რა უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე საძინებლის მოწყობისას

რა უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე საძინებლის მოწყობისას

ადრეულ შუა საუკუნეებში ყველას ერთ დიდ ოთახში ეძინა. ეს ოთახი მისაღების, სამზარეულოსა და საძინებლის როლს ერთდროულად ასრულებდა. მოსამსახურეები იქვე, ბატონების გვერდით წვებოდნენ, რათა ნებისმიერ წამს შესძლებოდათ გაცემული ბრძანების შესრულება.

ძილისთვის განკუთვნილი ოთახები პირველად ევროპაში, სამეფო კარზე გამოჩნდა. ლუდოვიკო მეთოთხმეტეს ეკუთვნოდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საძინებელი. საძინებელის ინტერიერი მეფის ძალაუფლებას ხაზს უსვამდა. ის სასახლის შუაგულში იყო განთავსებული. მეფის გაღვიძება ყოველდღიურ რიტუალს წარმოადგენდა, მასთან აუდიენცია სწორედ მის საწოლთან ხდებოდა. მეფის შემდეგ, არისტოკრატებმა, არისტოკრატების კვალდაკვალ კი საშუალო ფენის წარმომადგენლებმა გადმოიღეს საძინებელი ოთახის ქონის კულტურა.

საუკუნეებთან ერთად იცვლებოდა საძინებლის დანიშნულება და ინტერიერი. დღეს, 21-ე საუკუნის რიტმიდან გამომდინარე, ის წარმოადგენს ოთახს, სადაც ადამიანი ისვენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია საძინებელი ოთახის სწორად მოწყობა, რათა უზრუნველყოთ თქვენი მშვიდი და წყნარი ძილი.

პასტელური და ღია ფერები - ეს არის ტენდენცია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საძინებელ ოთახებს ახასიათებთ. ღია ფერები არა მხოლოდ ვიზუალურად ზრდის თქვენი ოთახის სივრცეს, არამედ ადამიანის დადებით განწყობაზე მოქმედებს და ამშვიდებს მას.

მნიშვნელოვანია სინათლე, რომელიც ფანჯრიდან შემოდის. პომპეზური ჭაღის ჩამოკიდება ლოგინის თავზე აუცილებელი არ არის. უმჯობესია, ოთახი ზონებად ბრისა და ტორშერების საშუალებით დაყოთ. მათი განთავსება შესაძლებელია საწოლის თავთან, სარკესთან.

საძინებელ ოთახში ყველაზე მნიშვნელოვანი საწოლია. ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ მის არჩევას უნდა დაუთმოთ. პირველ რიგში საწოლი უნდა იყოს გამძლე. მის გამძლეობას საწოლში ფიქსირებული ფიცრები უზრუნველყოფს. ”ეს ფიცრები შეიძლება იყოს ე.წ. დეესპე ან ”ნეკნების კონსტრუქცია” ანუ ორთოპედიული ხის მექანიზმი, რომელიც ორთოპედიული მატრასის გაგრძელებაა. ის არა მხოლოდ საწოლის გამძლეობას, არამედ ადამიანის მშვიდ ძილსა და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს”, - აღნიშნავს EMBAWOOD-ის დიზაინერი ნინო მჭედლიშვილი.

შუა საუკუნეებში მატრასების შიგნით თივას ათავსებდნენ, შემდეგ ბუმბულს. ასეთი მატრასი ძვირად ფასობდა. დღეს არსებობს სტანდარტული, ორთოპედიული და ანატომიური ტიპის მატრასები, რომლებიც ჩვენს მაღაზიებში იყიდება. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ადამიანის სხეულის წონის თანაბარ განაწილებას მატრასზე და სხეულის ანატომიურ ფორმებს იმეორებს.

ვიზუალურად საწოლი შეიძლება იყოს რკინის, რბილი ან ხის. ჩვენთან საუბარში EMBAWOOD-ის დიზაინერი აღნიშნავს, რომ ბოლო ტენდენციების თანახმად, მოდაში რბილი თავის მქონე საწოლებია. ასეთი საწოლი კითხვის დროსაც მოსახერხებელია, რბილად მიყრდნობის საშუალებას იძლევა.

აქტუალურია ერთ ფერში გადაწყვეტილი თეთრეული. უპირატესობა თეთრ და ღია ფერის ნაჭრებს მიანიჭეთ.

ბოლო დროს, გარდერობის ოთახის ცალკე მოწყობის ტენდენცია წამოვიდა. ეს საშუალებას იძლევა, არ გადავტვირთოთ საძინებელი ოთახი ზედმეტი ავეჯით. ვისაც დამატებითი ფართი არ აქვს მსგავსი ოთახის მოსაწყობად, კომოდის ყიდვისას მისი თავსებადობა უნდა გაითვალისწინოს. კარადაში უნდა იყოს საკიდები, თაროები და უჯრები.

თქვენი საძინებელი ოთახი უნდა იყოს მყუდრო და დასვენებისკენ განგაწყობდეთ. იყიდეთ სურნელოვანი სანთლები, საინტერესო აქსესუარები, ეს ყველაფერი არა მხოლოდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, არამედ თქვენი საძინებელი ოთახის ინტერიერსაც საინტერესოს გახდის.

ძილში ადამიანი თავისი ცხოვრების მესამედს ხარჯავს. ამიტომ ოთახი, რომელშიც ჩვენ ვიძინებთ და ვიღვიძებთ, ყველაზე მთავარია სახლში და მის მოწყობას გულდასმით უნდა მივუდგეთ.

ეკა მელიქიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია