რა შეცდომები დაუშვა ქართულმა მედიამ ტერორისტული ვიდეომიმართვის გავრცელებისას და როგორ უნდა გაშუქებულიყო ვიდეო?!

რა შეცდომები დაუშვა ქართულმა მედიამ ტერორისტული ვიდეომიმართვის გავრცელებისას და როგორ უნდა გაშუქებულიყო ვიდეო?!

ვიდეომასალის სრული ვერსიის გაშვება, ვებგვერდის ბმულის მითითება, ტერორისტთა მიმართვების უცვლელი გადმოცემა - მედიაექსპერტების თქმით, ეს ის შეცდომებია, რომელიც გუშინ ქართულმა მედიამ ტერორისტული ვიდეოს გაშვების დროს დაუშვა.

გუშინ ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით თითქოსდა მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ვიდეოში ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მისამართით საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი "ხალიფატის" შემოსვლით ემუქრებიან.

აღნიშნული ვიდეო მალევე გავრცელდა ქართულ მედიასაშუალებებში, ბევრმა სააგენტომ ვიდეო სრული სახით გაავრცელა. ამის შემდეგ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მედიასაშუალებებს მისცა რეკომენდაცია, თუ როგორ შეიძლებოდა ამ მასალის გაშვება, რის შემდეგაც რამდენიმე სააგენტომ ვიდეო წაშალა, ზოგმა კი შეამოკლა.

AMBEBI.GE მედია სპეციალისტებში იმის გარკვევას შეეცადა, თუ რა შეცდომები დაუშვა ქართულმა მედიამ ტერორისტული ვიდეომიმართვის გაშუქების დროს.

"რამდენიმე ვებგვერდმა უცვლელი სახით გადასცა ტერორისტული შინაარსის მქონე ვიდეომასალები, რითიც ფაქტობრივად ხელი შეუწყო მათი აზრების ტირაჟირებას. თუმცა შემდეგ, როგორც ვნახეთ, იმ მედიასაშუალებებმა, რომელთაც ეს ვიდეო სრულად გაავრცელა, ვებგვერდებიდან აიღეს და ბევრ ადგილას აღარ იძებნება", - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი.

მისი თქმით, გუშინდელი შემთხვევა მაგალითი უნდა იყოს, რომ ასეთი შეცდომა მედიასაშუალებებმა არ დაუშვან. კითხვაზე, როგორ უნდა გაშუქდეს მსგავსი ტიპის საკითხები, ძველიშვილი ამბობს, რომ ამ დროს მთავარი არა ვიდეოს ავტორების მიზნის განხორციელება, არამედ საზოგადოების ინფორმირებულობაა ზოგადი ინფორმაციით.

"რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია თუ რა ხდება, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებითაც, თუმცა ამ თემაზე მასალის მომზადება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინფორმირებას, რომ ამგვარი რაღაც მოხდა და არა პირდაპირ უცვლელად მთლიანი ვიდეოს გავრცელებას. ამიტომ უმჯობესია, თუ გამოცემები მხოლოდ რამდენიმე კადრს გამოიყენებენ, შესაბამისად, ტექსტიც რედაქტირებული უნდა იყოს.

"ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ ასწავლის მედიას, როგორ უნდა გააშუქოს მსგავსი ტიპის საკითხები, მაგრამ მგონია, რომ თავად სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა იყოს ამ თემით დაინტერესებული, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ვებგვერდი, სადაც ამგვარი ვიდეოები გავრცელდა, უნდა დაბლოკილიყო, თუმცა კვლავ ხელმისაწვდომია და არანაირი სანქცია არ შეხებია, ამიტომ სახელმწიფო პირველწყაროზე უნდა გავიდეს, თუ ვინ ავრცელებს ამ ვიდეოებს", - ამბობს ნატა ძველიშვილი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს დირექტორის თქმით, მსგავსი ვიდეოს გავრცელებისას მთავარი არის ის, რომ ეთერში ან რომელიმე სააგენტოზე მთლიანი მასალა არ უნდა მოხვდეს, რადგან "მედია ტერორისტების ხელში არ უნდა გახდეს უნებლიე იარაღი და პლატფორმა, რისი საშუალებითაც ისინი საკუთარ აზრს ავრცელებენ. მათი მთავარი მიზანი მოსახლეობაში პანიკის დათესვა და საკუთარი აზრების გავრცელებაა.

"ჩვენ შევეცდებით მოვამზადოთ სახელმძღვანელო წესები ჟურნალისტებისთვის, რომელიც იქნება ერთგვარი დამხმარე, თუ როგორ გააშუქონ ამგვარი საკითხები".

მედია სამართლის სპეციალისტის, ნათია კაპანძის თქმით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსში წერია, თუ როგორ ხდება საერთაშორისო რეგულაციებით მსგავსი თემების გაშუქება მედიასაშუალებებში, თუმცა როგორც ის ამბობს, აღნიშნული კოდექსი სარეკომენდაციო ხასიათისაა.

"სამწუხაროა ის, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და ზოგადი პრინციპები, რომელიც თითქმის ყველა საკითხს არეგულირებს და მათ შორის ტერორიზმის გაშუქებასაც, პრაქტიკაში არ არის ხოლმე იმდენად ნათელი და არ ხდება მათი სწორად გამოყენება.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ შემთხვევაში კონკრეტული ინსტიტუტების, მაგალითად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებას, თუ რა უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა იმისათვის, რომ ერთი მხრივ ინფორმაცია გაავრცელოს, მეორე მხრივ კი მედია უნდა მოუფრთხილდეს საზოგადოებას და ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მას რაიმე დამატებითი საშიშროებები არ გააჩნდეს", - ამბობს ნათია კაპანაძე.

რაც შეეხება ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პოზიციას, როგორც მედია სამართლის სპეციალისტი ამბობს, სახელმწიფოს უკვე წინასწარ აქვს გაცხადებული როგორი უნდა იყოს მისი პოზიცია და ეს ასახულია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში.

"რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ მიღებულ დამატებით ღონისძიებებს, მაგალითად მითითებებს, ამ შემთხვევაში, ეს მითითებები უკვე კონკრეტული პირის გადაწვეტილებები შეიძლება იყოს და არა კონკრეტულ ნორმაზე დაყრდნობით მიღებული, რადგანაც ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს ტერორიზმის ცნებას, თუმცა ამავდროულად მედიის მუშაობის სტანდარტები უკვე დადგენილია მაუწყებელთა ქცევის კოდექსში, ამიტომაც ვერ გეტყვით, კონკრეტული მითითება რა შეიძლება იყოს სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან.

თუმცა მათი ძირითადი ამოცანა ასეთ შემთხვევაში ჩვენი კანონმდებლობიდან და საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე არის ის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ადამიანების უსაფრთხოების დაცვა და ხელი შეუწყონ სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას, რაც მედიასაშუალების მუშაობისგან განსხვავებული პროცესია", - ამბობს ნათია კაპანაძე.

შეიძლება ითქვას, რომ მედიაექსპერტების შეფასებით, სააგენტოებმა ტერორისტული ვიდეომასალა არასწორად გაუშვეს და მათი თქმით, ამ შემთხვევაში ბრალი მედიას მიუძღვის, თუმცა ჩვენ დავინტერესდით, რა დონეზე ხდება ჟურნალისტებისთვის იმ საკითხების შესწავლა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი ან მედიასაშუალება კონფლიქტური სიტუაციის დროს, როგორ უნდა გაავრცელოს მსგავსი ტიპის ინფორმაცია და რა არ უნდა გაუშვას ეთერში.

მედიაექსპერტ ია ანთაძის თქმით, უნივერსიტეტებში ჟურნალისტებისთვის კონფლიქტური მასალების გაშუქების საკითხების სწავლებას სისტემური ხასიათი არ აქვს.

"საერთოდ ჩვენთვის კონფლიქტების გაშუქება დიდი ხნის განმავლობაში არ იყო აკადემიური საგანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას მუდმივად კონფლიქტებში ყოფნა გვიწევდა. ამის შემდეგ უნივერსიტეტებმა იფიქრეს, რომ კონფლიქტების გაშუქებას ახლდა ბევრი სირთულე და საჭირო იყო ჟურნალისტების ნაწილი მაინც მომზადებულიყო ამისათვის და დაიწყო ტრენინგები.

მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციას "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს" ჰქონდა არაჩვეულებრივი ტრენინგები ნიკ ნუჯენტთან, რომელიც "ბი-ბი-სის" თანამშრომელი იყო და ძალიან კარგად იცის ცხელ წერტილებში მუშაობის სპეციფიკა. რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფლიქტების გაშუქება საგნადაც შეიტანეს, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი არ აქვს, რომ ყველა ჟურნალისტმა იცოდეს, როგორ გააშუქოს კონფლიქტები, ამ შემთხვევაში კი ტერორიზმის თემა", - ამბობს ია ანთაძე.

კითხვაზე, რა როლი აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და რას აკეთებს პრევენციული ზომების მისაღებად, მედიაექსპერტი ამბობს, რომ "ყველა სახელმწიფოს აქვს ურთიერთობა ჟურნალისტებთან, როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება, მაგრამ ამას მაინც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს".

"მთელ მსოფლიოში ამაზე მიდის ბრძოლა. სახელმწიფო რაღაცას რომ გირჩევს შენ, ჟურნალისტმა, რა უნდა გაითვალისწინო და რა - არა. არის მედიაგამოცემები, რომლებიც ითვალისწინებენ და არის მედიაგამოცემები, რომლებიც არ ითვალისწინებენ, ამას ვერავის დაავალდებულებ. რა თქმა უნდა, შეიძლება მედიასაშუალებებთან იყოს შეხვედრები და გარკვეული რეკომენდაციები, რა ჯობია უშიშროების მხრივ, რომ მედიამ გააკეთოს.

მაგალითად, საზღვარგარეთ კონფლიქტური სიტუაციის დროს, სახელმწიფოს თავი ვალდებულად მიაჩნია, შეხვდეს რედაქტორებს, აუხსნას სიტუაცია და მისცეს რეკომენდაციები. სხვათა შორის შემდეგ, ძალიან ავტორიტეტული მედიასაშუალებები ამ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს და ამბობენ, რომ ვერ დაგვისაბუთეს სათანადოდო. როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება, ამ დროს სახელმწიფო მედიასაშუალებების მიმართ გარკვეულ რეკომენდაციას იძლევა", - ამბობს ია ანთაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია