ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 208 060 ტურისტი ეწვია

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 208 060 ტურისტი ეწვია

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 2015 წლის იანვრიდან 25 ნოემბრამდე 208 060 ტურისტი ეწვია. დამთვალიერებლებს შორის 148 658 უცხოელია, 42 537 ქართველი, ხოლო 16 865 სტუდენტი და მოსწავლე. გასულ წელთან შედარებით ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორების რიცხვმა მოიმატა, 2014 წელს ბაღს სულ 196 789 ვიზიტორი ჰყავდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის სოფიო ლაზიშვილის განცხადებით, ბოტანიკური ბაღი ბოლო წლებში ბათუმის ყველაზე ვიზიტირებადი ადგილების სამეულში ხვდება. მისივე თქმით, ბოტანიკურ ბაღს სარეკლამო კამპანიის წარმოებაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ეხმარება:

"ბათუმის ბოტანიკური ბაღი გამორჩეულია იმით, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე ვიზიტირებადი ადგილების სამეულში ხვდება, ქალაქში ჩამოსული სტუმრების უმეტესობა მიდის ბოტანიკურ ბაღში, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ის აქტივობები, რომლებიც კონკრეტული ობიექტების პოპულარიზაცისკენ არის მიმართული, ბოტანიკური ბაღის მიმართ კიდევ უფრო გააქტიურდება იმ მიზნობრივ ბაზრებზე, სადაც ჩვენ ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს", - აღნიშნა სოფიო ლაზიშვილმა.

103 წლის ისტორიის მქონე ბოტანიკური ბაღის სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ ბაღის სიმწვანის, მრავალფეროვნების, ადგილმდებარეობისა და ზღვის ხედების გამო:

"საუკეთესო ბოტანიკური ბაღი გაქვთ, პეტერბურგშიც არის ბოტანიკური ბაღი, მაგრამ ძალიან პატარაა. ძალიან მიყვარს ბუნება და ვფიქრობ ხვალაც მოვალ აქ", - განაცხადა მარია პოპოვამ.

"10 წუთია რაც ბოტანიკურ ბაღში შემოვედი, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს რომ ძალიან ლამაზია. ვნახე ევკალიპტების ხეები და შევიგრძენი მათი სურნელი. ეს იყო საოცარი და ასევე ძალიან მომწონს ხედები, რომელიც აქედან იშლება. მხოლოდ სამი დღით საქმიანი ვიზიტით ჩამოვედი გერმანიიდან. წინაწსარ ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია თუ რისი ნახვა შეიძლებოდა თავისუფალ დროს ბათუმში. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ბოტანიკურ ბაღზე გავაკეთე არჩევანი", - აღნიშნა იენს ოსამანიმ.

ბაღს ხშირად შეყვარებული წყვილები სტუმრობენ, რომლებიც შემდგომ ქორწილის დღეს სარიტუალო ცერემონიისა და ფოტოსესიისთვისაც მოდიან აქ. ბაღში ტრადიციული ღონისძიება ხილის გამოფენა, ეწყობა. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბაღის ეგზოტური და საკვებად ვარგისი 30-მდე სახეობის ციტრუსი და 25 სახეობის ხილ-კენკროვნები. გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ როგორც ნედლეული ასევე, მისგან დამზადებული პროდუქცია.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის თაზო დარჩიძის თქმით, შემოდგომაზე მოყვავილე კოლექციები დამთვალიერებლებს ხიბლავს:

"ბაღი შემოდგომაზეც ისევე საინტერესო და გამორჩეულია პეიზაჟებით, ლანდშაფტით და მცენარეებით, როგორც სხვა სეზონზე. ბუნებრივია, ფერთა მრავალფეროვნებაა, შემოდგომაზე მოყვავილე ეგზემპლარები ბაღში და კოლექციის მრავალფეროვნება იზიდავს დამთვალიერებელს. მით უმეტეს, წელს მზიანი ამინდებია და ამ პერიოდში ბაღს ძალიან ბევრი შეყვარებული და ახალდაქორწინებული წყვილები ფოტოსესიისთვის სტუმრობენ. რომანტიული გარემოა და ჩვენ სულ ველით დამთვალიერებლებს, შემოდგომის ლამაზ სეზონზეც და ზამთარშიც", - აღნიშნა თაზო დარჩიძემ.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 2 000-ზე მეტი სახეობის მცენარეა. მთავარი მარშრუტი 9 ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებას მოიცავს. ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს შეუძლიათ ესტუმრონ სამხრეთ-ამერიკის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, მექსიკის, ჩრდილო-ამერიკისა და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებებს.

AMBEBI.GE

ნინო ხოზრევანიძე

ბათუმი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია