"რეკლამის დამკვეთი უნდა დაფიქრდეს, სად მიაქვს რეკლამა, ეს მისი იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება" - სოკოებივით მომრავლებული პარაზიტი საიტები საქართველოში

"რეკლამის დამკვეთი უნდა დაფიქრდეს, სად მიაქვს რეკლამა, ეს მისი იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება" - სოკოებივით მომრავლებული პარაზიტი საიტები საქართველოში

"გვიშველეთ, დაგვიხსენით ამ დეზინფორმატორებისგან!", "ვინ ხართ, სად ისწავლეთ ჟურნალისტიკა?! ", "რეგულაციებს ვითხოვ ონლაინმედიაში, ასე აღარ შეიძლება გაგრძელება!!!", - სოციალურ ქსელებში ბოლო ხანს ამგვარ სტატუსებს სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით, რისი მიზეზიც ბოლო ხანს ქართულ ინტერნეტსივრცეში მომრავლებული ვებგვერდებია, რომლებიც საინფორმაციო პორტალის სახელს ირქმევენ და რეიტინგის მოსაპოვებლად არანაირი სისაძაგლის ჩადენას არ ერიდებიან. მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ლამის 100% სხვა საიტებიდან მოპარული და გადამღერებული ინფორმაციები ანაც მიზანმიმართულად გაყალბებული ამბებია. ასევე ყოვლად უგემოვნო, უხამსი, ხშირად პორნოხასიათის ფოტო და ვიდეომასალები.

ისინი არ ერიდებიან ტყუილის ტირაჟირებას იმისთვის, რომ სასურველ მიზანს მიაღწიონ, ანუ მოიპოვონ გარკვეული რეიტინგი, შემდეგ კი რეკლამის დამკვეთები ამ რეიტინგით შეიტყუონ მათ საიტებზე.

რა არის მათი რეიტინგის წყარო?

ისევ და ისევ სოციალური ქსელი, ჩვენში ყველაზე პოპულარული "ფეისბუკი" და იქ შექმნილი ჯგუფები, სადაც მომხმარებელები მათი ნებართვის გარეშე ამ საიტების პირატული მოქმედებების შედეგად ხვდებიან. ამ ჯგუფების საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, ხშირად შეიცავს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას ან არის სექსუალური შინაარსის, რაც "ფეისბუკის" აუდიტორიას დიდ დისკომფორტს უქმნის.

(იხილეთ ასევე: Facebook, ნუ მისცემ საშუალებას გაგვაწევრიანონ ჯგუფებში ჩვენი დასტურის გარეშე!)

ცალკე პრობლემაა სოლიდური საიტებიდან ერთი ერთში გადაკოპირებული მასალები, რომელსაც არც წყარო და არც ავტორი მითითებული არ აქვს.

ცალკე საკითხია ის ამორალური ვებგვერდები, რომლებიც მიზანიმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, მაგალითად, ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის, მსახიობის, საზოგადო მოღვაწის გარდაცვალების შესახებ...

თუ რა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს პარაზიტი ვებგვერდების წინააღმდეგ ამის შესახებ ჯერჯერობით ერთობლივი გეგმა შემუშავებული არ არის.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი, შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი:

- ნებისმიერი ასეთი საქციელი არის პლაგიატი, უფრო სწორად კი, ქურდობა და გარდა იმისა, რომ ეს ცუდი ტონია, დასჯადიც არის. რა თქმა უნდა, მედიასაშუალება იმისთვის არსებობს, რომ მან მოიძიოს თემა და გაავრცელოს, ამისთვის გარკვეულ ხარჯებს იღებს, ხარჯავს შრომას და რესურსს, რათა მიიზიდოს აუდიტოირია, შემდეგ რეკლამა... ეს ყველაფერი ხანგრძლივი პროცესი და სამუშაო. როდესაც ამ დროს შემოდის ბაზარზე მუქთახორა და სხვის მოძიებულ და მომზადებულ ამ მასალას გადმობეჭდავს და გაავრცელებს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ინტელექტუალური ქურდი და ზოგადად, ნებისმიერ რამის ქურდობა დასჯადი საქციელია

- პრევენციის სახით რა შეიძლება გაკეთდეს?

- ამგვარი საიტებისგან თავდაცვის პრევენციის საშუალება იქნება თვითრეგულირების მექანიზმების ამუშავება და შეთანხმება იმაზე, რომ საზოგადოებას ასეთი საიტების მიმართ სწორი რეაქცია ჰქონდეს. ანუ ერთხელ რომ შეხვედი საიტზე და ნახე, რომ მას საკუთარი შრომით არაფერი აქვს გაკეთებული, მოპარული აქვს მთელი კონტენტი, ასევე ავრცელებს დეზინფორმაციას, მეორედ, წესით, იქ აღარ უნდა შეხვიდე! საზოგადოება მას უბრალოდ არ

უნდა ენდოს და არ უნდა წაიკითხოს მისი "პროდუქტი". ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა მედიასაშუალება მზად იქნება იმისთვის, რომ პლაგიატი დაგმოს და საზოგადოებას უთხრას, - ნუ ისარგებლებს მათი ინფორმაციით. ეს იქნება საუკეთესო პრევენცია...

გარდა ამისა, რეკლამის დამკვეთი კარგად უნდა დაფიქრდეს სად მიაქვს რეკლამა, ვფიქრობ, ასეთ საიტებზე მისი რეკლამირება მხოლოდ წამგებიანი და მისი იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება.

უნდა ამოქმედდეს სამართლებრივი მექანიზმებიც. ამას წინათ ვნახე ერთ-ერთი რეგიონალური გამოცემის მიერ მომზადებული აუდიო და ვიდეო მასალა რომელიც, ერთ-ერთმა ნაციონალურმა ტელევიზიამ თავის სიუჟეტში, გაუშვა, თან ისე, რომ ვიდეო სიგანეზე "გაწელა", რათა პირველწყაროს ლოგო არ გამოჩენილიყო, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული დანაშაულებრივი ქმედებაა და კარგი იქნება თუ დაზარალებული და პატიოსანი მედიაგამოცემები რაიმე ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან.

წაიკითხეთ მეტი

ლალი პაპასკირი

"კვირის პალიტრა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია