"როცა გავაცნობიერე სად ვიყავი, ეს ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო" - ნიკუშა ნატროშვილის ცხოვრების წარმოუდგენლად რთული პერიოდი

"როცა გავაცნობიერე სად ვიყავი, ეს ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო" - ნიკუშა ნატროშვილის ცხოვრების წარმოუდგენლად რთული პერიოდი

ნიკუშა ნატროშვილს მთელი საქართველო იცნობს. 24 წლის ბიჭი ხალხმა კიკეთში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გაიცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ის მეგობარმა სასიკვდილოდ დაჭრა, კლინიკაში კი ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გადაიყვანა. მოქალაქეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მის გადასარჩენად გაერთიანდნენ, ნიკუშას 25 ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

რა მოხდა იმ ტრაგიკულ ღამეს, ამ თემაზე ნიკუშა დეტალურდ ვერ საუბრობს, რადგან არ ახსოვს. გადარჩენილი ახალგაზრდა ამჯერად თავად აპირებს საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბებას და იმ ადამიანებს დაუდგება გვერდით, ვისაც დახმარება სჭირდება.

- ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმებმა მითხრეს, როგორც აქამდე ცხოვრობდი, შეგიძლია ისევ ისე გააგრძელო ცხოვრებაო. კიდევ არის გასაკეთებელი ოპერაცია ყელზე. როცა ჩავალ ამერიკაში, მეტყვიან მარჯვენა მხრიდან ამოსაღები იქნება თუ არა ტყვიის ფრაგმენტი. სულ 25 ქირურგიული ოპერაცია გავიკეთე. ბოლოს ამერიკაში ვიყავი, სადაც 3 თვე გავდიოდი მკურნალობის კურსს. ყველაზე რთული წელიწადნახევარი იყო ეს პერიოდი ჩემთვის, რომელსაც მარტო ვერ გადავლახავდი.

- რა დაზიანებები გქონდათ?

- ნაწლავების 80 პროცენტი იყო დაფლეთილი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი იყო ძირითადად დაზიანებული. ოპერაციის შემდგომ პერიოდს მოჰყვა გართულებები, თორმეტგოჯა ნაწლავის შეუხორცებელი ფისტულა მქონდა. 24 ოპერაცია გავიკეთე თბილისში. იმ აპარატურით, რაც აქვს ქართველ ქირურგებს, ისინი საოცრებებს აკეთებენ. ამერიკელმა ქირურგებმა ჩემი ისტორია რომ ნახეს, გაკვირვებულები დარჩნენ, როგორც შეძლეს ქართველმა ექიმებმა გადარჩენა.

- თავიდანვე გქონდა გადარჩენის იმედი?

- სხვადასხვა მიზეზების გამო, ბევრჯერ ჩავიქნიე ხელი გადარჩენაზე. როცა პირველად გონზე მოვედი, აღარ მჯეროდა კარგად თუ გავხდებოდი. ბევრმა კლინიკამ თქვა უარი ჩემს ოპერაციაზე, რადგან გადარჩენის შანსი არ იყო. როცა იმედი გაჩნდა, ფინანსური პრობლემების წინაშე დავდექი, რაშიც მთელი საქართველო დამეხმარა. თავიდან პესიმისტურად ვუყურებდი ყველაფერს. ნელ-ნელა ხალხის გვერდში დგომით მივიღე გადაწყვეტილება, რომ დანებება არ შეიძლებოდა.

როცა პირველად მოვედი გონზე, მძიმე რეაქცია მქონდა. ვერცერთ კიდურს ვამოძრავებდი, უამრავ აპარატზე ვიყავი შეერთებული, მედგა გადასხმები, დრენაჟები, ვერ ვლაპარაკობდი... როცა გავაცნობიერე სად ვიყავი, ეს იყო ჩემთვის ჯოჯოხეთი. რამდენიმე თვის მანძილზე მოვდიოდი გონზე. ორ თვეში გადამიყვანეს პალატაში და აქედან დაიწყო ჩემი ხალხთან თავიდან შეგუება. მიჭირდა მათთან ურთიერთობა, არაფერი მინდოდა, რაც ხალხთან ურთიერთობასთან იყო დაკავშირებული. ქირურგების დაჟინებული თხოვნით მომიტანეს მობილური ტელეფონი, რომლითაც შევდიოდი სოციალურ ქსელში. როცა ჩემთვის კონცერტი ჩატარდა და მივხვდი, საქართველო მედგა გვერდით, იმედი აღარ დამიკარგავს.

- რა შეიცვალა შენში ამ ტრაგედიის შემდეგ?

- მეგობრები ამბობენ, რომ შევიცვალე. რაღაცები გადავაფასე, პრიორიტეტები შეიცვალა, არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას ჯანმრთელობას. ეს მეცხრეხარისხოვანი იყო ჩემთვის. დღეს კი პირველ ადგილზე ჯანმრთელობა დგას. სხვა ურთიერთობა მაქვს ოჯახთან, მეგობრებთან. ზოგიერთ მეგობარს უფრო დავუახლოვდი, ზოგი კი დავკარგე. როცა ასეთი ტრაგედია გემართება, მიზანია გადაარჩინო საყვარელი ადამიანი. ზუსტად ასე მოიქცნენ ჩემებიც, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც საჭირო იყო. მარტოობის განცდა არ მქონია, ჩემი მეგობრები 24 საათი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყვნენ. დედამ განსაკუთრებულად იაქტიურა ჩემი გადარჩენისთვის. ახლა ბევრი საფიქრალი დამემატა. მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა საქველმოქმედო ფონდი ჩამოვაყალიბეთ. დავეხმარებით ისეთ ხალხს, ვისაც ჩემსავით სჭირდება დახმარება.

- ცნობილია, რომ საავადმყოფოში ლევან ვასაძემ გადაგიყვანათ, თუ შეხვდით მას?

- გავიცანი პირადად ბატონი ლევანი, მადლობაც გადავუხადე. როცა სასწრაფო გამოიძახეს, ზუსტად 5-7 წუთში გამოიარა ბატონმა ლევანმა, ხელი დაუქნიეს და მან წამომიყვანა კლინიკაში. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ჩვენ წყნეთის ტრასაზე შევხვდით, ლევან ვასაძეს რომ არ გამოევლო, მცირე შანსიც აღარ იყო გადარჩენის, რადგან წამები წყვეტდა ყველაფერს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია