ქართველი მუსლიმები აჭარიდან - "საქართველოსთვის შევაკვდებით ყველას"

ქართველი მუსლიმები აჭარიდან - "საქართველოსთვის შევაკვდებით ყველას"

მიმდინარე საუკუნის დასაწყისიდან აჭარაში, კერძოდ, მაღალმთიან სოფლებში განსაკუთრებით გააქტიურდნენ უცხოელი რელიგიური ემისრები. აქტიურობამ პიკს 2010 წლისთვის მიაღწია, როდ­ესაც აჭარაში მეჩეთების, ჯამეების და მედრესეების რეკორდული რაოდენობა აშენდა.

რა ხდება მედრესეებში?!

ხულოელი ქეთევან ანთიძე ამბობს­, რომ ბოლო დროს ახალი ტენდენცია გაჩნდა:­ "ჩემმა ახლობელმა ხულოს ცენტრში სახლი გაყიდა. ეგონა, რომ მედ­რესეს მიჰყიდა. გადაფორმების დროს აღმოჩნდა, რომ ახალი მეპატრონე თურქეთის მოქალაქეა. ის კაცი პირადად არ გამოვიდა­ კონტაქტზე, მედრესეს ამოეფარა. არ უნდა დავეჭვდე, რატომ მოდის, რა ინტერესები აქვს ჩემს მიწაზე, რის თავშესაფრად იქცევა ის სახლი ამ უკუღმართ დროში?

თურქები ძალიან ბევრი ფულით მოდ­იან. არათუ­ მუსლიმურ სალოცა­ვებს და სასწავლებლებს აშენებენ­, აჭმევენ მშიერ ხალხს. მათი შვილ­ები სასწავლებლად მიჰყავთ,­ გაჭირვ­ებულ ოჯახსაც მეტი რა უნდა?!.

ხალხი მიტოვებული იყო და არის. სახელმწიფომ განსაკუთრებით უნდა იზრუნოს მთიანი აჭარის მოსახლეობის დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე. თუ ასე არ მოხდა, ჯერ ხალხს დავკარგავთ და შემდეგ მიწას. არ ვიცი, ჩვენს ბავშვებს თურქეთში რას ასწავლიან, მაგრამ ვიცი, აქ გახსნილ მედრესეებში რა ხდება - ეს ულიცენზიო სასწავლებლები მხოლოდ რელიგიური მიმართულებით მუშაობენ. აქ არ ასწავლიან საქართველოს ისტორიას, სამშობლოს სიყ­ვარულს, იმას, რომ აჭარა უძველესი საქართველოა. ზოგიერთ მედრესეში ყურანიდან ამოგლეჯილად, დამახინჯებული სურებით (თავები ყურანში) სიძულვილსაც კი ასწავლიან. არადა, აჭარელ მუსლიმს უყვარს ყველა ქართველი და საქართველო. ცოტა ხნის წინ მუსლიმების 600-კაციან ქორწილში ვიყავი, სადაც პატრიარქის სადღეგრძელო დალიეს, "ჩვენი პატრონიაო".

"მე მუსლიმი ვარ, მაგრამ ქართველი, ალაჰის მწამს, მაგრამ საქართველოს მიწა შეუფასებელია"

ფერიდე შუახნის ქალია. ხულოს რაიონის­ მცხოვრები. მუსლიმია. მისი მამა-პაპა ამ სჯულს მისდევდა და ქალიც მუჰამედს სცემს თაყვანს, თუმცა, ეს სულ არ უშლის ხელს, ქრისტიანი ქმარი ჰყავდეს და ქრისტიან შვილებს ზრდიდეს. ღმერთი ერთია, ვისაც რა უნდა, ის დაარქვას, მთავარია გწამდეს, რომ მოწყალეა, ამბობს ფერიდე. მას ეშინია ვინაობის­ დაკონკრეტების. იმიტომ კი არა, რომ მოლა ან ხოჯა შერისხავს, "ჩვენებური ბიჭები ტელევიზიით თავების დაჭრით რომ დაგვემუქრნენ, შევშინდი ჩემი შვილების და ქმრის გამოო."

"ჩემი უფროსი ბიჭის მეგობარი,­ ხელმოკლე ოჯახის შვილი, რამდენიმე წლის წინ თურქებმა სხვა ბავშვებთან ერთად წაიყვანეს სტამბოლში. იქ სწავლობდა რამდენიმე წელი. შეიცვალა - ჩაიკეტა, გაცივდა. დაბრუნდა და თითქოს ადგილს ვერ პოულობდა, ძველ მეგობრებთან ვერ ურთიერთობდა. მუსლიმებს ეჩხუბებოდა ხშირად. ისევ ჩემმა შვილმა იმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბიჭი ქრისტიანია, ეტყობა, ბავშვობის სიყვარულმა თავისი ქნა. ჩვილი რომ იყო, დედა ავად ჰყავდა­ და მე ვაწოვებდი ძუძუს. ეტყობა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ახდენდა გავლენას მასზე და გული გაუხსნა ჩემს ვაჟს. გაირკვა, რომ ჯერ კიდევ თურქეთში სწავლისას ინტერნეტით გააბეს მასთან ურთიერთობა ექსტრემისტული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ისინი­ უმღვრევდნენ ტვინს, ეუბნებოდნენ, რომ ქართველი მუსლიმები დამახინჯებულად ადიდებენ ალაჰს. ბევრი ფულის სანაცვლოდ სადღაც წასვლას და საბრძოლო რაზმში ჩაწერას სთავაზობდნენ. დიდი ძალისხმევა დასჭირდა სამეგობროს ამ ბიჭის გადასარჩენად. სხვებიც გადაარჩინეს, მაგრამ ასეთი ენთუზიასტების იმედზე არ უნდა იყოს სახელმწიფო. თურქეთში მიჰყავდათ და მიჰყავთ ისინი, ვინც ღარიბი ოჯახიდან არის და სწავლის ფულის გადახდა არ შეუძლია. რა მოხდება, საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა ითავონ მათი პატრონობა. ასე ხომ სახელმწიფო უამრავ საფრთხეს აირიდებს და ბავშვებსაც გადაარჩენს.

მე მუსლიმი ვარ, მაგრამ ქართველი, ალაჰის მწამს, მაგრამ საქართველოს მიწა შეუფასებელია ჩემთვის, რადგან ასე გამზარდეს შინ, სკოლაში. როგორ ფიქრობთ, თურქეთში ან სხვა მუსლიმანურ ქვეყნებში სასწავლებლად წაყვანილ ბავშვებს ასწავლიან, რომ საქართველო უნდა იყოს მათი საფიცარი?"

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია