78 წლის ბებო 2 კვირაზე მეტია შიმშილობს - რატომ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას ციალა ჯოჯუამ

78 წლის ბებო 2 კვირაზე მეტია შიმშილობს - რატომ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას ციალა ჯოჯუამ

2 კვირაზე მეტია ზუგდიდის გამგეობასთან 78 წლის ციალა ჯოჯუა შიმშილობს. ის გამგეობის წინ დადგმულ საწოლში, ღია ცის ქვეშ წევს. რატომ აირჩია პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა, ამაზე კომენტარი მის შვილს, ლალი ცირდავას ვთხოვეთ:

- დედაჩემი 19 დღე შიმშილობდა, მერე სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მოინახულა და სთხოვა, რომ შეეწყვიტა შიმშილი, რადგან დედა ასაკოვანია და შიმშილობა ძალიან ცუდად იმოქმედებდა მასზე. დედას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, შეიძლება ითქვას, მძიმე ავადმყოფია, მაგრამ მაინც არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას, ვიდრე საკუთარ სიმართლეს არ დაადგენს.

- რატომ გადაწყვიტა დედათქვენმა რომ პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართა?

- ჩვენ მოტყუებით, თაღლითური გზით წაგვართვეს ბინა საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარემ და გამგეობის ააიპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა. საბუთებზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი დედაჩემს და საბოლოოდ, ჩვენი ბინა მიითვისეს. მათ ისე გააკეთეს, რომ თითქოსდა ბინა იყო ავარიული და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, სინამვილეში კი ბინა არ იყო ავარიული, მეტსაც გეტყვით, მერე, როცა უკვე უკანონოდ მითვისებულ ბინაში ვიღაცები შეასახლეს, იმ კორპუსში ბინების რემონტი გააკეთეს და მხოლოდ სამი ბინა იყო ისეთი, რომელსაც შეკეთება არ დასჭირდა, მათ შორის მოხვდა ჩვენი ბინაც.

- როცა ხელს აწერინებდნენ, სანაცვლოდ რას დაპირდნენ?

- საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარემ ხელი მოაწერინა საბუთზე, რომელზეც უთხრა, რომ ბინის გადაფორმების დოკუმენტაციააო. სინამდვილეში კი, ამ საბუთით, დედაჩემს ბინა სახელმწიფოსთვის ჩაუბარებია. ბინა საკონსერვო ქარხნის მუშების იყო და იქ ვცხოვრობთ კომუნისტების დროიდან. დედა იმ ბინაში საბუთზე ხელის მოწერის მერეც ცხოვრობდა და ეს ფაქტი მხოლოდ მაშინ გამოაშკარავდა, როცა ვიღაც გოგო შეასახლეს იქ. ეს ამხანაგობის თავმჯდომარე ძალიან გაქექილი ქალია, ზუგდიდში ლაპარაკობენ, ასაკოვან ქალბატონებს ატყუებსო, ერთ მარტოხელა ქალსაც გაუკეთა მსგავსი და ახლა მისი მეურვეა და უვლისო. მას მერე, რაც დედაჩემის ბინაში ვიღაც შეასახლეს, დედა გამოვიდა და წევს ქუჩაში, რათა ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს და სიმართლე გაირკვეს. ჩვენ გვქონდა კოოპერატივის მიერ დაფუძნებულ ამხანაგობის მიერ აშენებულ კორპუსში ბინა, რომელიც ჩვენმა ახლობელმა გაყიდა. ჩვენზე ამბობენ, ეგენი აფერისტები არიან, ბინა გაყიდეს და ახლა სხვა ბინა მოუნდათო, ჩემი კუთვნილი ნივთი რომ გავყიდო, აფერისტობაა?!

- ვინმე თუ გეხმიანებათ და გაქცევთ ყურადღებას?

- ჩვენ არავისი სამათხოვრო არ გვჭირს. იყო ხალხი მოსული, ზოგს საკვები მოაქვს, ზოგს ფული, მაგრამ ყველას მადლობით ვისტუმრებთ, რადგან არ გვინდა ვინმე შევაწუხოთ, თანაც ნამდვილად არ გვიჭირს ისე, რომ ვინმე შეწუხდეს. უბრალოდ, გვინდა სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი კუთვნილი დაგვიბრუნონ.

- პოლიციაში თუ შეიტანეთ სარჩელი?

- კი პოლიციამ დამკითხა უკვე და საქმეც აღძრულია. იმედია გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და სიმართლე იზეიმებს.

AMBEBI.GE-მ მეორე მხარის მოსაზრებებიც მოისმინა.

ციცო მამარდაშვილი, საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარე:

- არავითარი შეხება არ მქონია მათ ბინასთან. ლალი ცირდავა რასაც ამბობს, არის სრული სიცრუე. მე კი ვიყავი ამხანაგობის თავმჯდომარე, მაგრამ ბინის განკარგვის უფლებას მე ვინ მომცემდა?! მე მხოლოდ ამათ უფლებებს ვიცავდი, ეს იყო და ეს.

- ბინის განკარგვის უფლება არ გქონდათ, მაგრამ ლალი ცირდავას განცხადებით, თქვენ საბუთებზე მოტყუებით მოაწერინეთ ხელი ციალა ჯოჯუას...

- 13 წელის აქ არ იყო ლალი, დედამისი ამბობდა ლალი ჩამომსვლელი არააო. ახლა მოუნდა ბრალდებების დაყენება?! ლალის ნახევარი წლის წინ ხომ მივეცით ბინა და რატომ გაყიდა?! თუმცა ამას თავი დავანებოთ, იმ ბინაზე, რაზეც დავობენ, არსებობდა ბრძანება, რომ თუ დატოვებდნენ, მიიღებდნენ სხვა ბინას და მიიღო კიდეც. სხვათაშორის, ისიც არ ვიცი, ვინც ცხოვრობს მათ ბინაში. მე ასაკი არ მიწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ვუჩივლებდი ცილისწამების გამო.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია