რა ვიცით უსინათლო სამყაროს ფერადი აღქმებისა და სოფო ხუციშვილის შესახებ - "ცოტა არაჯანსაღი საზოგადოება ვართ..."

რა ვიცით უსინათლო სამყაროს ფერადი აღქმებისა და სოფო ხუციშვილის შესახებ - "ცოტა არაჯანსაღი საზოგადოება ვართ..."

"ნიჭიერის" ერთ-ერთი კონკურსანტია, ხატავს და საზოგადოებას თავი ასეც გააცნო. მცირე დროში ისეთი ფერადი ტილო შექმნა, რომ მაყურებელი და ჟიური გაოცებული დატოვა...

უსინათლოა, ოღონდ, მას ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ საზოგადოების აქტიური წევრი იყოს.

სოფო ხუციშვილის მსგავსი პოზიტიური ადამიანი იშვიათად შემხვედრია. თავისი არსებობით ადამიანებს სტიმულს აძლევს და სითბოთი ავსებს.

საკმაოდ გულახდილი ინტერვიუ მომცა.

- სამ-წლინახევრის რომ ვიყავი, გრიპი შემეყარა, რასაც თვალების ანთება დაერთო. როცა უკვე თავლები ჩამიწითლდა, მშობლებმა ცნობილ კლინიკაში წამიყვანეს, სადაც არასორად დაიწყეს მკურნალობა, - უამრავი "გენტამიცინი" მიმაღებინეს, რამაც თვალის მეორადი დაავადება ჩამოაყალიბა, ნელ-ნელა მხედველობის დაკლება და საბოლოოდ, მხედველობის დაკარგვა.

- ეს უკვე რა ასაკში მოხდა?

- სამწლი-ნახევრის გახლდით, პრობლემა რომ დაიწყო და საბოლოოდ, 4 წლისა უკვე ვეღარ ვხედავდი.

- სანამ მხედველობა გქონდა, იმ პერიოდიდან რა გახსოვს, - როგორი იყო სამყარო?

- სიმართლე გითხრათ, არფერი მახსოვს, ყველფერი ბუნდოვანია, შეიძლება რაღაც ფრაგმენტები მახსენდებოდეს, მაგრამ რამდენად რეალურია, არ ვიცი, მაგას მაშინ ვიტყვი, როცა მხედველობა დამიბრუნდება.

- რამდენი ოპერაცია გაქვს უკვე გაკეთებული?

- ორი წელია, რაც ზედიზედ ოპერაციებს ვიკეთებ. პირველი 2013 წელს გამიკეთდა, მერე - 2014-ში და ახლა ერთ კვირაში სტამბოლში ისევ მივდივარ, ფაქტობრივად, მესამე ოპრაციისთვის ვემზადები.

- ბავშვობაში რატომ არ გაგიკეთეს ოპერაცია?

- პატარაობაში სამედიცინო ჩარევა არ შეიძლებოდა, - ასე ამბობდნენ ექიმები. შესაძლოა, მხედველობა აღდგეს, მაგრამ მალევე დაიაკრგოს, ამიტომ გარისკვად არ ღირს. ჯერ თვალი ჩამოყალიბდეს, გაიზარდოს და გარდატეხის ასაკის შემდეგ გაკეთდესო. მოკლედ, ახლა უკვე 23 წლის ვარ და 20 წლისას გამიკეთდა პირველი ოპერაცია.

- რა შედეგი გამოიღო ამ ორმა ოპერაციამ?

- მხოლოდ შუქს ვხედავ და რაღაც სილუეტებს, მაგალითად, თუ დიდი საგანია ჩემ წინ, სილუეტის სახით ჩანს, ოღონდ, ადამიანია თუ უსულო საგანი, კონკრეტულად, ვერ ვარჩევ.

- მხედველობის დაკარგვის შემდეგ, როგორ განვითარდა შენი ცხოვრება, სად სწავლობდი, რა განათლება მიიღე?

- საქართველოში სამწუხაროდ, უსინათლოთათვის ერთადერთი სპეციალიზირებული სკოლაა. ჩვენი სახელმწიფო არ არის იმისთვის მზად, რომ ჰქონდეს ამ მიმართულებით განვითარებული სისტემა ისე, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაშია. ამიტომ არჩევანიც არ მქონდა, სხვა სკოლაში შევსულიყავი. იძულებით მიმიყვანეს იქ, სადაც ვისწავლე კიდეც. საკმაოდ კარგად ვსავლობდი, "ოქროს მედალზე" დავამთავრე.

2012 წელს აბიტურიენტი რომ გავხდი, ბატონმა შაშკინმა, მინისტრი რომ იყო, ლონდონში სპეციალურ კურსებზე გამგზავნა. აქტიური ცხოვრება მქონდა და დღესაც ასევე ვაგრძელებ. მართლაც, კარგი განათლება მივიღე.

- სად სწავლობ?

- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. მომწონდა ეს სასწავლებელი, ბევრი კარგი რამ მსმენოდა მასზე და იქ სწავლა ამიტომ მომინდა. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ვარ.

- როგორ სწვალობ, როგორ იღებ განათლებას, სპეციალური ლიტერატურა არსებობს?

- არა სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან ეს საკითხიც მოუწესრიგებელია, არ არსებობს ჩვენნაირი ადამიანებისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელოები, გარემო. დედის დახმარებით ვახერხებ განათლების მიღებას. მიკითხავს და მე ვიმახსოვრებ.

- სოფო, საუკეთესო მაგალითი ხარ ადამიანებისთვის, ანუ სტიმულის მიმცემი.

- ზუსტად ეგ მინდოდა, "ნიჭიერშიც" ამიტომ მივედი, რომ სხვისთვის სტიმული ვყოფილიყავი და მგონი, გამომივიდა...

- ნამდვილად გამოგივიდა. ხატვა როდის დაიწყე?

- ზოგადად ბევრი მეგობარი მყავს გარშემო, ვისაც საკუთარ აზრებს, ემოციებს ვუზიარებ, მაგრამ არის ისეთი საკითხები, თემები, როცა კიდევ სხვა ფორმით მინდა, საკუთარი განცდილი გამოვხატო, ამიტომ ყოველთვის გვერდით მაქვს ფურცელი და ფანქარი.

თავიდანვე ასე იყო, როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი ხოლმე, ჩემს ოთახში განვმარტოვდებოდი და თითქოს ჩემი რაღაც ემოცია გადამქონდა ფურცელზე. ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ხატვა.

- როგორ საზღვრავ და არჩევ, რომელი ფერი როდის უნდა გამოიყენო?

- მაქვს ჩემი ფერები, მაგრამ არ ვიცი, რამდენად რეალურია ისინი, - მათ ჩემს გრძნობებს ვუკავშირებ. თუ მწვანეში დავხატე, ვინც კარგად მიცნობს, მიხვდება, რომ იმ წუთას მშვიდი განწყობა მაქვს, რადგანაც მწვანე ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება.

- თუ ფერი არ იცი, რომელია და როგორია, რანაირად ხვდები?

- ჰო, მაგრამ აქ დედის დახმარება მჭირდება. მას ვთხოვ, ესა თუ ის ფერი მომაწოდოს. თუ წითელში ვხატავ, ე.ი. იმედიანად ვარ, ან სიყვარულის განცდები მაქვს. წითელი ფერი ჩემთვის სიყვარულთან ასოცირდება.

- შეყვარებული ხომ არ ხარ?

- ამ ეტაპზე არა...

- როგორც ჩანს, იყავი...

- დიახ, მაგრამ დავასრულეთ ურთიერთობა (იცინის).

- როგორი ხარ როცა გიყვარს?

- ერთ დილას, როცა შეყვარებული ვიყავი, დედამ მითხრა, - შვილო, რა ბედნიერი თვალები გაქვსო... მაგ დროს ვგრძნობ, რომ ჩემგან სხივები გადის, ჩემი ბედნიერება მინდა, რომ სხვას გავუზიარო.

- რას გვეტყვი იმ ნამუშევარზე, რომელიც "ნიჭიერის" სცენაზე წარმოადგინე?

- წითელი, როგორც გითხარით, იმედთან ასოცირდება და მინდოდა, ხალხი იმედით ამევსო იმიტომ, რომ საზოგადოება თავისი პრობლემებით დათრგუნვილია. მინდოდა, მეთქვა, რომ თუ იმედით არ ვცხოვრობთ, ცხოვრებას აზრი არ აქვს. ყოველთვის უნდა გვქონდეს იმედი და ვისაც ის დაკარგული აქვს, მსურდა დამებრუნებინა. ლურჯი ფერი ჩემთვის სიახლესთან ასოცირდება.

როგორც პროექტში აღვნიშნე კიდეც, ზღვა მიყვარს და დიდი სურვილი მაქვს ხოლმე, რომ საათობით ვიჯდე მის ნაპირზე და მის ხმას ვუსმინო. ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, ვუყურო მზის ჩასვლას ზღვის ნაპირზე, რადგანაც მაგ დროს საოცარი ფერებია იქ. დარწმუნებული ვარ იმაზე ლამაზია, ვიდრე წარმომიდგენია. მოკლედ, ასე უნებლიედ გავთქვი ჩემი ოცნება.

- კიდევ რა გიტაცებს და გიყვარს?

- მოგზაურობა თბილ ქვეყნებში.

- უცხო ქვეყანას როგორ აღიქვამ?

- გვერდით მყოფი ხომ მყავს და ის მეუბნება და მიხსნის ყველაფერს. რითაც ჩემი შეხვედრა ახალ ხალხითან, კულტურასთან ხდება, რასაც ძალიან დადებითი ენერგია მოაქვს.

- როგორ გგონია, რითი განსხვავდებით უსინათლო ადამიანები მხედველებისგან?

- მგონი, არაფრით, ისევე მიყვარს ლიტერატურა, ხატვა, ფეხბურთი, როგორც მხედველთ. "ბარსელონა" რომ იყო ჩამოსული, ავდექი და სტადიონზე წავედი, თავი არ შემიზღუდავს, უდიდესი სიამოვნება მივიღე. უბრალოდ, იმით განვსხვდებით მხედველებისგან, რომ მეტად მგრძნობიარეები ვართ. უფრო მეტად აღვიქვამთ გარშემო ყველაფერს. ყოველთვის ვგრძნობ ადამიანის "აურას". იმას, რასაც დედა ვერ ხვდება, მე არ გამომარჩება.

- რას იტყვი ჩვენს საზოგადოებაზე?

- არავინ მიწყინოს, მაგრამ მგონი, ცოტა არაჯანსაღი საზოგადოება ვართ...

თუ დაინახავენ ადამიანს, ვისც ვერ ესმის, ან ვერ ხედავს, ვერ დადის, ამბობენ, - რა საცოდავია? იმას კი ვერ აცნობიერებენ, რომ მე უბრალოდ ვერ ვხედავ, თორემ არაჩვეულებრივად მესმის.

ამ მიმართულებით რაღაცები ჩვენს საზოგადოებას აკლია. არ არის საჭირო მაინცდამაინც თვალი და ყური, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყო. შეიძლება ვიღაცას ყურიც აქვს, თვალიც და არ იცის, ვინ არის შოთა რუსთაველი.

- ინტერნეტთან, სოციალურ ქსელთან თუ გაქვს წვდომა?

- ძალიან კარგად ვსარგებლობ "ფეისბუიქით", "სკაიპით" და ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი ვარ, ვინაიდან არსებობს ხმოვანი პროგრამა, რომელიც უსინათლოებს კომპიუტერის გამოყენებაში ეხმარება.

- შენი ერთი ოცნების შესახებ კი გვითხარი. კიდევ რა გინდა, რომ აგიხდეს, გარდა იმ უმთავრესისა, რასაც მხედველობის დაბრუნება ჰქვია.

- ბევრი ოცნება მაქვს, ერთ-ერთი "კამპ ნოუზე", ბარსელობაში მოვხვდე და ჩემი საყვარელი ფეხბურთელების თამაშს დავესწრო, შევხვდე მათ და ვუთხრა, რომ ისინი მესიმ შემაყვარა. მათი დიდი გულშემატკივარი ვარ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია