"ქალი უნდა გააუპატიურო, აბა რა უნდა უქნა!"©ტაქსის მძღოლი" - სტიგმატიზაცია თუ სოლიდარობის კამპანია ძალადობის მსხვერპლთა მიმართ

"ქალი უნდა გააუპატიურო, აბა რა უნდა უქნა!"©ტაქსის მძღოლი" - სტიგმატიზაცია თუ სოლიდარობის კამპანია ძალადობის მსხვერპლთა მიმართ

25 ნოემბერს დაწყებულ 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, საქართველოც შეუერთდა. კამპანიის ავტორები ამბობენ, რომ მიზნად ისახავენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას.

16-დღიან აქციაში ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ონლაინ-კამპანიით ჩაერთო. ორგანიზაციის წარმომადგენელი მაგდა კალანდაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ გენდერული ძალადობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა.

"ის, რომ ძალადობა არის ყველგან, ყოველთვის, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ცხადია. ჩვენ წამოვიწყეთ 16-დღიანი ონლიან-კამპანია, რომლის ფარგლებშიც თითოეული დღე ძალადობის სხვადასხვა ფორმას ეძღვნება, ყველა იმ თემას განვიხილავთ, რაზეც შეიძლება წიხლი დაგაჭირონ. რითაც შეიძლება, რომ ჩვენზე იძალადონ, იქნება ეს ჩვენი რეპროდუქციული უფლებების დარღვევა, ქალის განვითარებისა თუ ობიექტივიზაციისათვის ხელის შეშლა, ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობის ქეისები, ასევე როგორ აისახება გენდერულ ძალადობაში ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების კონკრეტული შემთხვევები. ნებისმიერი აქტივისტი სხვადასხვა ფორმით ერთვება ამ აქტივობაში. გვაქვს ფოტოკამპანია, სადაც გენდერული ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, სქესის განურჩევლად, დაფაზე ან ფურცელზე წერენ იმ ფრაზებს, რომლებსაც თვლიან მათზე ძალადობად და იღებენ ფოტოებს."

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის "ფეისბუქის" გვერდზე სხვადასხვა შინაარსობრივი წარწერის მქონე, რამდენიმე ფოტო აიტვირთა. ერთ-ერთი დისკრიმინაციული შინაარსის გამონათქვამის ავტორად ტაქსის მძღოლია მითითებულ, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ აღნიშნული ფაქტი სტიგმატიზაციის მცდელობად შეაფასეს. ეს შეკითხვა ორგანიზაციის წარმომადგენელსაც დავუსვით.

"ამ ფრაზას წერს ადამიანი, რომელზეც იძალადა ტაქსის მძღოლმა და აწერს ძალადობის ავტორს. საზოგადოება მას ეუბნება, რომ როგორც მსხვერპლმა, უნდა დამალოს და არ გაამხილოს მოძალადის შესახებ ინფორმაცია? გოგონამ თვითონ განმარტა, - დაძრული მანქანიდან რომ გადმოვუხტი, ბოდიში, სახელის კითხვა დამავიწყდაო. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი, ეს ჩვენს საზოგადოებაში იწვევს გაღიზიანებას და უკვე აღარ იციან, რა ფორმით მოახერხონ ამ აგრესიის შენიღბვა. სტიგმატიზაციას ახდენთ ტაქსის მძღოლებისო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ დიახაც, ტაქსის მძღოლები არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ ძალაუფლება ჩვენზე, როცა მათ მანქანაში ვუსხდებით. თუ ძალადობის ერთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა და გადარჩენილმა, ძალადობას თავდაღწეულმა ადამიანმა ეს სააშკარაოზე გამოიტანა, დასაგმობია? იქ არ წერია, რომ ყველა ტაქსის მძღოლი ასეთია. თუმცა, მე თუ ვარ ტრამვირებული, შეიძლება ყველა ტაქსის მძღოლი მოძალადედ აღვიქვა. არც ამას გამოვრიცხავ.

ქალთმოძულე, სექსისტი საზოგადოების მძაფრი კომენტარები არ მაინტერესებს. ეს სრულიად მოსალოდნელი ამბავი იყო, სხვა ფოტოებზეც ველოდი მსგავს გამოხმაურებას და ამაში ჩვენ მიერ ვინმეს დისკრიმინაციის მცდელობას ვერ ვხედავ. გასაგებია, მეც ძალიან ბევრ კარგ ტაქსის მძღოლს ვიცნობ, თუმცა ასევე ვიცი, რომ ბევრი მათგანი მოძალადეა. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მოძალადე შეიძლება იყოს ტაქსის მძღოლიც, მაღაზიის გამყიდველიც, მარკეტინგის მენეჯერიც, გენერალური დირექტორიც და ყველა, სწორედაც, ყველა მათგანი უნდა ვამხილოთ. თითოეული ფოტო ასახავს კონკრეტული ადამიანის გამოცდილებას. საქმე მარტივადაა, - ადამიანები იღებენ ხელში კალამს, ფურცელს და წერენ", - აღნიშნავს მაგდა კალანდაძე.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 10 დეკემბერს დასრულდება. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც უმრავლეს შემთხვევაში ქალის მიმართ, ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა, ხშირია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით უფლებების დარღვევის შემთხვევები.

იხილეთ კამპანიის მხარდამჭერი ფოტოები Facebook-გვერდიდან "16 დღე"

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

"ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის" - ბიძინა კულუმბეგოვი

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მამა დანიელი მეუფე  პეტრესგან სამ კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვს

ყველაზე მოთხოვნადი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამა საქართველოში