"როგორ დავგეგმოთ წარმატებული დღე - რჩევები დავით კენჭაძისგან"

"როგორ დავგეგმოთ წარმატებული დღე - რჩევები დავით კენჭაძისგან"

1.როცა ადამიანს დღის მანძილზე ბევრი სხვადასხვა საქმის გაკეთება უწევს, მეტი ორგანიზებულობისათვის, საჭიროა თუ არა გეგმის ჩამოწერა და თითოეული წუთის  მიზანმიმართულად განსაზღვრა?

თუ შევადარებთ წარმატებულ და საშუალო ადამიანებს ერთმანეთთან, მივხვდებით, რომ ერთ-ერთი მთავარი განსხვავება მათ შორის მდგომარეობს იმაში, რომ წარმატებული ადამიანები გაცილებით ეფექტურად იყენებენ დროს. იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ გამოვიყენოთ დრო ეფექტურად, ვნახოთ, თუ როგორ აკეთებენ ამას წარმატებული ლიდერები.

ერთ-ერთი მთავარი წესი, რაც მათ წარმატებას განაპირობებს, არის წინასწარ საქმის დაგეგმვა. ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ლიდერი საქმეებს გეგმავს არა მხოლოდ ერთი დღით ადრე, არამედ კვირით, თვით, წლითაც კი. მათ ყველაფერი გაწერილი აქვთ და იციან, როდის რა და როგორ გააკეთონ. როდესაც იწყებთ საქმეების წინასწარ დაგეგმვას, ამავდროულად სწორ გადაწვეტილებას იღებთ, შეასრულოთ მნიშვნელოვანი ამოცანები. როგორ განვსაზღვროთ პრიორიტეტული ამოცანები? ამისთვის არსებობს 80/20-ის, იგივე პარეტოს წესი, რაც გულისხმობს შემდეგს - ჩვენი შედეგების 80% ჩვენი საქმეების 20%-შია დამალული. ჩვენი ამოცანაა, კარგად გავაანალიზოთ, თუ რომელია ეს 20%. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ირჩევთ სწორ პრიორიტეტებს და ხართ ბოლომდე ფოკუსირებული ამ საქმეებზე, მიიღებთ ძალიან მაღალ შედეგებს. ეს ხდება სწორედ დაგეგმვის დროს, როდესაც აანალიზებთ, რა უნდა გააკეთოთ მომდევნო კვირებში. დრო შეზღუდულია და ყველას ამ მხრივ ერთი და იგივე რესურსი აქვს, თუმცა დაგეგმარების დროს თქვენ საზღვრავთ პრიორიტეტებს და გამოყოფთ დროს მათ შესასრულებლად, რაც მის უფრო ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს. რაც უფრო ზუსტად ახორციელებთ დაგეგმვას, მით უფრო წარმატებული ხდებით, იზრდება დავალებების შესრულების ხარისხიც, რადგან ყველაფერი წინასწარ გათვალეთ. ამავდროულად, მცირდება ყოველდღიური შფოთვაც, რაც იმ ადამიანთა უმეტესობას ახასიათებს, ვისაც ძალიან ბევრი საქმე აქვს ერთდროულად გასაკეთებელი.

2. წარმატებული ადამიანების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა დასკვნების გაკეთება შეგვიძლია, განწყობა და პოზიტიური მოლოდინები რა როლს თამაშობს?

თუ დავაკვირდებით წარმატებულ ადამიანებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი უმეტესობა ფლობს გამორჩეული ლიდერებისათვის დამახასიათებელ თვისებებს - არიან პოზიტიურად განწყობილები და მომავალთან დაკავშირებითაც პოზიტიური ხედვა აქვთ. თუმცა ამას ცალსახად ვერ ვიტყვით ყველა ლიდერზე, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან ქარიზმატულები, არ გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, არ ცდილობენ გუნდის მართვას ე.წ.“Emotional intelligent”-ის მეშვეობით, მაგრამ მათ მაინც გამოსდით საქმე. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანები გაცილებით მარტივად აკეთებენ საქმეს, როცა პოზიტიურად არიან განწყობილები. როდესაც იცი, რომ ყველაფერი კარგად გამოვა, ეს დამატებითი ადრენალინი და დადებითი ემოციებია, სხვა სიტყვებით - გონებრივი ენერგეტიკა, რომელიც გამხნევებთ, დამატებით სტიმულსა და სურვილს გაძლევთ, უფრო მეტი საქმე უფრო ეფექტურად გააკეთოთ დასახული მიზნების მისაღწევად.

აგრეთვე არის მეორე საკითხი - ხედვა, რომელიც აქვს ლიდერს. ხედვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია გუნდის სამართავად, რადგანაც გუნდს ვერ მართავ, თუ არ გაქვთ საერთო ხედვა. გუნდმა უნდა იცოდეს, სად მიდის, რა არის მომავალი და რა მოხდება ამ მომავალში, რაც ამოტივირებს გუნდის დანარჩენ წევრებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რომლითაც იმართება ძალიან დიდი გუნდები. თუმცა, სამწუხარო რეალობაა ის, რომ ბევრი ლიდერი ამ პრინციპებს პრაქტიკაში არ იყენებს. მომავლის ხედვის გარეშე ურთულესია წარმატებული გუნდის შეკვრა და მისი გამარჯვებისკენ წაყვანა.

3. როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პირადი და სამსახურებრივი ყოველდღიური პრობლემები, რომ ორივე საკითხში გარკვეულ ბალანსს მივაღწიოთ?

ძალიან კარგი შეკითხვაა. რეალურად არსებობს ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელიც უნდა დაიცვას ყველა ადამიანმა ასეთ სიტუაციაში. უნდა დავტოვოთ პირადი პრობლემები სახლში, სამსახურებრივი კი სამსახურში. მესმის, ეს ძალიან რთულია და ალბათ ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ინტერვიუს კითხულობს, ფიქრობს, რომ ამის გაკეთება ძალიან კარგი იქნება, მაგრამ წარმოუდგენლად მიაჩნიათ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ წარმოუდგენელიცაა პრობლემის ზომიდან გამომდინარე. თუ ის ძალიან დიდია და სანერვიულო, ამ შემთხვევაში დაგეთანხმებით. თუმცა, სხვა შემთხვევებში ამის გაკეთება შესაძლებელია, რადგან დიდი პრობლემები მთლიანი პრობლემების სრული რაოდენობის 5-10%-ს შეადგენს ხოლმე.

არის მეორე მნიშვნელოვანი საშუალება, რომლითაც შეგიძლიათ ეს საკითხი დააბალანსოთ. წესი ძალიან მარტივია - რატომ უნდა ვინერვიულოთ პრობლემებზე? ან რა არის საერთოდ პრობლემა? დავიწყოთ საუბარი სწორედ ამით. პრობლემა არის სიტუაცია, როდესაც რაღაც არ გამოდის ისე, როგორც ჩვენ გვინდა. შესაბამისად, არის ორი გამოსავალი: შეგვიძლია გავაანალიზოთ ეს საკითხი და დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა - არის თუ არა შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება? თუ პასუხი უარყოფითია და პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, მაშინ რა აზრი აქვს მასზე ნერვიულობას? მაგრამ, თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც წარმატებული ადამიანები იქცევიან - გავხდეთ მოქმედებაზე ორიენტირებულნი და გავაკეთოთ ყოველდღიურად/ყოველსაათობრივად (სიტუაციიდან გამომდინარე) რაღაც იმისთვის, რომ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ამიტომ გირჩევთ, რომ გამიჯნოთ პრობლემები საქმისგან და გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად ფოკუსირებული ხართ საქმეზე, უფრო მარტივად გავიწყდებათ პირადი პრობლემები და პირიქით, რაც უფრო მეტად ფიკუსირებული ხართ ოჯახზე და პირად ცხოვრებაზე, უფრო მარტივად გავიწყდებათ სამსახურებრივი პრობლემები. შესაბამისად, მოახდინეთ ფოკუსირება, დაფიქრდით, არის თუ არა შესაძლებელი ამ პრობლემების მოგვარება და თუ ისინი მოგვარებადია, მაშინ უბრალოდ იმოქმედეთ.

4. არსებობს კონკრეტული პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც, დიდი ალბათობით, დღე ნამდვილად წარმატებული იქნება?

აღვნიშნავ, რომ მართლაც საინტერესო შეკითხვაა. მოდით, პირველ რიგში, რადგან ახსენეთ წარმატება, განვსაზღვროთ, რას ნიშნავს წარმატებული დღე. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ დღის განმავლობაში ჩაფიქრებულ ამოცანებს ისე შევასრულებთ, როგორც გვსურდა. აქედან გამომდინარე დავფიქრდეთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ ისე, რომ ჩვენი ჩანაფიქრი განვახორციელოთ. პირველ რიგში საჭიროა მოტივაცია, ფსიქოლოგიური მიდგომა, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. წარმოუდგენელია ფსიქოლოგიური განწყობის გარეშე შესაბამისი მიზნების მიღწევა. თქვენ დილიდან დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს დღე წარმატებული იქნება და თქვენ საუკეთესო ხართ. იყავით დარწმუნებული იმაში, რომ თქვენ ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ და გამოავლენთ თქვენს უნიკალურ თვისებას, რომელიცაა ბრძოლის ჟინი, რაც არცერთ შემთხვევაში არ დაგახევინებთ უკან და ბოლომდე მიგაყვანინებთ დაწყებულ საქმეს. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი წინაპირობაა, რაც სასურველი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით და ენთუზიაზმითა და ქარიზმით აღივსებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა არის საჭირო ჩაფიქრებული მიზნების მიღწევისთვის. ეს არის გარკვეული ამოცანები, რომლებიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. ასევე უნდა განსაზღვროთ ქმედებები, რომლის შესრულების შემდეგაც მიიღებთ დღის სასურველ შედეგს.

უმეტესად ადამიანები არ აკეთებენ ბოლომდე გათვლას, თუ რა წინაპირობები და ქმედებებია საჭირო მიზნის მიღწევისათვის. შემდეგ კი უკვირთ, რატომ ვერ აღწევენ ამა თუ იმ მიზანს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ყველაფერი გათვალოთ და დაგეგმოთ კარგად იმისათვის, რომ ეს დღე წარმატებული იყოს.

ასევე არის მესამე ფაქტორი, რომელიც მნიშნელოვანია - ყოველდღე დათესეთ მარცვალი თქვენი მომავალი წარმატებისთვის. ყოველდღიურად მინიმუმ ნახევარი საათი დაუთმეთ თქვენი თავის განვითარებას. თუ ამას გააკეთებთ, თქვენ 10 წლის შემდეგ წაკითხული გექნებათ 30-50 პროფესიული წიგნი და უამრავი საინტერესო მასალა, რომელიც გაქცევთ სუპერ პროფესიონალად. თუ გაითვალისწინებთ ამ პრინციპებს, მერწმუნეთ, რომ ყოველი შემდეგი დღე წინაზე ბევრად წარმატებული იქნება.

ქრისტინა გამთენაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია