ანტისანიტარია ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც მნახველს თავზარს სცემს - რას აკეთებს სახელმწიფო

ანტისანიტარია ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც მნახველს თავზარს სცემს - რას აკეთებს სახელმწიფო

რამდენიმე დღის წინ, ქართულ ფორუმზე გავრცელებულმა ფოტოებმა, რომელიც ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკაშია (ინფექციური საავადმყოფო) გადაღებული, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ რა მძიმე მდგომარეობაა თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, თუმცა ინფექციურში ეს მდგომარეობა ახალი არ არის და უკვე წლებია მოსახლეობა ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს განცხადებით, "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა", რომელიც სახელმწიფო კუთვნილებაში არ არის, 2015 წლის თებერვალში შემოწმების შემდეგ, გამოვლენილი დარღვევების გამო, დაჯარიმდა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. სააგენტოს ინფორმაციით, დაწესებულებას მიეცა ვადა გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად, რომლის გასვლის შემდეგ განხორციელდება განმეორებითი შემოწმება.

AMBEBI.GE დაინტერესდა, კონტროლდება თუ არა კერძო სამედიცინო დაწესებულებები, დარღვევის დროს დაწესებულია თუ არა ჯარიმა და ზოგადად, რა მდგომარეობაა ამ კუთხით, საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ხუციშვილს ვესაუბრეთ.

- რეგულირების სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია გახლავთ სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო, სანებართვო და ასევე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების შემოწმება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სამედიცინო დაწესებულება კერძოა თუ სახელმწიფო, მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა, ყველა სამედიცინო დაწესებულების კონტროლი ჩვენი ერთ-ერთი კომპეტენციაა.

- რამდენად ხშირად მოწმდება საავადმყოფოები?

- კანონმდებლობით გათვალისიწინებულია წელიწადში ერთხელ სამედიცინო დაწესებულებებში სანებართვო და სალიცენზიო-ტექნიკური პირობების შემოწმება. ამასთანავე, ეს კონტროლი რეგულირდება მთავრობის დადგენილებით და მინისტრის ნორმატიული აქტებით. კონტროლი წელიწადში ერთხელ ხორციელდება, თუმცა მინისტრს ნორმატიული აქტით განსაზღვრული აქვს შერჩევის კრიტერიუმები, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა დაწესებულებები და მოწმდება.

- დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმდება თუ არა დაწესებულება და განმეორების დროს რეგულაციები როგორია?

- დაწესებულებაში გამოვლენილი ნაკლოვანებების მიხედვით უკვე კანონმდებლობით არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, შესაბამისად, ფულადი ჯარიმა. როდესაც დარღვევებს გამოვავლენთ, ოქმი იწერება და ბარდება სასამართლოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაწესებულებას შესაბამისი ფულადი ჯარიმა ეკისრება. სანებართვო პირობების დარღვევისთვის კანონში მაქსიმუმ ათი ათასი ლარია გათვალისწინებული. დარღვევების სიმძიმის გათვალისწინებით ვადა ესაზღვრება დაწესებულებას გამოსწორებისთვის. კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ ვამოწმებთ და თუ ის პუნქტები, რაც პირველ შემთხვევაში იყო დარღვეული, არ გამოსწორდა, იწერება განმეორებითი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და ისიც სასამართლოს ბარდება.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია