აუცილებელი ინფორმაცია მათთვის, ვინც საქართველოდან საზღვარგარეთ მუშაობას აპირებს

აუცილებელი ინფორმაცია მათთვის, ვინც საქართველოდან საზღვარგარეთ მუშაობას აპირებს

დღეს დასაქმების ბაზარზე ბევრი სააგენტო თუ კომპანიაა, რომელიც სამუშაოს მსურველს დასაქმებას საზღვარგარეთაც სთავაზობს, თუმცა იმის გარანტიას ვერავინ მოგვცემს, რომ საზღვარგარეთ წასულს ზუსტად ის პირობები და ის სამსახური გვექნება, რასაც სააგენტო დაგვპირდება. ამ კუთხით დასაქმების მსურველის უფლებები არ არის დაცული და შეიძლება უნებლიედ, საქართველოდან წასული მოქალაქე სულაც არ აღმოჩნდეს იმ ადგილას და იმ პოზიციაზე, რაც სააგენტომ შესთავაზა.

საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლების დასაცავად ახალი რეგულაციები ამოქმედდა - კონკრეტულად რას გულისხმობს ახალი რეგულაციები, რა გახდა მიზეზი ამ რეგულაციების ამოქმედების და რამდენად დაიცავს ახალი რეგულაციები საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეების უფლებებს - ამ თემაზე AMBEBI.GE საჯარო რეესტრის იურისტს, თამარ წიკლაურს ესაუბრა.

-"შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში, "მეწარმეთა შესახებ" კანონსა და "საჯარო რეესტრის" შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან. აღიშნული ცვლილებები ითვალისწინებს ახალი რეგულაციების ამოქმედებას საქართველოს იმ მოქალაქეების შრომითი უფლებების დასაცავად, რომლებიც სამუშაოდ საზღვარგარეთ არიან წასულები.

ახალი რეგულაციების თანახმად, მეწარმე-სუბიექტები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დასაქმებას ან დასაქმებაში დახმარებას სთავაზობენ, ვალდებულები არიან, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისას აუცილებლად მიუთითონ თავიანთი საქმიანობის ეს სფერო. იმ კომპანიებმა კი, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დასაქმების კუთხით, საჯარო რეესტრს 2016 წლის პირველ მაისამდე უნდა მიმართონ და საკუთარი საქმიანობა სამეწარმეო რეესტრში დააფიქსირონ. იგივე ვალდებულება ეკისრებათ უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალებსაც, რომლებიც უცხოელებს საქართველოში დასაქმებას სთავაზობენ.

- რა გახდა ამის მიზეზი, ის ხომ არა, რომ მოქალაქე იყოს უფრო დაცული, როცა გადაწყვეტს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას ამ გზით?

- დიახ, ახალი რეგულაციების ამოქმედების შედეგად, იმ მოქალაქეების შრომა, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშოდ ამ გზებით გადაწყვეტენ წასვლას, რისკებისგან მეტად დაცული იქნება.

ამას გარდა, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, დაარეგულიროს საქართველოს მოქალაქის თუ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის შრომითი საქმიანობა უცხოეთში, დაიცვას მათი უფლებები და ინტერესები. კანონი მოაწესრიგებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის პროცესს და ასევე საქართველოში უცხოელთა მუშაობასაც, შეამცირებს უცხოეთიდან არაკვალიფიციური მუშა-ხელის შემოდინების რისკს და ხელს შეუწყობს ქართულ შრომით ბაზარზე ადგილობრივი პერსონალის უფლებების დაცვას.

შრომითი მიგრაციის სფეროს მოწესრიგებას საქართველოში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებებიც ითვალისწინებს.

- უკვე რამდენი ორგანიზაცია დარეგისტრირდა, ვინც ამ საქმიანობას ეწევა და ქართველებს საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარება?

- 1 ნოემბრიდან დღემდე დარეგისტირებულია 41 ორგანიზაცია.

- ეს რეგულაციები რაიმე სახის ჯარიმას თუ ითვალისწინებს?

- ამ მოთხოვნის შეუსრულებლობების შემთხვევაში კანონი ადმინისტრაციულ სახდელს ითვალისწინებს. რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,  ჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია