როგორ მოახერხა უსინათლო გიორგიმ და სმენადაქვეითებულმა მეგიმ შოუს მომზადება, რომელმაც ყოველგვარი რეკორდი მოხსნა

როგორ მოახერხა უსინათლო გიორგიმ და სმენადაქვეითებულმა მეგიმ შოუს მომზადება, რომელმაც ყოველგვარი რეკორდი მოხსნა

პროექტ "ნიჭიერში" სხვადასხვა უნარისა და შესაძლებლობის მქონე არაერთი ადამიანი გამოსულა. მაგრამ ისეთი საოცარი ტანდემი, როგორიც გიორგი გიგაურმა და მეგი მიშველიძემ შექმნეს, შოუში პირველად გამოჩნდა.

უსინათლო გიორგიმ და სმენადაქვეითებულმა მეგიმ მშვენიერი საცეკვაო ნომერი წარმოადგინეს ისე, რომ არც კი იგრძნობოდა, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა აქვთ.

გიორგი გიგაური:

- ბავშვობიდან უსინათლო ვარ, მხედველობის პრობლემით დავიბადე, დაავადება (კატარაქტა), რომელიც თავიდანვე აღმომაჩნდა, პროგრესული აღმოჩნდა და ის უმნიშვნელო პროცენტიც კი, რომელიც მქონდა, დამაკლდა და საბოლოოდ მხედველობა დავკარგე.

- საერთოდ ვერაფერს ხედავ?

- მხოლოდ სუსტ ჩრდილებს...

- მიუხედავად ამისა, ეს შენს ნომერს არ ეტყობოდა. დიდი ხანია, რაც ცეკვავ?

- ერთი წელია, რაც სამეჯლისო ცეკვებში ვვარჯიშობ. ასევე დავდივარ ანსამბლ "კრწანისში", გიორგი ბასილაშვილის ანსამბლშიც ვარ, ვმღერი, ვუკრავ ფანდურზე. ფორტეპიანოზე შვიდწლედი მაქვს დამთავრებული...

ძალიან მიყვარს ფეხბურთიც და უსინათლოთა ფეხბურთს ვთამაშობ, ამით სერიოზულად ვარ გატაცებული. გერმანიაში ჩემპიონატზეც ვიყავი.

- თურმე რამდენ რამეს აკეთებ, გამაოცე.

- ვცდილობ (იცინის). საკმაოდ ბევრია ამ სპორტით დაინტერესებული და თამაშობს, მოედანზე, ბურთის ხმაურის მიხედვით ვმოძრაობთ, ანუ ის ხმას (წკრიალებს) რა მიმართულებითაც გამოსცემს, იქით მივყვებით. ამ სპორტის შესახებ ინტერნეტში უამრავი მასალაა...

- ინტერნეტის და კომპიუტერის მომხმარებელი ხარ?

- კი, რა თქმა უნდა. არსებობს უსინათლოთა სპეციალური პროგრამა, რომლითაც აქტიურად ვსარგებლობ. ეს პროგრამა მობილურ ტელეფონსაც აქვს.

- სად სწავლობ?

- უსინათლოთა სპეციალიზირებული 202-ე სკოლა ახლა დავამთავრე და სწავლის გაგრძელებას კომპიუტერის განხრით ვაპირებ. პროგრამირებაზე მინდა, რომ ჩავაბარო.

- გადაადგილებაში ვინ გეხმარება?

- გზას, სადაც ხშირად ვმოძრაობ, მიჩვეული ვარ და შეიძლება მარტოც მივიდე, თუ უცხო ადგილია, მეგობრები, ძმაკაცები მეხმარებიან...

- დედმამიშვილი თუ გყავს?

- არა, დედისერთა ვარ.

- რატომ აირჩიე მაინცდამაინც სამეჯლისო ცეკვა?

- ანსამბლში ახლა უკვე ჩვენი ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი კახა მოვიდა, რამდენიმე ადამიანი შეგვარჩია. მერე სურვილი ჰქონდა, რომ მე და მეგის ასეთი ნომერი მოგვემზადებინა.

- მეგი - შენი პარტნიორი სად გაიცანი?

- კახამ გამაცნო.

- მასთან როგორ ურთიერთობ, მეგის ხომ ყურ აკლია...

- ქორეოგრაფი და გვერდით მყოფები გვეხმარებიან. ისე, ძირითადად კომპიუტერისა და ინტერნეტის დახმარებით, მესიჯებით ვურთიერთობთ.

- მეგის მუსიკა, რითმი არ ესმის, შენ ვერ ხედავ, - სინქრონულად როგორ ცეკვავთ?

- მეგი მე მიყურებს, მე კიდევ მუსიკას მივყვები. ის მხედველობით მეხმარება, მე - სმენით.

- გარშემო ყველაზე მეტად რა გაბრაზებს?

- (იცინის) ადვილად არ ვბრაზდები.

- საოცრად აქტიური და ინტეგრირებული ადამიანი ხარ. გარემო, რომელშიც ცხოვრობ, შენნაირი ადამიანისთვის რამდენად შესაფერისია?

- უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ გარემო არ არის ჩვენთვის ინტეგრირებული და უამრავი პრობლემაა. კორეაშიც ვარ ნამყოფი, გერმანიაში, საბერძნეთშიც და გზები, გადასასვლელები ისეა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გაკეთებული, რომ შეუძლებელია, რაიმე ხიფათი შეგემთხვეს. რეზინის კიბეებია, რომ დაეჯახო კიდეც, ზემოთ იწევს და არაფერს იტკენ. აქ იმდენი რკინაა, რომ... მოკლედ, საქართველოში ამ მიმართულებით ბევრი რამ გათვალისწინებული საერთოდ რა არის.

- შენ და მეგი შეყვარებულები ხომ არ ხართ?

- არა, მას ჰყავს შეყვარებული, მე - არა (იცინის).

- შემდეგ ტურში რა ნომერი უნდა წარმოადგინოთ?

- არ გეტყვით, რას ვიცეკვებთ, სიურპრიზი რომ იყოს, თუმცა სერიოზულად ვემზადებით.

იხილეთ ვიდეო

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია