჯაჭვია, რაც ასეთ მაღალკონკურენტულ გარემოში, მომხმარებელს აკავებს. მაღაზია სულ ითხოვს ფულს და ყურადღებას. თუ იქ ხშირად არ ხარ, ჩათვალე რომ ძალიან მალე გაკოტრდები!",- აღნიშნავს ხვიჩა ჯანჯალაშვილი.

ეკა დესაძე ვარკეთილში, თრიალეთის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის მფლობელია. მისი მაღაზია 20 კვადრატული მეტრია. ეკას თქმით, აღნიშნული ფართი დაახლოებით 15 000 დოლარი ღირს.

"რაც შეეხება საჭირო ინვენტარს და სურსათს, რომლითაც მაღაზია უნდა შეავსო, დღეს ამ ყველაფრისთვის 10-15 ათასი უნდა გაითვალისწინო. მაღაზიას ბევრი ხარჯი აქვს. ბუღალტერია, გადასახადები, ყოველდღიური წვრილმანები... საბოლოოდ გამოდის, რომ მოგება ათას ლარს ვერ სცდება. გარეუბანში მით უმეტეს, ფულს ბრუნვა არ აქვს. რომ იტყვიან, პურს ამით ვჭამთ და თავს ვირჩენთ. ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენსკენ ფასი უფრო მუშაობს, ვიდრე ხარისხი და ბრენდი. ყოველთვის ვცდილობ არ შემოვიტანო ისეთი პროდუქცია, რომელიც ვთქვათ, ცენტრალურ უბნებში კარგად იყიდება, მაგრამ ჩვენთან მოთხოვნა არ არის და ძნელად საღდება", - აღნიშნავს ეკა დესაძე.

მარიამ მურაჩაშვილი გახსნის დღიდან, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერია.

"მაღაზია ნაქირავები გვაქვს და ყოველ თვეში 1000 დოლარს ვიხდით, სამუშაო ფართი 83 კვადრატულია. ასეთი მაღაზიისთვის საჭირო საწყისი კაპიტალი დაახლოებით 100 000 ლარია. ფასში, რა თქმა უნდა, არ შედის  ფართის შესყიდვა; სამაცივრე დანადგარები, რემონტი, პროდუქციის შემოტანა, დახლების შევსება კი გათვალისწინებულია."

მისი თქმით, უბნის მაღაზია თავის რჩენის საშუალებაა და იშვიათად, მხოლოდ სადღესასწაულო პერიოდში გადის მაღალ მოგებაზე.

"დიდ მოგებაზე გასვლა და მომავალში რაიმე კაპიტალდაბანდების გაკეთება, უბნის მაღაზიიდან მიღებული შემოსავლით, გამორიცხულია. მოგება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ არჩინო შენი ოჯახი, ხელფასები გადაუხადო პერსონალს და გადაიხადო ყოველთვიური გადასახადები.

რაც ყველაზე მეტად მუშაობს და იყიდება უბნის მაღაზიაში, ესაა ყოველდღიური მოხმარების საშუალებები, თუმცა მათზე შეუძლებელია ჩვენნაირმა მაღაზიამ მოგების დიდი მარჟა დააწესოს. თამბაქო 10%-იან, პური 5%-იან, მინერალური წყალი 12%-იან, ზეთი კი 8%-იან მოგებაზე მუშაობს. სპირტიანი სასმელები 15-20%-ზეა გათვლილი, მაგრამ გაყიდვადი არ არის და ყოველდღიური ბრუნვა არ აქვს. ყველა ხარჯის გათვალისწინებით, მაღაზიის წლიური მოგება 8-დან 10 პროცენტამდეა",- აღნიშნა მარიამ მურაჩაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ უბნის მაღაზიების მოგება, როგორც აღმოჩნდა, არც ისე დიდია, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტიპის მცირე ბიზნესის წამოწყება და მომავალში მისი განვითარება გაცილებით რეალისტურია. ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჭკვიანურ და საქმიან გათვლებს, საკუთარ ალღოზე დაყრდნობით გააკეთებს, უბნის მაღაზია დიდი ბიზნესის საწყის ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია